მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი “კომუნისტი”, 1975: საბედისწერო აზარტი საბჭოთა საქართველოში

ისტორიული კონტექსტი

საბჭოთა კავშირში სათამაშო ბიზნესის მიმართ მკაცრი პოლიტიკა არსებობდა. მართალია, სახელმწიფო ოფიციალურად ათამაშებდა ლატარეას, მაგრამ სხვა შემთხვევებში ის აკრძალული იყო.  მიუხედავად ამისა, პრობლემის დაძლევა მაინც ვერ ხერხდებოდა. იმ დროს, აზარტული თამაშები ძირითადად გულისხმობდა ფულზე კამათელის გაგორებასა ან კარტის თამაშს. „შულერები“ ანუ პროფესიონალი კარტის მოთამაშეები (რომლებიც ხშირად, თამაშის დროს „პროფესიონალურადაც“ იტყუებოდნენ კიდეც) იყვნენ უცოდინარ ადამიანებს, მოტყუებით რთავდნენ თამაშში, ნივთებზე ან ფულზე ეთამაშებოდნენ და ართმევდნენ ყველაფერს, რისი წართმევაც შეეძლოთ.

აზარტული თამაშები და ამით გამოწვეული ვალები ზოგადსაკაცობრიო ფენომენია. სამაგიეროდ, ის გზები, რომლებსაც ვალებიდან თავის დასაღწევად საბჭოთა მოქალაქეები იყენებდნენ, ბევრს გვიყვება საბჭოთა ეკონომიკის პერვერსიების შესახებ. გადახედეთ სტატიას და შემდეგ კი – ტერმინების სარჩევს, კონტექსტის უკეთ გასაგებად.


საბედისწერო აზარტი

სტატია ქვეყნდება შემოკლებით

რედაქციისგან: გაზეთი “კომუნისტი” საქართველოს კომუნისტური პარტიის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.

გაზეთი კომუნისტი, 07.03.1975

მილიციის მუშაკებმა თაღლითობისათვის დააკავეს ერიკ აბრამის ძე გინზბურგი, მაგრამ რამდენიმე დღეში გაცილებით უფრო სერიოზული და ერთობ ორიგინალური ბოროტ მოქმედება დადგინდა. ერიკ გინზბურგს, რომელსაც პორტფელი მუდამ თან დაჰქონდა, მასში აღმოაჩნდა პასპორტები, შრომის წიგნაკები, სხვადასხვაგვარი შტამპები, ბეჭედდასმული ბლანკები, მივლინების მოწმობები, გასაღებები, შეუვსებელი პირადობის მოწმობები. გარდა ამისა ორი ცალი კამათელი და… ტელევიზორების განვადებით გამოტანის ვალდებულებები.

ტელევიზორების მიმართ გინზბურგი განსაკუთრებულ ,,დაინტერესებას“ იჩენდა, 1973 წლის იანვრიდან 1974 წლის 4 მაისამდე, მან როგორც თავის, ისე სხვათა სახელზე ყალბი დოკუმენტებით მაღაზიებიდან 103 ტელევიზორი და 2 მაგნიტაფონი, 1 მაცივარი გამოიტანა, ამ გზით მან დაიტაცა სახელმწიფო თანხა 25.921 მანეთის ოდენობით.

ვინს არის გინზბურგი და როგორ მოახერხა მან ამ უცნაური დანაშაულის ჩადენა? გინზბურგი მუსიკოსია. 1965 წელს თბილისის სახელმწიფო საფორტეპიანო ფაკულტეტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგად, დირექტორის მოადგილედ, იყო სახალხო კონსერვატორიის რექტორი, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში, მონაწილეობდა ფესტივალებში, დადიოდა საზღვარგარეთ ახალგაზრდა მუსიკოსთა შეკრებებზე, ჰყავდა მეუღლე, ასევე მუსიკოსი, ორი შვილი, ჰქონდა სახლ-კარი, საკუთარი მსუბუქი მანქანა და ცხოვრებაც ჩვეულებრივ მიდიოდა.

