ახალი ამბები

COSAC-ი საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მუშაობისკენ მოუწოდებს

ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC) ბრიუსელში 24-26 მარტს გამართულ 71-ე პლენალური სესიაზე მიღებულ დასკვნით დოკუმენტში მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მუშაობისკენ მოუწოდებს.

COSAC-ი მოუწოდებს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს „ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმების განხორციელებისკენ მიმართული ძალისხმევა, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად“.

COSAC-ის პლენარული სესიები წელიწადში ორჯერ იმართება, სადაც ეროვნული პარლამენტებისა და ევროპარლამენტის წევრები იკრიბებიან, რათა ევროკავშირის აქტუალური თემები და ევროკავშირში ეროვნული პარლამენტების როლთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ. COSAC- შეუძლია მიიღოს დასკვნები და დოკუმენტები, რომლებიც ეროვნული პარლამენტებისთვის შესასრულებლად სავალდებულო არაა. დამკვირვებლის სახით მონაწილეობა ასევე შეუძლიათ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებსაც.

დასკვნით დოკუმენტში COSAC-ი „გამოხატავს მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმართ, რომელიც ეფუძნება გაფართოების პროცესისთვის საჭირო პირობების შესრულებას, ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პაკეტის შესაბამისად“.

COSAC კიდევ ერთხელ გამოხატავს „ურყევ მხარდაჭერას“ საქართველოს, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. „ამჟამად ვმუშაობთ ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 ნაბიჯზე და ვცდილობთ, რომ გავაგრძელოთ პოზიტიური დინამიკა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თანხვედრის კუთხით, მიუხედავად უსაფრთხოების იმ გამოწვევებისა, რაც რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციიდან გამომდინარე დგას ჩვენს წინაშე“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, კანდიდატ ქვეყნებს სჭირდება ინტეგრაციის ეფექტიანი მექანიზმები, იმისათვის, რომ დაჩქარდეს კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაცია ევროკავშირში.

„ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია, მაგრამ ამასთანავე კანდიდატ ქვეყნებს უნდა მიეცეთ თანაბარი შესაძლებლობები. გაწევრიანების მოლაპარაკებები ყველა კანდიდატ ქვეყანასთან დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მთლიანობაში, დასკვნითი დოკუმენტი ეხება 2019-2024 წლების საკანონმდებლო ხელისუფლებას, 2024-2029 წლების სტრატეგიულ დღის წესრიგს, სტრატეგიული ავტონომიის საკითხს, უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, გენდერულ პოლიტიკას და ქალებისა და მამაკაცების წარმომადგენლობას პარლამენტში, დემოკრატიის მომავალსა და კანონის უზენაესობას ევროპაში და საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button