ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან„ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ 2018 წლის სარჩელზე ადამიანის უფლებათა დარღვევები დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა, რომ 2009 წლიდან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის დროს ადგილი ჰქონდა სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის უფლების, თავისუფლების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, საკუთრების დაცვის უფლების, განათლებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევებს.  

საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 22 აგვისტოს მიმართა, სადაც ამტკიცებდა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის შემდეგ, ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეების უკანონო დაკავების შემთხვევები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს კვეთენ, ასევე მათი არასათანადო მოპყრობა და მკვლელობაც კი. საქართველო ასევე აცხადებდა, რომ ეს პროცესი იწვევს საარსებო წყაროს დაკარგვას, ოჯახების დანგრევას და ქართულ ენაზე განათლების მიღების შეფერხებას.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს საჩივრები ადამიანის უფლებათა დარღვევის „ადმინისტრაციული პრაქტიკის“ კონცეფციას მიეკუთვნება, რაც გულისხმობს „კონვენციასთან შეუთავსებელი ქმედებების განმეორებას“ და სახელმწიფოს მიერ „ოფიციალური ტოლერანტობის“ ელემენტს. რუსულმა მხარემ, რომელიც არ არის ევროპული კონვენციის მხარე, საქმე არ გაასაჩივრა.

სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), კონვენციის პირველი ოქმის პირველი (საკუთრების უფლება) და მე-2 მუხლის (განათლების უფლება), მე-4 ოქმის მე-2 მუხლის (გადაადგილების თავისუფლება) დარღვევას.

„სასამართლომ დაადგინა, რომ მას გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ინფორმაცია და საერთაშორისო მასალები, გონივრული ეჭვის მიღმა დასკვნის გასაკეთებლად, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო ერთეული შემთხვევები, არამედ მათი რაოდენობა საკმარისი იყო იმისთვის, რომ წარმოადგენდეს დარღვევების მთლიან სისტემას. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტური გამოძიების აშკარა არარსებობა და ზომების ზოგადი გამოყენება ყველა პირის მიმართ ადასტურებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ტოლერანტული იყო ასეთი პრაქტიკის მიმართ“, – აცხადებს სტრასბურგის სასამართლო.

სტრასბურგის სასამართლოში ასევე წარდგენილია კიდევ სამი განაცხადი  საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ და დაახლოებით 200 ინდივიდუალური განაცხადი საქართველოს, რუსეთის ან ორივეს წინააღმდეგ, რომლებიც 2008 წლის ომს ან შემდგომ „ბორდერიზაციის“ პროცესს უკავშირდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button