სახალხო დამცველს ახალი მოადგილეები ჰყავს
ახლადარჩეულმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა 3 აპრილს ახალ მოადგილეებად ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე წარადგინა. ისინი მათ წინამორბედებს – გიორგი ბურჯანაძესა და ეკატერინე სხილაძეს შეცვლიან.
იოსელიანის თქმით, პროფესიით იურისტი ელენე ღუდუშაური სამართლის მაგისტრის ხარისხის მფლობელია და ის სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტისა და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას გაუწევს ზედამხედველობას .
თავის მხრივ, ნათია ჯულაყიძე, რომელიც ასევე მაგისტრის ხარისხს ფლობს სახელმწიფო მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირებაში, ბავშვთა უფლებათა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებათა, გენდერის, თანასწორობის დეპარტამენტებს, ასევე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სამმართველოების საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ნათია ჯულაყიძე ლევან იოსელიანის ყოფილი თანაპარტიელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია. თავად ჯულაყიძემ „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში თქვა, რომ იგი პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი წევრი იყო, ამასთან ლევან იოსელიანთან ერთად წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციაშიც მუშაობდა. კითხვაზე – ალეკო ელისაშვილმა რომ დისკრიმინაციული განცხადება გააკეთოს, გააკრიტიკებს თუ არა მას? – ჯულაყიძემ უპასუხა – „აუცილებლად გავაკრიტიკებ“.
სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება.
ბურჯანაძემ და სხილაძემ გადადგომის შესახებ გასულ კვირას განაცხადეს და თანამდებობები 31 მარტს დატოვეს. ბურჯანაძემ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მან იოსელიანს თავისი გადაწყვეტილების შესახებ სახალხო დამცველად არჩევისთანავე აცნობა და უთხრა, რომ პოსტზე, მარტის ბოლომდე დარჩებოდა და ანგარიშზე მუშაობას დაასრულებდა. „ვრჩები ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. სხვაგვარად წარმოუდგენელია“, – დაწერა ასევე Facebook-ზე სხილაძემ.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/03/2023 – ახალ სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩიეს
- 22/12/2022 – პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი ვერ აირჩია
- 20/12/2022 – ქართული ოცნება და ოპოზიცია ომბუდსმენობის საერთო კანდიდატზე ვერ თანხმდებიან
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)