skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობს, რომელიც 19-22 მაისს, ლუქსემბურგში იმართება. სხდომა ორიენტირებულია უკრაინისადმი მხარდაჭერის შენარჩუნებაზე და ალიანსის თავდაცვისა და შეკავების პოზიციის გაძლიერებაზე უსაფრთხოების გამოწვევების, მათ შორის, რუსეთის მიერ შექმნილი გამოწვევების ფონზე.

სესიის პირველ დღეს, ქართული დელეგაცია ლუქსემბურგის, გერმანიისა და იტალიის დელეგაციებს შეხვდა. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამა განცხადა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მნიშვნელოვანი საპარლამენტო პლატფორმაა, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოები ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

„ჩვენი ამოცანაა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პლატფორმა გამოვიყენოთ და ალიანსის წევრი სახელმწიფოების დელეგაციებს ვესაუბროთ საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსულ ოკუპაციაზე, დეოკუპაციის მიზნით საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაზე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ჩვენი ქვეყნის დაწინაურებაზე ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში, საქართველოს უსაფრთხოების, თავდაცვითი შესაძლებლობების და მედეგობის განმტკიცებაში მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებაზე“, – განაცხადა ბერაიამ.

დელეგაციის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ „საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე წევრი სახელმწიფოების მხრიდან“. „ასამბლეის დერეფნებში სულ უფრო ხშირად გვესმის, დიდი შეცდომა იყო, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება არ დაჩქარდა და რომ გაწევრების სიაში საქართველო ფინეთის და შვედეთის შემდეგ მომდევნო უნდა იყოს”, – დასძინა მან.

საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სესია 22 მაისს გაიმართება, სადაც დაგეგმილია ლუქსემბურგის პრემიერმინისტრის ხავიერ ბეტელის, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის მირჩა ჯოანისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის გამოსვლა.

ასევე, მიღებული იქნება ორი დეკლარაცია, რომელთაგანაც ერთი კიდევ ერთხელ დაადასტურებს უკრაინის ურყევ მხარდაჭერას და მოუწოდებს მოკავშირე მთავრობებს გააძლიერონ სამხედრო დახმარების აღმოჩენა ამ ქვეყნისთვის. მეორე დეკლარაციაში, როგორც მოსალოდნელია, ასამბლეა რეკომენდაციას გაუწევს რიგი ზომების მიღებას ალიანსის ივლისის სამიტზე ვილნიუსში. დეკლარაცია მოუწოდებს ნატოს ლიდერებს გააძლიერონ ალიანსი სამხედრო გზით, დაიცვან დემოკრატიული ღირებულებები და ფოკუსირება მოახდინონ მოკავშირეთა მედეგობის გაძლიერებაზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button