ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს
ევროპარლამენტმა 13 დეკემბერს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, რომ 14-15 დეკემბერს დაგეგმილ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საბჭოს, უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
„ევროპარლამენტარები მიესალმებიან ამდენი ქვეყნის ინტერესს და პოლიტიკურ ნებას, რომ გაწევრიანდნენ ევროკავშირში და აღიარებენ სერიოზულ ძალისხმევას, რომელსაც ისინი გაწევრიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ახორციელებენ“, – ნათქვამია ევროპარლამენტის პრესრელიზში. ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ, რომ ევროკავშირმა კანდიდატ ქვეყნებს უნდა დაუწესოს მკაფიო ვადები, რათა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე დაასრულონ და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს გაწევრიანების დაჩქარება და შესრულდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმები თითოეული ქვეყნის შემთხვევაში.
ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ გაფართოების სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც ევროკავშირის უმთავრეს გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე. ისინი მკაცრად აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ორბანის განცხადებებს უკრაინის გაწევრიანების მოლაპარაკებებზე, ასევე მისი პოლიტიკის შეცვლას კოსოვოსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტარები აფრთხილებენ, რომ ორბანის განცხადებები აფერხებს ევროკავშირის გაფართოებას და 2024 წლის ივლისში უნგრეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის გამო შეშფოთებას იწვევს. რეზოლუცია მოუწოდებს, რომ ერთდროულად განხორციელდეს ევროკავშირის შიდა რეფორმები და გაფართოების პროცესი, და საგარეო პოლიტიკაში ახალი წევრების დაუბრკოლებელი ინტეგრაციისთვის, კვალიფიუციური უმრავლესობით კენჭისყრას სთავაზობს.
ევროპარლამენტარები ასევე მიესალმებიან „სომხეთის მთავრობის სურვილს დაუახლოვდეს ევროკავშირს“ და დასავლეთ ბალკანეთის ზრდის ახალ გეგმას.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)