ახალი ამბები

ცესკო-ს 2024 წლის სამოქმედო გეგმას ემიგრანტების ხმების იგნორირების გამო აკრიტიკებენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2024 წლის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. ცესკო-ს პრესრელიზის თანახმად, „2024 წლის სამოქმედო გეგმა საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიის გათვალისწინებით შემუშავდა“. სამოქმედო გეგმაში ემიგრანტების ხმების იგნორირების გამო დოკუმენტი ოპოზიციურმა პარტიებმა „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და „დროამ“ გააკრიტიკეს. ცოტა ხნის წინ ორმა პარტიამ კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ გამოაცხადა.  

სამოქმედო გეგმაში ასახული აქტივობების უმეტესობა მოიცავს ზომებს საარჩევნო პროცესის შესახებ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირების მიზნით. სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებს შორის ცესკოს პრესრელიზი ასახელებს „საზოგადოების ინფორმირებას და განათლებას, სამართალწარმოების პროცესის განვითარებას, მართვის ეფექტიანობის ზრდას, შესაძლებლობების განვითარებას, საარჩევნო ოპერაციების ჰარმონიზაციას საკანონმდებლო (ტექნოლოგიურ) სიახლეებთან და ტექნოლოგიების გამოყენებას საარჩევნო პროცესში“.  

პარტიებმა „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროამ“ 17 იანვარს სამოქმედო გეგმის საპასუხოდ განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ცესკოს ემიგრანტების ხმების იგნორირების გამო აკრიტიკებენ. „ცესკო ემიგრანტების სრულ იგნორირებას ახდენს. საარჩევნო ადმინისტრაციამ დაამტკიცა 2024 წლის სამოქმედო გეგმა, სადაც არათუ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობაზე არ წერია რამე, არამედ საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეები ერთხელ არის ნახსენები, ისიც ინფორმაციის გავრცელების ნაწილში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ცესკოს და ოცნების მიზანს – არჩევნების მიღმა დატოვოს და ხმის უფლება წაართვას მილიონზე მეტ საქართველოს მოქალაქეს“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის სამოქმედო გეგმაში „ცესკოს არ გამორჩა ისეთი საკითხები, როგორებიცაა: საინფორმაციო – სასწავლო ინტერნეტ თამაშის მოდიფიცირება და ცესკოს აპარატის თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „სამოქმედო გეგმაში ცალკე ამოცანად არის გამოტანილი ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რისთვისაც ცესკო აპირებს სამუშაო შეხვედრების გამართვას სახელმწიფო/ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან საარჩევნო უბნებისთვის შენობების გამოყოფის შესახებ, თუმცა არაფერია ნათქვამი საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაზე, რაც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის აუცილებელი“.

პარტიების თქმით, ცესკომ ემიგრანტების თემა 2024 წლის ბიუჯეტშიც არ გაითვალისწინა. ცესკო-ს განმარტებით, უცხოეთის ქვეყნებში საარჩევნო უბნების გახსნა საჭიროებს ადგილზე ჩართული პირების გადამზადებას და ამ მიზნით ცესკო-სთვის გაწერილი თანხა სავსებით არ შეესაბამება ამ მიზანს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ამომრჩევლის 1/3-ის არჩევნებში მონაწილეობის გარეშე 2024 წლის არჩევნები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად“. ოპოზიციური პარტიები მოუწოდებენ ცესკო-ს, რომ „ნაცვლად დესტრუქციისა და საბოტაჟისა, უზრუნველყავით მილიონზე მეტი ქართველის არჩევნებში მონაწილეობა და არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარება“.

2023 წლის 28 ნოემბერს პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ გამოაცხადეს კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ და მოუწოდეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მოითხოვონ საარჩევნო უბნების გახსნა ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულო არ არის. მათ სურთ ისარგებლონ საარჩევნო კოდექსის დებულებით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ყუთების გახსნას იმ ადგილებში, სადაც საქართველოს სულ მცირე ორმოცდაათი მოქალაქე ითხოვს ხმის მიცემას. 19 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ 42 ქალაქში საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, ხოლო სამ ქალაქში უკვე დასრულდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button