სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 29 იანვარს ირინე ჩიხლაძე თავის ახალ მოადგილედ დანიშნა. იგი კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.
ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ რამდენიმე თვის წინ თანამდებობა გაუხმაურებლად დატოვა. ჯულაყიძე სახალხო დამცველმა აპრილში დანიშნა და მის დანიშვნას წინააღმდეგობა მოყვა, რადგან ის ლევან იოსელიანის ყოფილი თანაპარტიელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია. კითხვაზე – ალეკო ელისაშვილმა რომ დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს, გააკრიტიკებს თუ არა მას? – ჯულაყიძემ მაშინ განაცხადა – „აუცილებლად გავაკრიტიკებ“.
რაც შეეხება ახალ მოადგილეს, ჩიხლაძე სახალხო დამცველის აპარატში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდა, სადაც 2020-2024 წლებში ჯერ კომპანიის დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იგი ასევე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი კონკურენციის სამართალსა და ევროპის სამართალში.
გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ირინე ჩიხლაძე მუშაობდა მიუნხენში (გერმანიაში) ბავარიის სადაზღვევო პალატის ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში, იყო გერმანიაში ქართველთა გაერთიანების გამგეობის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარგზავნილი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.
2016-2017 წლებში ჩიხლაძე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მთავარ სპეციალისტად მუშაობდა, ხოლო 2014-2016 წლებში მას კონკურეციის სააგენტოში მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
სხვადასხვა წლებში იგი მუშაობდა გერმანიის ფედერალურ ანტიმონიპოლიურ სამსახურში (ბონში) და გერმანიის პარლამენტის ბიუროს აპარატში (ბერლინში).
ირინე ჩიხლაძე დღემდე არის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის (LMU) იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. მინიჭებული აქვს ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები.
ასევე წაიკითხეთ:
- 11/12/2023 – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ადამიანის უფლებებზე საუბრობს
- 08/12/2023 – საქართველოს სახალხო დამცველი კიევს სტუმრობს
- 17/05/2023 – ომბუდსმენი: კვლავ სერიოზული პრობლემაა ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა
- 17/02/2023 – ომბუდსმენი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)