1969 წელს, გინზბურგმა გაიცნო გაურკვეველი პროფესიის ადამიანები და დაიწყო მათთან აზარტული თამაშები, პირველ ხანებში „ბედმა გაუღიმა“ იგი განუწყვეტლივ იგებდა დაივიწყა სამსახური, პროფესია პატიოსანი შრომა, რომელიც სავსებით უზრუნველყოფდა მისი ოჯახის მატერიალურ მოთხოვნებს. იგი თამაშობდა, იგებდა.. მაგრამ მალე დაიწყო წაგება. აგებდა ფულს, ნივთებს,  ყველაფერს რაც კი გააჩნდა, საკუთარი ავტომანქანაც კი, ყველაფერი, რაც ებადა, ვალებში ჩავარდა. რა გამოსავალიღა დარჩა გინზბურგს? ეს იყო მცდარი წარსულის უარყოფა, პატიოსანი შრომით დანაშაულის გამოსყიდვა. მაგრამ ამის ნაცვლად მან სხვაგვარი გამოსავლის ძებნა დაიწყო და მიაგნო კიდეც. შეადგინა ყალბი საბუთები და განვადებით გამოიტანა ტელევიზორი, რომელიც საჩქაროდ გაყიდა და საჩქაროდვე წააგო, ამას მოჰყვა მეორე, მესამე… 103-ე.

სისხლის სამართლის ამ საქმეში თანმიმდევრულად “აღნუსხულია ტელევიზორების ყალბი დოკუმენტებით გამოტანის 103 შემთხვევა, 3 მაგნიტოფონის, 1 მაცივრისა და ბოლოს მოტოციკლეტის ეპიზოდი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა გინზბურგისათვის. დიალოგის ერთი ეპიზოდი სასამართლო პროცესიდან, მოსამართლე: ერიკ გინზბურგ, 1974 წლის 4 მაისს მილიციის მუშაკებს საკუთარი პორტფელით ჩააბარეთ თქვენივე მამხილებელი უამრავი ნივთმტკიცება, განუმარტეთ სასამართლოს, რას ნიშნავდა თქვენი ასეთი გაუფრთხილებლობა?

გინზბურგი:  „1974 წლის 4 მაისისათვის, გარდა იმისა, რომ არ გამაჩნდა საკუთარი ადგილსამყოფელი აღარ მყავდა ერთგული ადამიანი, რომელიც შემინახავდა ამ პატარა ნივთს. დიახ, აზარტულმა თამაშმა წამაგებინა არა მარტო მატერიალური ფასეულობანი, დამაკარგვინა ადამიანები ახლობლები, ნათესავები, მეგობრები ზოგში უბრალოდ ზიზღი გამოვიწვიე, ზოგს ფულს დავესესხე და წავაგე, ზოგი ყალბი ,,სატელევიზიო“ საბუთებისათვის გამოვიყენე, ერთი სიტყვით, აღარავინ დამრჩა დედის გარდა. დედამ ზუსტად არ იცოდა, მაგრამ გუმანით ხვდებოდა, რომ პორტფელში მქონდა რაღაც ქაღალდები, საბუთები, შტამპები, რომლებსაც ბოროტი მიზნებისათვის ვიყენებდი. ერთხელ მითხრა კიდეც, სახლში რომ არ იქნები ამ პორტფელს წავიღებ და მილიციას ჩავაბარებო. მას შემდეგ ამეკვიატა აზრი, რომ დედას მართლაც შეეძლო ჩაედინა ეს. ამიტომაც გადავწყვიტე პორტფელი თან მეტარებინა.”

ტელევიზორის განვადებით გამოტანისათვის გინზბურგის წინაშე ორი „პრობლემა“ იდგა: საბუთების მომზადება და შემდეგ ამ ყალბი საბუთებით მაღაზიის მუშაკთა მოტყუება. პირველ შემთხვევაში გინზბურგი, იყენებდა ადამიანებს, რომლებიც, ნაცნობობით, ცდილობდნენ საქმეების მოჭახრაკებას. შეხვდებოდა თუ არა ამგვარ „ბედის მაძიებლებს“, ჰპირდებოდა მუსიკალურ სკოლაში პედაგოგად მოწყობას, ბინებს, ახალ ავტომანქანაზე სამუშაოდ  გადაყვანას და ყველაფერს, რაც კი მათ ნებავდათ. ამიტომ წინასწარ სთხოვდა. პასპორტს და სხვა ცნობებს.

