ახალი ამბები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აფასებს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (ჯანმო) და ჯანდაცვის სისტემებისა და პოლიტიკის ევროპული ობსერვატორიის მიერ 12 სექტემბერს გამოქვეყნებული ანგარიში სახელწოდებით „ჯანმრთელობის დაცვის სისტემები მოქმედებაში“ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს ჯანდაცვის სისტემის განვითარებას აფასებს.

ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა

ანგარიშის თანახმად, 2013 წლიდან საქართველო ცდილობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული საყოველთაო ჯანდაცვა უზრუნველყოს და ჯანდაცვის სექტორში ინვესტიციები გაზარდოს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მართალია სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები დაბალი რჩება (მშპ-ს 2.7% 2019 წელს), „დაფარვის გაფართოებასა და ჯანდაცვაზე პირადი ხარჯების შემცირებასთან ერთად, სახელმწიფო ხარჯებიც გაიზარდა“.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ დაფარვის პოლიტიკა „უკიდურესად რთულია“ და არსებობს მაღალი თანაგადახდა, ხოლო მედიკამენტების მაღალი ღირებულება დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის, რომელთაც საკუთარი ხარჯით წამლების ყიდვა უჭირთ, უდიდეს პრობლემად რჩება.

ამ კონტექსტში დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სოციალური ფაქტორები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; ამასთან სიღარიბე ასოცირდება უშუალო რისკ ფაქტორებთან, როგორიცაა არაჯანსაღი კვება, მოწევა, ჯანდაცვის მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა და სხვა.

რაც შეეხება ჯანდაცვის პროვაიდერებს, ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი უმეტესობა კერძოა, მათ შორის საწოლფონდის 80%.

ჯანდაცვის მუშაკების რაოდენობასთან დაკავშირებით დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ძალიან ბევრი ექიმია, თუმცა ექთნების მწვავე დეფიციტია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აუცილებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით სიტუაცია გაუმჯობესდა, განსაკუთრებით აივ-ის, მულტირეზისტენტული ტუბერკულოზისა და C ჰეპატიტის (HepC) მკურნალობის თვალსაზრისით. HepC-თან დაკავშირებით დოკუმენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს აქვს კარგად განვითარებული ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 2022 წლის მაისის მდგომარეობით გამოკვლეულია ზრდასრული მოსახლეობის 75%-მდე, ხოლო HepC ინფექციები 67%-ით შემცირდა.

სიცოცხლის ხანგრძლივობა და სიკვდილიანობა

რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას და სიკვდილიანობას, ანგარიშში ნათქვამია, რომ არსებობს დიდი სხვაობა მამაკაცისა და ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის. 2019 წლის მონაცემებით, ქალები საშუალოდ 8,6 წლით მეტხანს ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ტენდენცია წინააღმდეგობაში მოდის ჯანმო-ს ევროპის რეგიონის დანარჩენ ნაწილთან – მაშინ როცა საქართველოში ეს სხვაობა 2000 წელს არსებული 6.9 წლიდან 2019 წელს 8.6 წლამდე გაიზარდა, დანარჩენ ევროპაში 2000 წელს არსებული 7.7 წლიდან 2017 წელს 6.3 წლამდე შემცირდა.

შესაძლო მიზეზებზე საუბრისას, ჯანმო განმარტავს, რომ 2020 წელს მწეველი მამაკაცების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო ევროპაში, ხოლო მწეველი ქალების მაჩვენებელი – ყველაზე დაბალი. თუმცა, დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ თამბაქოს კონტროლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტია და რომ დახურულ სივრცეში მოწევისა და თამბაქოს რეკლამის აკრძალვები „მყარი“ იყო.

რაც შეეხება სიკვდილიანობას, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქვეყნის დაავადებების ტვირთის უმეტესი წილი არაგადამდებ დაავადებებზე მოდის, ინსულტი კი სიკვდილის წამყვანი მიზეზია.

მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ „კოვიდ-19-ით გამოწვეული ჭარბი სიკვდილიანობა ბევრად აღემატებოდა ჯანმო-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს“.

რაც შეეხება 2019 წლის სიკვდილიანობის 10 მთავარ რისკ ფაქტორს, ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი წილი მაღალ სისტოლურ წნევაზე (38%), კვებით რისკებსა (24.2%) და უზმოზე პლაზმური გლუკოზის მაღალ დონეზე (20.5) მოდის.

შემდეგ მოდის სხეულის მასის მაღალი ინდექსი (17.3%), თამბაქო (17%), მაღალი ქოლესტერინი (11.8%), ჰაერის დაბინძურება (9.7%), თირკმლის დისფუნქცია (6.1%), არაოპტიმალური ტემპერატურა (6%). და ალკოჰოლის მოხმარება (4,6%).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button