skip to content
ახალი ამბები

სტრასბურგის სასამართლომ 2016 წლის საქმეზე სახელმწიფოს 12 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმეზე  „ელიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა, რომ 2016 წელს პოლიციის დადევნების შედეგად ზ.ე-ს გარდაცვალების საქმესთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევას. სასამართლომ საქართველოს გარდაცვლილის დედისთვის 12 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სასამართლოს გადაწყვეტილება 2024 წლის 22 თებერვალს გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 1 აგვისტოს ზ.ე. თბილისში, მდინარე მტკვრის გასწვრივ დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც პოლიციამ მას მანქანის გადაყენება უბრძანა. იგი არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა. შემდეგ ის გაიქცა, პოლიციელები დაედევნენ, თუმცა სიბნელეში მისი კვალი დაკარგეს. ამასობაში შემთხვევის ადგილას პოლიციის კიდევ ხუთი საპატრულო მანქანა მივიდა. ყველა პოლიციელმა ზ.ე.-ს ძებნა განაახლა, მაგრამ სიბნელეში მისი პოვნა ვერ მოხერხდა. პოლიციის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ხოლო ზ.ე.-ს მანქანა პოლიციის ავტოსადგომზე გადაიყვანეს. მოგვიანებით, 2016 წლის 3 აგვისტოს, ზ.ე.-ს ცხედარი მდინარეში იპოვეს და გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა წყალში დახრჩობის გამო. გამოძიება მიმდინარეობს და ბრალი ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ.

2021 წლის სექტემბერში ზ.ე-ს დედამ კონვენციის მე-2 და მე-13 მუხლებზე დაყრდნობით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საჩივრით, რომელიც განმცხადებლის შვილის გარდაცვალებასა და ამ კუთხით ეფექტური გამოძიების არარსებობას ეხებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარი მხოლოდ მე-2 მუხლით უნდა იქნას განხილული. საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ საჩივარი დაუშვებელი იყო იმის გამო, რომ არ შეესაბამებოდა ექვსთვიან ვადას ან ნაადრევი იყო, მაგრამ სასამართლომ დაუშვებლობის შესახებ ორივე არგუმენტი უარყო.

სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციამ დაუყოვნებლად დაიწყო გამოძიება ზ.ე.-ს გარდაცვალების ფაქტზე და რამდენიმე დროული და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა. თუმცა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობით, პოლიციელების პოტენციურ დანაშაულებს პროკურატურა უნდა იძიებდეს. მიუხედავად ამისა, ამ კონკრეტული საქმის გამოძიება პოლიციას დაევალა და არა პროკურატურას.

სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ გამოძიება პროკურატურას მხოლოდ თხუთმეტი თვის შემდეგ გადაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ „გამოძიების ყველაზე გადამწყვეტი ეტაპი ჩატარდა იმ ორგანოს მიერ, რომელსაც არ ჰქონდა საკმარისი დამოუკიდებლობა პოლიციის თანამშრომლებისგან, რომელთა პასუხისმგებლობაც შესაძლოა აღნიშნულ ინციდენტში გამოიკვეთა“.

გამოძიების სხვა პრობლემებთან ერთად, სასამართლომ ხაზი გაუსვა სათვალთვალო კამერებიდან პოტენციურად მნიშვნელოვანი მტკიცებულებების „არადამაკმაყოფილებელ“ და „დაგვიანებულ“ შეგროვებას და დამუშავებას, პოლიციის თანამშრომლების განცხადებებსა და ავტოავარიის შემთხვევის ოქმს შორის შეუსაბამობას, ასევე, დანარჩენი პოლიციელების დაკითხვის დაუსაბუთებელ დაყოვნებას.  

ევროპულმა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ ჰქონდა ადგილი გამოძიების გაჭიანურებას, რაც „მუდმივი“ პრობლემაა, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან დაკავშირებული გამოძიებების დროს.

„ზემოაღნიშნული მოსაზრებები საკმარისია, რათა სასამართლომ დაადგინოს, რომ სისხლის სამართლის გამოძიება განმცხადებლის შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არ იყო ეფექტური, რაც არღვევს კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურულ საკითხს“, – განაცხადა სასამართლომ. რაც შეეხება მოპასუხე სახელმწიფოს სავარაუდო პასუხისმგებლობის საკითხს განმცხადებლის შვილის სიკვდილზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, სასამართლოს არ შეუძლია კონკრეტულად შეაფასოს სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი კონვენციის მეორე მუხლის არსებით ნაწილთან მიმართებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button