პასპორტიდან იგი იღებდა ფოტოსურათს და მის ადგილზე აკრავდა თავისას, შემდეგ პასპორტის მფლობელის სახელზე ადგენდა ფორმა N38-ს, ურთავდა ცნობებს სამსახურიდან, საცხოვრებელი ადგილიდან და მაღაზიისაკენ მიემართებოდა, მაღაზიაში, ნაცვლად იმისა, რომ მთელი პასუხისმგებლობით მოჰკიდებოდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, გულდასმით შეემოწმებინათ საბუთები, სახელდახელოდ შეავსებდნენ განკარგულების ბლანკს და ძვირფას ტელევიზორებს გადასცემდნენ გინზბურგს ან გინზბურგის მიერ მიგზავნილ კაცს. განკარგულება საბოლოო საბუთია ტელევიზორის გაცემისათვის, თუ მას გამგის ხელმოწერაც აქვს. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ,,თბილმრეწვვაჭრობის” N126 მაღაზიის დირექტორმა ა.ხვედელიამ პროცესზე განაცხადა, განკარგულებაზე ხელი, ‘რასაკვირველია, უნდა მომეწერა, მაგრამ იმ დროს ალბათ მაღაზიაში არ “ვიყავიო, მოსამართლე კვლავ. დაინტერესდა: თქვენი მაღაზიიდან გინსბურგმა 15 ტელევიზორი დაიტაცა, 15 განკარგულებიდან მაჩვენეთ თუნდაც ერთი თქვენი ხელმოწერით. ასეთი განკარგულება არ არსებობს. ახლა გინზბურგის გვერდით საბრალდებლო · სკამზე სხედან ადამიანები „ რომლებიც, ანგარების მიზნით დახმარებას უწევდნენ ბოროტმოქმედს. ესენი არიან ,„თბილმრეწვვაჭრობის“ N22 მაღაზიის ყოფილი გამგე ტ.კოპაძე, საცალო სავაჭრო ფირმა ,,ბავშვთა სამყაროს, ყოფილი თანამშრომელი ვ. დარახჩიევი, „,თბილმრეწვვაჭრობის“ N126 მაღაზიის ყოფილი სექციის გამგე ზ.ქუშაშვილი, მძღოლები ს.თედეევი, ვ.კაკულიხი.

სასამართლო კოლეგიამ კოპაძე დამნაშავედ ცნო გინსბურგთან ერთად 1845 მანეთის დატაცებაში. ქუშაშვილმა და დარახჩიევი, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, საშუალება მისცეს გინზბურგს დაეტაცებინა პირველ შემთხვევაში 5.023, ხოლო მეორე შემთხვევაში 2.545 მანეთი, გამოიტანეს და გინზბურგს გადასცეს პირველ შემთხვევაში 9, ხოლო მეორე შემთხვევაში 4 ტელევიზორი, ამგვარად მათ დახმარება გაუწიეს დამნაშავეს შესაბამისად 3.056 და 1.587 მანეთი.

სასამართლომ, დამნაშავეებს მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა: გინზბურგს 15 წლით, ქონების კონფისკაციით, თედეევს 6 წლით, ქონების კონფისკაციით, კოპაძეს – 5, დარახჩიევსა და ქუშაშვილს სამ-სამი, ვაკულინს –– 2 წლის ვადით. განაჩენი საბოლოოა და საკასაციო წესით გასაჩივრებას ან გაპროტესტებას არ ექვემდებარება.


სარჩევი

“გამოიტანა” – ამ სტატიაში ყურადღებას მიაქცევთ, რომ მთავარი გმირი ტელევიზორს, მაგნიტოფონს, მაცივარს კიარ ყიდულობს, არამედ “გამოაქვს”. რას ნიშნავს ეს? დაგაინტერესებთ ალბათ, საიდან “გამოაქვს”?! საიდან და – საწყობიდან. საქმე ისაა, რომ გარკვეული სახის ფუფუნების საგნები “თავისუფალ გაყიდვაში” არ იყო. არამედ იყო…

“დეფიციტი” – დეფიციტური, ანუ არასაკმარისად წარმოებული საქონელი. მისი არასაკმარისობა ან იმით იყო გამოწვეული, რომ ფუფუნების საგნად ითვლებოდა და მისი სამომხმარებლო ჭარბწარმოება საჭირო არ იყო – მაგალითად კერძო ავტომანქანები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სახლის ავეჯის გარკვეული სახეობები (განსაკუთრებით იმპორტირებული, თუნდაც სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიდან). გარკვეული საქონელი უბრალოდ ეკონომიკური არაეფექტურობის გამო პერიოდულად ხდებოდა “დეფიციტი”, განსაკუთრებით ბრეჟნევის ეპოქაში, რომელსაც ჩვენი სტატია ეხება. ეს შეიძლება ყოფილიყო, მაგალითად, სურსათის რაღაც სახეობა. ამგვარი საქონლის საშოვნად საჭირო იყო “რიგში ჩადგომა”.

