მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

საცხოვრებელი კორპუსები საბჭოთა საქართველოში – ე.წ. კვიმსაძის პროექტი

ისტორიული კონტექსტი

გაზეთი “თბილისი” იყო საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთი, რომელიც გამოიცემოდა 1958 წლიდან და სოციალურ თემებზე ხშირად ამახვილებდა ყურადღებას.

საბჭოთა კავშირში მეტად საინტერესო საბინაო პოლიტიკა არსებობდა. მრავალბინიან კორპუსებს აშენებდა მხოლოდ სახელმწიფო (და თითქმის უფასოდ გასცემდა მას) და კოოპერატივები (ამხანაგობა, რომელიც საკუთარი სახსრებითა და სახელმწიფო თანადაფინანსებით აშენებდა კორპუსს).

თავის მხრივ, საცხოვრებელი კორპუსები ტიპური სერიის იყო, ანუ, კორპუსები მეორდებოდა, მისი ტიპების არჩევანის რაოდენობა კი ძალიან შეზღუდული იყო. მშენებლობა, თავდაპირველად, სტალინის პერიოდში ხდებოდა აგურით, შემდეგ ხრუშჩოვის პერიოდიდან დაიწყო ტიპიურ-პანელური სახლების მშენებლობა, 1970-იანი წლების ბოლოდან ამას დაემატა ე.წ. “ბეტონის კარკასის” სახლები, რკინაბეტონის კარკასითა და მსხვილი ბლოკის გამოყენებით. ბოლო ორი, პირდაპირ უკავშირდებოდა მშენებლობის პროცესის გაიფებასა და დაჩქარებას, ფაქტობრივად, ბინები ქარხანაში მზადდებოდა და ადგილზე იწყობოდა. აქედან გამომდინარე, უკვე წინასწარგანსაზღვრული იყო ოთახების განლაგება და ბინებში მათი ფუნქციები, მეორეს მხრივ, მსგავს პრაქტიკის უკან იდგა ბინის დაპროექტების მეცნიერული მიდგომები, რომლებიც დასავლეთ ევროპაშიც საკმაოდ გავრცელებული იყო იმდროს. არქიტექტორები ცდილობდნენ, შეზღუდულ პირობებში შეექმნათ მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებლები.

არქიტექტორის „კოშკები“

გაზეთი თბილისი 12.03.1975

თბილისის არქიტექტურულ პეიზაჟში სულ უფრო ხშირად ჩნდება ბეტონისა და მინის მრავალსართულიანი ვერტიკალები. ისინი აღიმართნენ ვაკესა და საბურთალოში, დიღომსა და გლდანში. ამ „კოშკების“ უმრავლესობას ერთი ავტორი ჰყავს – თბილისელი ხუროთმოძღვარი ვახტანგ კვიმსაძე.

მისი შემოქმედება ცნობილია ჩვენს რესპუბლიკაში და მის გარეთაც. ამ არქიტექტორის ორი პროექტი – 75-ბინიანი თვრამეტ სართულიანი სახლისა, რომელიც პირველი პრემიით აღინიშნა რესპუბლიკურ კონკურსზე და 95-ბინიანი 16 სართულიანი სექციური ტიპის სახლებისა. სსრკ კავშირის სახმშენთან არსებული სამოქალაქო მშენებლობისა და არქიტექტურის კომიტეტის მიერ რეკომენდირებულია როგორც ტიპობრივი პროექტები ქვეყნის სეისმური რაიონებისათვის. ისინი უკვე შეიძინეს ერევნის, ბაქოს, სოჭის, ყირიმის სამშენებლო ორგანიზაციებმა…

ეს სახლები არა მარტო მსუბუქი, თბილი და მზიანია, არამედ უფრო მოხერხებულიცაა საცხოვრებლად. მაგალითად, ავიღოთ ერთოთახიანი ბინა. თუმცა მას სტანდარტული კვადრატულობა აქვს, მაგრამ საძილე წალო, ლოჯია, დიდი სამსზარეულო-სასადილო, საკუჭნაოები პროდუქტების შესანახად, სარდაფი მას კომფორტულ ბინად აქცევენ. თუ დავუმატებთ თეთრეულის საშრობ განყოფილებას, საბანკეტო და სპორტულ დარბაზებს, მაშინ ადვილი წარმოსადგენია სავსებით თანამედროვე სახლი.

აი რა თქვა ვ.კვიმსაძემ თავისი ნამუშევრის შესახებ:

– ვცდილობდი ელემენტების მინიმალური რიცხვით შემექნმა მაქსიმალური კომფორტი, სახლები ეკონომიურია. მათ ასაშენებლად იხარჯება ნაკლები საშენი მასალები, ვიდრე ჩვეულებრივი მშენებლობის დროს.

– ითვალისწინებთ თუ არა პროექტებში ჩვეულებრივ ელემემენტებს?

– სერიულს, იმას რასაც მრეწველობა უშვებს. ანგარიში უნდა გაუწიოს რეალობას. ჩვენი სამშენებლო შესაძლებლობანი ჯერჯერობით შეზღუდულია.

– თქვენს სახლებში პრაქტიკულად არ არის არცერთი კვადრატული მეტრი თავისუფალი ფართობი, გამოიყენეთ შენობათა ბრტყელი გადახურვაც კი…

– ყოველ კვადრატული მეტრზე იხარჯება დიდძალი სახსრები, ამიტომ მიზანშეწონილია მას ფუნქციური დანიშნულება მივცეთ. მაგალითად, პროექტით სახლს აგვირგვინებდა მხოლოდ 160 სანტიმეტრი სიმაღლის ზედნაშენი. რა უნდა გვექნა? დავუმატეთ მინა და ზედმეტი ხარჯების გაუწევლათ მისი სიმაღლე გავზარდეთ 260 სატიმეტრამდე. ახლა აქ საბანკეტო და სპორტული დარბაზებია. რაც შეეხება სახურავს თბილისი მთიანი რელიეფის პირობებში „მეხუთე ფასადი“, როგორც ჩვენ მათ ვეძახით, მნიშვნელოვანი არქიტექტურული ფაქტორია თბილისი ქვაბულში მდებარეობს და კარგად ჩანს ზემო წერტილებიდან. პრიმიტული კრამიტის და ბეტონის სახურევები ქალაქს როდი ალამაზებენ. ამიტომაც გადავწყვიტეთ ბრტყელი გადახურვა გამოგვეყენებინა როგორც ღია მწვანე ეზოები.

ი.გორელოვი

საქინფორმის კორ.

მსგავსი/Related

Back to top button