ახალი ამბები

ექიმების პროტესტის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა რესპუბლიკური საავადმყოფოს დანგრევის გეგმა შეაჩერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 24 თებერვალს განაცხადა, რომ ექიმების ერთთვიანი პროტესტის ფონზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა აღარ დაინგრევა. კობახიძის თქმით, უახლოესი თვეების განმავლობაში მთავრობა, კერძოდ ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით ალტერნატიულ პროექტზე იმუშავებს, რომლის თანახმადაც საავადმყოფოს უკანა ტერიტორიაზე შეიძლება საავადმყოფოს მშენებლობა, ხოლო წინა ტერიტორიის გამოყენება საინვესტიციო მიზნებისთვის.

გადაწყვეტილება ექიმებთან პრემიერ-მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის და ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის შეხვედრაზე იქნა მიღებული. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფო ფუნქციონირებას განაგრძობს და დანგრევის პროცესი მხოლოდ ახალი საავადმყოფოს აშენების შემდეგ, დაახლოებით 3 წელიწადში დაიწყება. მისივე თქმით, ასევე შეჩერდება რეორგანიზაციის პროცესი.

აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის (,,რესპუბლიკური საავადმყოფო”) თანამშრომლები საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. პროტესტი ერთ თვეს გაგრძელდა, რა დროსაც აქციის მონაწილეები მთავრობას გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებდნენ. მედპერსონალის უმეტესობამ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კომპენსაციის მიღებაზე უარი განაცხადა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button