ახალი ამბები

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი: გვინდა, რომ დემოკრატიამ იმუშაოს

19 დეკემბერს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ პრესკონფერენცია გამართა, სადაც განიხილა თბილისის შესაძლო მონაწილეობა მომავალ წელს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს სამიტში, საქართველოს ხელისუფლების მიერ საჭირო რეფორმების განხორციელება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოს ურთიერთობა ჩინეთთან და საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.

კოლომინამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას „ისტორიული“ უწოდა, რაც კარგი ამბავია არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც, რადგან „ვფიქრობ, ეს ხსნის იმპულსს, რომლის გამოყენებაც 2024 წელს უნდა გავაგრძელოთ“.  კოლომინამ აღნიშნა, რომ ნატო იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ რეკომენდებულ ცხრა ნაბიჯს შეასრულებს.

საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრების კომენტირებისას, სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საუბარი ძირითადად ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო და რომ მათ ასევე განიხილეს „ის შესაძლებლობები, რომელთაც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება ხსნის, ასევე ის გზები, რომლებიც რეალურად მიეხმარება  ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს“.

„მე მიმაჩნია, რომ ახლა სახეზეა იმპულსი, რომელიც დაეხმარება ნატოსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობას“, – გაიმეორა მან და დასძინა, რომ ვინაიდან ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული, ძნელია იმის თქმა, თუ როგორ დაეხმარება ის ნატო-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას, თუმცა კოლომინამ ამ პროცესში ქვეყანას მხარდაჭერა აღუთქვა.

2024 წლის 9-11 ივლისს დაგეგმილ ნატოს ვაშინგტონის სამიტზე საქართველოს მიწვევის შესახებ დასმულ კითხვაზე, კოლომინამ განაცხადა, რომ „ჯერ არ დაგვიწყია საუბარი სამიტზე პარტნიორების მოწვევის შესახებ… რთული სათქმელია, ვინ უნდა დაესწროს“. თუმცა, კოლომინამ აღნიშნა, რომ „ჩემი აზრით, მიმაჩნია, რომ საქართველო როგორმე იქნება წარმოდგენილი. არ ვიცი, რომელ დონეზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ საკმარისი საფუძველია იმის გასათვალისწინებლად, რომ საქართველო უნდა მოვიწვიოთ“.

საქართველოს ხელისუფლების მიერ აუცილებელი რეფორმების განხორციელების თაობაზე „სამოქალაქო საქართველოს“ მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ ქვეყანამ „გარკვეულ პროგრესს მიაღწია ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმაში, რასაც საქართველოს მთავრობისგან ვითხოვდით“. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ „შემდგომი გაუმჯობესებაა საჭირო, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურების, ზედამხედველობის, სასამართლო რეფორმის, დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის საკითხებში“.

2024 წელს საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე კომენტირებისას, კოლომინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ დემოკრატიამ იმუშაოს ისე, როგორც უნდა იმუშაოს“ და „არჩევნები დემოკრატიის დიდი ნაწილია“. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების როლი და მან იმედი გამოთქვა, რომ 2024 წელს „ნამდვილ და ცოცხალ დემოკრატიულ გამოვლინებას“ იხილავს.

გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე უპასუხა კითხვას ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობისა და ორ ქვეყანას შორის ახლახანს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ: „ჩვენ არ ვადარებთ რუსეთისა და ჩინეთის მდგომარეობას, მაგრამ გვაქვს შეშფოთება იმ უსაფრთხოების გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებსაც ჩინეთი ქმნის“. მისი თქმით, ნატოს მოკავშირეებს და პარტნიორებს შეუძლიათ ურთიერთობა ჰქონდეთ ჩინეთთან „გარკვეულ დონეზე“, რადგან ჩინეთი „გლობალური მოთამაშეა, რომელთანაც შეგიძლიათ ურთიერთობა, ნატოს [ასევე] აქვს ურთიერთობა ჩინეთთან“. მაგრამ, მისი თქმით, „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ის ფაქტი, რომ ის ქმნის უსაფრთხოების გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას” და „დამოკიდებულებას“, რომელიც შეიძლება გარკვეული ინვესტიციების შედეგად გაჩნდეს.

კოლომინას მიაჩნია, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ შეიძლება ჩინეთთან პარტნიორობა ან ინვესტიციის მიღება. „სულ სხვა ამბავია რუსეთი“, – თქვა მან და მას „საფრთხე“ და „დამპყრობელი“ უწოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button