skip to content
ახალი ამბები

პაველ ჰერჩინსკი: საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი დაბალია

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი 26 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად,  ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს შესაბამისობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ „ამ დროისთვის, შესაბამისობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია“ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ სხვა ქვეყნებთან შედარებით.

CFSP-ის შესაბამისობა:  ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოელის „ყველა კანდიდატი ქვეყნისგან, მათ შორის საქართველოსგან, რომ შესაბამისობის მაჩვენებელი 100 პროცენტს რაც შეიძლება მეტად დაუახლოვოს“. აღნიშნა რა, რომ საქართველოს შემთხვევაში „ბევრი სენსიტიური საკითხია“, მათ შორის გეოპოლიტიკური სიტუაცია და ოკუპირებული ტერიტორიები, ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მოელის შესაბამისობის მაჩვენებლის „ეტაპობრივ ზრდას“, რომელიც, მისი თქმით, უკვე იზრდება „ბოლო რამდენიმე თვეა“.  ელჩის თქმით, ევროკავშირი მუშაობს საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა უზრუნველყოს CFSP-სთან შესაბამისობის მაჩვენებლის ზრდა იმისათვის, რომ როდესაც საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, მისი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის პოლიტიკის „იდენტური“ იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს დაბალი მაჩვენებელი პრობლემურია, რადგანაც ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი რომ ყოფილიყო, კონსენსუსის არარსებობის გამო CFSP-თან დაკავშირებული განცხადებების დაახლოებით ნახევარი არ იქნებოდა მიღებული.

დეზინფორმაცია: როდესაც ელჩს საქართველოში დეზინფორმაციისა და უცხოეთიდან ინფორმაციის მანიპულირების შესახებ კომენტარის გაკეთება სთხოვეს, ჰერჩინსკიმ აღნიშნა, რომ როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, „რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მოიმატებს ასეთი ინფორმაცია, რომლის სამიზნეც ევროკავშირი [და დასავლეთია]“.

არჩევნები: ევროკავშირის ელჩმა არ გააკეთა კომენტარი კონკრეტულად საქართველოს არჩევნებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ დაუჭერს მხარს რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, თუმცა დასძინა, რომ ევროკავშირი მკაფიოდ უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ისევე როგორც თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო პროცესს. რათა თითოეულმა პოლიტიკურმა პარტიამ შეძლოს საკუთარი პროგრამის წარმოდგენა და ხმებისთვის ბრძოლა, ხოლო მომავალ პარლამენტში ქართველი ხალხის განსხვავებული მოსაზრებების მრავალფეროვნება იყოს წარმოდგენილი.

ცხრა ნაბიჯი, გაწევრიანების მოლაპარაკებები: კითხვაზე, იქონიებს თუ არა გავლენას საქართველოს მიერ ევროკომისიის ცხრა ნაბიჯიდან რომელიმეს შეუსრულებლობა ქვეყნის ევროპულ გზაზე, ანუ მის წინსვლაზე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მიმართულებით, ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი ამჟამად იწყებს მზადებას გაფართოების მორიგი ანგარიშისთვის. ელჩმა განაცხადა, რომ ევროკავშირი „პრაქტიკულად ყველასთან“ გაივლის კონსულტაციებს და აღნიშნა, რომ მომავალ კვირას დაიწყება კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოებასთან. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს. და ბოლოს, ელჩმა ჰერჩინსკიმ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს საქართველოში, რომელიც ცხრა პირობის განხორციელებაშია ჩართული, რომ „დაუღალავად იშრომონ“. მან პირობების შესრულებაზე მუშაობისას ხელისუფლებას ინკლუზიურობისჯენ, ოპოზიციას კი კონსტრუქციულობისკენ მოუწოდა.

ერთიანობა: ევროკავშირის ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოში სხვადასხვა მოთამაშეთა ერთიანობის მნიშვნელობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საერთო მიზნისთვის: „ჩემი ოცნებაა დავინახო ერთიანობა არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში, არამედ საქართველოს პოლიტიკურ ელიტებს შორის“. მან გამოთქვა სურვილი, რომ ხელისუფლება იყოს ინკლუზიური, ოპოზიცია იყოს კონსტრუქციული და სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვნად იყოს ჩართული პროცესებში. „ეს არის კოლექტიური ძალისხმევა, უმნიშვნელოვანესი ამოცანა, ეს არის ისტორიული მომენტი და ეს მოითხოვს ერთი და იგივე მიმართულებით მომუშავე ყველა ადამიანის ერთიანობას“.

დეოლიგარქიზაცია: ანტიკორუფციული ბიუროსა და ამ კუთხით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესახებ დასმულ კითხვაზე, ევროკავშირის ელჩმა პირველად ახსენა დეოლიგარქიზაცია და განაცხადა, რომ ეს არსებითად ნიშნავს „ისეთი სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას მედეგს გახდის გავლენიანი, მდიდარი ბიზნესმენების ზეწოლის მიმართ“. მან იქვე დასძინა, რომ ანტიკორუფციული ბიურო ამ მხრივ ერთ-ერთ მთავარი ელემენტია და რომ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ის „მნიშვნელოვნად გაძლიერდება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button