ახალი ამბები

მთავრობა ბერლინსა და ბრიუსელში ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებს განცხადებებით ეხმიანება

საქართველოს მთავრობამ 11 მარტს ორი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გმობს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელი მთავარი პროკურორისა და იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის ვიზიტებს ბრიუსელსა და ბერლინში უკრაინის ოფიციალური დელეგაციების შემადგენლობაში. ერთი განცხადება უკრაინის ხელისუფლების მისამართით გაკეთდა, მეორე კი თბილისში გერმანიის საელჩოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ იგივე საკითხზე მანამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გერმანიისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა და ადეიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით მათ ოფიციალურად გადასცა ქართული მხარის შეშფოთება.

რამდენიმე დღის წინ გერმანიისა და ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლობებმა საქართველოში განცხადებები გაავრცელეს უკრაინის დელეგაციების შემდგენლობაში ბერლინსა და ბრიუსელში ადეიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებით. ეს უკანასკნელი საქართველოში დაუსწრებლადაა გასამართლებული რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე. უკრაინის დელეგაციებში ადეიშვილის გამოჩენას თბილისის მწვავე კრიტიკა მოყვა. გერმანიამ ადეიშვილის ვიზიტის აკრძალვის სამართლებრივი საფუძვლის ნაკლებობაზე, ხოლო ევროკავშირმა ვიზიტის გარშემო არსებულ დეზინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება.   

საქართველოს მთავრობა უკრაინის შესახებ

„გვინდა გამოვთქვათ ღრმა წუხილი და შეშფოთება იმ დამოკიდებულების გამო, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება უკრაინის მეგობარი ქვეყნის – საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ ავლენს“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. „გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინა ომშია ჩართული და რუსეთის სამხედრო აგრესიისგან იცავს თავს, უკრაინის ხელისუფლების ამ დამოკიდებულების შესახებ პოზიციის დაფიქსირებისგან დიდი ხნის განმავლობაში ვიკავებდით თავს“.

მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველო „ურყევად“ უცხადებდა სოლიდარობას უკრაინას და „ამ ფონზე, დასანანი და ღრმად შემაშფოთებელია უკრაინის ხელისუფლების მთელი რიგი გადაწყვეტილებები“, მათ შორის უკრაინის მიერ საქართველოდან საკუთარი ელჩის გაწვევა, ასევე უკრაინის გადაწყვეტილება, დროებით დაატოვებინოს საქართველოს ელჩს ქვეყნის ტერიტორია; უკრაინის ხელისუფლების განცხადებები მიხეილ სააკაშვილის შესახებ, ასევე ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებაში დღემდე მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებენ პირები, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა ან რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელი სხვადასხვა დანაშაულისთვის.

„საქართველოს მთავრობისთვის გაუგებარია, რატომ იღებს უკრაინის ხელისუფლება იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ორი მეგობარი ქვეყნისა და ხალხის ერთმანეთისგან ხელოვნურად დაშორებისკენ არის მიმართული“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობამ მოუწოდა უკრაინას, რომ გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებებს და საქართველოს გადასცეს დამნაშავეები. „ღრმად გვწამს, რომ როგორი გადაწყვეტილებებიც არ უნდა მიიღონ პოლიტიკოსებმა, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ისტორიულ მეგობრობას ვერაფერი შეარყევს“, – აცხადებს მთავრობა.

საქართველოს მთავრობა გერმანიისა და ევროკავშირის შესახებ

საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ადეიშვილი იყო ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროინდელი „რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედი“ და ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მისი მასპინძლობა „ძირს უთხრის აღქმას, რომ ევროპული ბიუროკრატია სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ერთგულია“.

„შესაბამისად, აღნიშნული მოვლენა პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პრიორიტეტიდან პირველივე პრიორიტეტის სულისკვეთებას, რომელიც საქართველოში ანტიევროპული განწყობის გაძლიერების პრევენციას ითვალისწინებს“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

„ანალოგიურად, ანტიევროპული განწყობების გაღვივებას ხელს უწყობს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვა დამნაშავეებისა და ძებნილების თავისუფალი მიმოსვლა, რომელთა ნაწილზე არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ისინი დღესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებში არიან ჩართული“, – აცხადებს მთავრობა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველო არის ერთგული პარტნიორი და აქვს მოლოდინი, რომ მომავალში ევროპული სტრუქტურები და ბიუროკრატია გამოავლენენ მეტ გულისხმიერებას და ერთგულებას იმ ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაეფუძნა“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ადეიშვილის ვიზიტები ევროპაში „სამართლიან შეშფოთებას“ იწვევს ქართულ საზოგადოებაში და „ხელს არ უწყობს ანტიდასავლური განწყობების წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობას“.

ევროკავშირის და გერმანიის ელჩებთან შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან მომავალში სათანადო რეაგირება მიეცემა მსგავს ფაქტებს.

22 თებერვალს გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი, რომელიც საქართველოში დაუსწრებლად გაასამართლეს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, გერმანიაში უკრაინის ელჩისა და უკრაინის მთავარი პროკურორის გვერდით ზის გერმანიის ბუნდესტაგში გამართულ შეხვედრაზე, სადაც უკრაინისთვის შორი დისტანციის რაკეტების გაგზავნის საკითხს განიხილავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ, ადეიშვილი უკრაინის დელეგაციას ახლდა ბრიუსელში, რომელიც ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა. ეს ფაქტი მმართველმა პარტიამ დაგმო და ევროკავშირისა და გერმანიისგან განმარტებები მოითხოვა.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა, ზურაბ ადეიშვილმა ქვეყანა 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დატოვა და იგი ამ დრომდე უცხოეთში ცხოვრობს. საქართველოს პროკურატურას 2013 წლიდან ზურაბ ადეიშვილზე, არაერთი ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა მის ექსტრადირებას ვერ მიაღწია. 2015 წელს ინტერპოლმა ადეიშვილის წითელი ცილკულარით საერთაშორისო ძებნა, მისი გამოცემიდან ორი წლის თავზე შეწყვიტა. უკრაინის მაიდნის შემდეგ, ადეიშვილი, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში გადასახლდა, სადაც იგი ამჟამად უკრაინის ხელისუფლებისთვის მუშაობს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button