skip to content
ახალი ამბები

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი თბილისს სტუმრობს

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინა თბილისს სტუმრობს, სადაც იგი 24 მაისს უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. არსებული ცნობით, ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც უმასპინძლებენ. 

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ხავიერ კოლომინას ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 12 პრიორიტეტის შესრულებაზე ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლოს ევროპული საბჭო მიანიჭებს საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. მანვე საქართველოს წინაშე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, განსაკურებით მნიშვნელოვანია, საქართველოს პროგრესი ნატოში გაწევრიანების გზაზე“. შალვა პაპუაშვილმა ამ პროცესში „პირადი ძალისხმევისთვის“ ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პარლამენტისვე ინფორმაციით, თავის მხრივ, ხავიერ კოლომინამ „დადებითად შეაფასა საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობა“ და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და ურყევია ნატოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი“. მანვე აღნიშნა, რომ „ნატო გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას“.

თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რა დროსაც უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, ნატოსთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მინიჭებულ „საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტს“, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს“. ამ კონტექსტში, ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ ნატოს მომავალ სამიტზე, ქალაქ ვილნიუსში ალიანსი საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას დაადასტურებს და პრაქტიკული თანამშრომლობის სპექტრს გააფართოებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე „საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესი“ აღნიშნეს. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია ნატოს მხრიდან საქართველოსათვის სხვადასხვა მიმართულებით გაწეული პრაქტიკული დახმარების გაგრძელება.

ლაშა დარსალიამ და ხავიერ კოლომინამ მიმდინარე წლის ივლისში დაგეგმილ ნატოს ვილნიუსის სამიტისთვის მზადების პროცესზეც ისაუბრეს და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოც მიმოიხილეს. „ალიანსის მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“.

თავად ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე დაწერა, რომ შეხვედრებისას ნატოს ვილნიუსის მოახლოებულ სამიტზე, რეფორმების მიმართულებით ძალისხმევის გაორმაგებაზე, დემოკრატიული სტანდარტების ხელშეწყობაზე და უკრაინის მიმართ მხარდაჭერაზე ისაუბრა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ნატო ერთგულია საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button