ახალი ამბები

პარლამენტმა მაღალი თანამდებობის პირთა ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა 7 მარტს დაჩქარებული წესით „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებით, რომელიც 2025 წლიდან შევა ძალაში, მნიშვნელოვნად ეზრდებათ ხელფასები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს და მათ მოადგილეებს, ასევე სხვა თანამდებობის პირებს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 5 მარტს ცვლილების საჭიროება გაამართლა და აღნიშნა, რომ ეს კორუფციის პრევენციისთვისაა საჭირო.  

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. „შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება“, – ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.

საბაზო თანამდებობრივ სარგოს „საქსტატი“ ყოველწლიურად ადგენს და ამჟამად ის 1 330 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი კოეფიციენტი – 10 – პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს განესაზღვრათ.

ცვლილების შედეგად, პრემიერ-მინისტრის წლიური ხელფასი 41 000 ლარიდან 159 600 ლარამდე, ხოლო მინისტრების ხელფასები 66 000-81 000 ლარიდან 135 000 ლარამდე გაიზრდება.

ზემოთ მოცემული გაანგარიშებები არსებულ საბაზო თანამდებობრივ სარგოს ეფუძნება, რომელიც 1 330 ლარს შეადგენს. სავარაუდოდ, ხელისუფლება საბაზო თანამდებობრივ სარგოს ყოველწლიურად გადახედავს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა, რომელმაც პარლამენტის წევრებს საკანონმდებლო ცვლილება წარუდგინა, განაცხადა, რომ გასულ წელს, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ​„ახლა მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტანდარტი გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ“, – განმარტა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button