ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს სტუმრობს
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ხავიერ კოლომინა საქართველოს სტუმრობს. 19 დეკემბერს, იგი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში კოლომინა ასევე შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს და პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. ერთი დღით ადრე კი ოპოზიციასთან გამართა შეხვედრა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ნატო – საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოში დაგეგმილ 2024 წლის არჩევნებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ მას ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა ხავიერ კოლომინასთან. „ნატო-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურად ვითარდება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „საქართველო კვლავაც ერთგულია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ნატოს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რაც შეიძლება ხელშესახები გახდება“.
Fruitful exchange with @JavierColominaP, #NATO Secretary General's Special Representative for the Caucasus & Central Asia. NATO-Georgia bilateral relations are positively developing. ?? remains firm in its commitment towards #NATO & #EU membership. We hope that #NATO support… pic.twitter.com/oLP44jgX4n
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) December 19, 2023
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა და ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე მოსაზრებები გაცვალეს. თავდაცვის მინისტრმა ხავიერ კოლომინას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით, თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი გააცნო.
„შეხვედრაზე აღინიშნა გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებისა და ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის კრიტიკული მნიშვნელობა არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრეს-რელიზში. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 20 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო განიხილეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა 18 დეკემბერს, რომ ხავიერ კოლომინა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა და დასძინა, რომ „სასარგებლო საუბარი გვქონდა, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს და ჩვენს ხალხს, ევროკავშირსა და ნატო-ში გასაწევრიანებლად“.
19 დეკემბერს, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, სადაც საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითად მიმართულებებს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.
ხავიერ კოლომინამ ირაკლი ღარიბაშვილს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა ხავიერ კოლომინას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს, როგორც ალიანსის მტკიცე და სანდო პარტნიორის, როლი და მისი მნიშვნელოვანი კონტრიბუცია როგორც გლობალური, ისე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი.
მასალა განახლდება…
ასევე წაიკითხეთ:
- 24/05/2023 – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი თბილისს სტუმრობს
- 22/05/2023 – საპარლამენტო დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს
- 28/09/2022 – თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)