პაველ ჰერჩინსკი: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ევროკომისიის დადებით შეფასებას ‘ძალიან გაართულებს’
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ „დრო იწურება“ და საქართველომ „რაც შეიძლება სწრაფად“ უნდა განახორციელოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ცხრავე ნაბიჯი. ელჩმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ „ეს კანონი უბრალოდ არ არის კარგი“. მისი თქმით, „ეს არ არის ევროპული კანონი, ეს არ არის ამერიკული კანონი“ და ის „შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან“.
11 აპრილს არასამთავრობო ორგანიზაციების ღონისძიების ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ დადებითი იქნება თუ უარყოფითი „მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და მტკიცედ განხორციელდება ცხრა ნაბიჯი საქართველოში“.
ელჩმა ჰერჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის შემდეგი გაფართოება შეეხოს, რეფორმების განხორციელება აუცილებელია. „ეს ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია“, – განაცხადა ელჩმა და იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები რეფორმების წინსვლას არ შეაფერხებს.
მან ასევე განაცხადა, რომ „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღება „ძალიან გაურთულებს ევროკომისიას პოზიტიური შეფასების გაკეთებას…“ „მე ასევე მესმის, რომ არსებობს სხვა გზები გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად და ჩვენ ყველანი ვემხრობით გამჭვირვალობას. მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს საკეთილდღეოდ ახორციელებენ“.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ევროკავშირმა „ისტორიული გადაწყვეტილება“ მიიღო, როდესაც გამოთქვა მზადყოფნა, რომ კარი გაუღოს საქართველოს, როგორც სრულუფლებიან წევრს. „გულწრფელად ვიმედოვნებ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, რომ საქართველო კვლავ გახდება ლიდერი და რომ საქართველო იქნება მომავალი გაფართოების ნაწილი“, – განაცხადა ელჩმა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)