ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებები განახორციელა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 მარტს ლევან ჟორჟოლიანი მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დანიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად ნიკოლოზ ტყემალაძე დაინიშნა, ხოლო პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ქაჯაია გახდა, რომელმაც ამ პოსტზე ზურაბ აბაშიძე ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი პრემიერ-მინისტრის მჩევლად დანიშნა.
ლევან ჟორჟოლიანმა ახალ თანამდებობაზე რევაზ ჯაველიძე ჩაანაცვლა, რომელიც თანამდებობიდან 29 თებერვალს გათავისუფლდა. ლევან ჟორჟოლიანი 2017 წლიდან თბილისის საკრებულოს წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“. მეექვსე და მეშვიდე მოწვევის საკრებულოში, ჟორჟოლიანს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. კანონმდებლობის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის შემდეგ, მისი საკრებულობის წევრობის მანდატი უქმდება.
პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გიორგი ქაჯაია რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესტთა სექციის ხელმძღვანელი იყო.
ცვლილებების თაობაზე პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, ზურაბ აბაშიძემ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ გადადგომის იდეა მას ეკუთვნოდა, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გაუმხილა. მისი თქმით, ქაჯაიას კანდიდატურა მაშინ გადაწყდა, თუმცა იგი რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა სექციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა და მისი ოთხწლიანი ვადის ამოწურვამდე დაცდა გახდა საჭირო.
აბაშიძის თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის 2012 წლის ბოლოს ჩამოყალიბებულ არაფორმალურ პირდაპირი ორმხრივი დიალოგის ფორმატს, რომელიც აბაშიძე-კარასინის ფორმატის სახელითაა ცნობილი, ოფიციალურად პრაღის დიალოგი ქვია. თუმცა, მისივე თქმით, ფორმატს შესაძლოა ახლა ქაჯაია-კარასინის ფორმატი ეწოდოს.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 11/03/2024 – ახალი ჯანდაცვის მინისტრი დაინიშნა
- 12/02/2024 – ახალმა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ვიცე-პრემიერები დანიშნა
- 08/02/2024 – პარლამენტმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)