ახალი ამბები

ცესკო საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნის კამპანიას ეხმიანება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 19 ოქტომბერს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების შექმნასთან დაკავშირებულ ინიციატივას განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი ინიციატივა იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს. ცესკო-მ ასევე განაცხადა, რომ ის საარჩევნო უბნებს ქმნის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე. ამის საპასუხოდ, პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“, რომელთა ცოტა ხნის წინ კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ გამოაცხადეს, აღნიშნეს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები პეტიციებს უგზავნიან როგორც ცესკო-ს, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროს და კამპანიის გაგრძელებას ითხოვენ, რომლის მიზანიცაა დაეხმარონ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა.  

28 ნოემბერს პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ გამოაცხადეს კამპანია „საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში“ და მოუწოდეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, მოითხოვონ საარჩევნო უბნების გახსნა ქალაქებში, სადაც საქართველოს საკონსულო არ არის. 19 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე, პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, რომ საზღვარგარეთ 42 ქალაქში საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობს, ხოლო სამ ქალაქში უკვე დასრულდა.

ცესკო-ს განცხადება

ცესკო-ს თქმით, მიმდინარე მოწოდებებმა უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო და „საკითხის არასწორმა ინტერპრეტაციამ კი შესაძლოა დააზიანოს საარჩევნო გარემო და შეცდომაში შეიყვანოს ამომრჩევლები“.

მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია ორიენტირებულია არჩევნებში ამომრჩეველთა მაქსიმალური მონაწილეობა უზრუნველყოს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ, რასაც ადასტურებს ცესკო-ს საინფორმაციო კამპანიები.

თუმცა, ცესკო-მ ასევე აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ხსნის. ცესკო-ს თქმით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა შესაძლებელია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა და არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის.

ცესკო-მ ასევე განაცხადა, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკო-სთვის გადმოცემული მონაცემების საფუძველზე იმ ამომრჩეველთა შესახებ, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან. ასევე არსებობს ამომრჩეველთა სპეციალური სია, რომელიც მოიცავს იმ ამომრჩევლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზღვარგარეთ და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე, აგრეთვე ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ არიან რეგისტრირებული საზღვარგარეთ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-19 დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში.

„გვინდა მივმართოთ ყველა ჩართულ მხარეს, გაითვალისწინონ და დაიცვან საარჩევნო პროცედურები, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ შეიყვანენ ამომრჩევლებს შეცდომაში და ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.  

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „დროას“ პასუხი

20 დეკემბერს, პარტიები „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ცესკოს ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ და ხაზი გაუსვეს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ოფიციალური წერილით კიდევ ერთხელ, ხაზგასმით ადასტურებს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არანაკლებ 50 ამომრჩევლისთვის, ცესკო ვალდებულია გახსნას საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ და რომ ცესკო თავის ოფიციალურ განცხადებაში იყენებს ზუსტად იმავე სამართლებრივ ნორმას, რომელიც პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ მიერ არის გამოყენებული ემიგრანტების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

პარტიებმა ასევე აღნიშნეს, რომ მათთვის კამპანიის დაწყებიდანვე ცნობილია პროცესში საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის თაობაზე და რომ „სწორედ ამიტომ, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები მიმართვას აგზავნიან არა მხოლოდ ცესკოში, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროშიც“.

ოპოზიციური პარტიები სინანულს გამოთქვამენ იმის გამო, რომ მართალია ცესკო აღიარებს, რომ „მისი უშუალო პასუხისმგებლობაა ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა“, მისი ქმედებები „წინააღმდეგობაშია ორგანიზაციის მიერვე გაცხადებულ ამოცანასთან“. აღნიშნეს რა, რომ 5 დეკემბრიდან მოყოლებული, შესაძლებელი გახდა ქართველი ემიგრანტების მსოფლიოს 9 ქვეყნის 44 ქალაქში მობილიზება, „რაც მათ მაღალ მოტივაციაზე მეტყველებს“, პარტიები აცხადებენ, რომ „ამ ფონზე, გაურკვეველი რჩება, რატომ ვაწარმოებთ ამ კამპანიას ჩვენ და არა თავად ცესკო“.

„მეტი ენთუზიაზმითა და ენერგიით ვაგრძელებთ კამპანიას „საარჩევნო ყუთი თქვენს ქალაქში“ და ვთხოვთ ქართველ ემიგრანტებს მაქსიმალურ ჩართულობას“, – აცხადებენ პარტიები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button