სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ აცხადებს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული გალის რაიონის მკვიდრის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სასწრაფო რეაგირებს საჭიროებს. „არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, მძიმე საპატიმრო პირობებმა კიდევ უფრო დაამძიმა მისი ისედაც სუსტი ჯანმრთელობა. ირაკლი ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას. აფხაზეთში პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა, თუმცა, გამოკვლევები არ არის სრულყოფილი შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, იმის გამო, რომ ვერ ხდება დაავადების შესაბამისი გამოკვლევა, ვერ ინიშნება სათანადო და ადეკვატური მკურნალობაც. ირაკლი ბებუას მდგომარეობა მუდმივად მძიმდება, ამ პერიოდში მას აქვს მძიმე ტკივილები თავისა და წელის არეში და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც მან, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი მთავრობის შენობის წინ დროშის ფერებში გამოფენილი ბანერი დაწვა. სწორედ ამ დღეს ოკუპირებული რეგიონი „გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის დღეს“ აღნიშნავდა. 2020 წლის დეკემბერს მას 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.
ირაკლი ბებუას ოჯახს სისტემატიური კონტაქტი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მისი საკითხი განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც, თუმცა, ოჯახის წევრების განცხადებით, არაერთი დაპირების მიუხედავად, ირაკლი ბებუას განთავისუფლებაზე ხელისუფლება დე-ფაქტო ორგანოებთან შეთანხმებას ვერ აღწევს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
- გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით;
- გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და თბილისისთვის გადმოცემის მიზნით;
- ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)