“რიგში ჩადგომის” ორი ქვესახეობა არსებობდა. პირველი უბრალოდ “ცოცხალი რიგი” გახლდათ, რომელიც მაშინ წარმოიშობოდა, როცა დეფიციტურ საქონელს მოულოდნელად “გამოყრიდნენ” – ანუ რომელიმე კონკრეტულ მაღაზიაში ღია გაყიდვაში გამოჩნდებოდა. ეს, როგორც წესი ეხებოდა სურსათს და ისეთ თითქოს ყოველდღიურ საგნებს, როგორიც ტუალეტის ქაღალდია. როცა საყოფაცხოვრებო ტექნიკას ეხებოდა საქმე, არსებობდა თქვენი დამსაქმებელი/სამსახური გაძლევდათ სპეციალურ საბუთს (იხ. ქვემოთ), რომლითაც გეძლეოდათ ამათუიმ საქონლის განვადებით შეძენის უფლება და საშუალება. განვადებით იმიტომ, რომ თქვენი თქვენი ხელფასი ამ საქონელს, სავარაუდოდ, ერთბაშად არ ეყოფოდა (და თუ ერთბაშად ბევრ ნაღდ ფულს გამოაჩენდით, შეიძლება ობეხა” (იხ. ქვემოთ) დაგდგომოდათ თავს, აქედან გამომდინარე შესაძლო დრამატული შედეგებით).

“ფორმა ნომერი 38” – ოფიციალური მოწმობა, რომელიც ადასტურებს თქვენს სამსახურსა და შემოსავალს, განვადებით საქონლის შესაძენად.

“სპეკულიანტი” – ადამიანი, რომელიც ამათუიმ გზით მოიპოვებს დეფიციტურ საქონელს და ყიდის მას კერძოდ, სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასზე უფრო ძვირად. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი სტატიის გმირი, გინზბურგი, დეფიციტური ტელევიზორების მოპოვების შემდეგ, მას შავ ბაზარზე, სპეკულიანტურ ფასში ყიდდა.

“შავი ეკონომიკა” – დეფიციტის ფენომენის გარშემო არსებობდა მთელი პარალელური ეკონომიკა, ბაზრის წესებით მოქმედი გარემო სადაც იყიდებოდა როგორც საქონელი, ასევე პრივილეგიებური წვდომის უფლება გარკვეულ საქონელზე. მაგალითად, ადამიანები ყიდდნენ თავის ადგილს ამა თუ იმ საქონლის “რიგში.” “უძრაობის ხანის” საბჭოთა საქართველო ამ მხრივ გამორჩეული იყო და სწორედ ეს იყო საბჭოთა ქართველი მოქალაქის შედარებითი “სიმდიდრის” ერთერთი (მაგრამ არა ერთადერთი – ამაზე შემდეგში ვისაუბრებთ) მიზეზი.

“ბლატი” იგივე ნაცნობობა – საშუალებას გაძლევდათ დეფიციტური საქონელი “გეშოვნათ” გავლენიანი ნაცნობ-მეგობარ-ნათესავის წყალობით. ზოგჯერ ამ ამბავში ფინანსური ტრანზაქცია იყო გარეული (ანუ ნაცნობს ფულს აძლევდით და ის საქმეს “გაგიჩარხავდათ” და “საწყობიდან გამოგატანინებდათ” სასურველ საქონელს). მაგრამ ხშირად “ნაცნობობით” საქმე ტრანზაქციული სხვა გაგებით იყო – ანუ იქმნებოდა მოლოდინი, რომ როცა დასჭირდებოდა, თქვენი მხრივაც რაღაცას “გაუჩალიჩებდით” იმ ნაცნობს…

“დატაცებასთან ბრძოლა” – შავი ბაზრის ფენომენთან ბრძოლა საბჭოთა სისტემის ერთერთი საკვანძო ამოცანად ითვლებოდა მას შემდეგ რაც “ახალი ეკონომიკური პოლიტიკის” – ანუ ნახევრადსაბაზრო ლიბერალიზაციის – მცდელობა ჩაფლავდა. ავბედით 1937 წელს შეიქმნა “სოციალისტური ქონების დატაცების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილება” (Отдел по борьбе с хищениями социалистической собственности (ОБХСС), ქართულად ზოგჯერ, მოფერებით, “ობეხად” წოდებული). თავიდან ის ენკავედეს (ანუ უშიშროების) სტრუქტურა იყო, 1946 წლიდან კი – მილიციის. დატაცებისა და სპეკულიანტობისათვის სასტიკი სასჯელი იყო გათვალისწინებული – როგორც სტატიაში ნახეთ, ბედოვლათ გინზბურგს 15 წელი, როგორც მაშინ იტყოდნენ “მიარჭეს.” “განსაკუთრებით დიდი რაოდენობით” სოციალისტური ქონების დატაცებისთვის “ყველაზე ჰუმანური” საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხილი დახვრეტასაც ითვალისწინებდა.

მსგავსი/Related

Back to top button