ახალი ამბები

პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა სებ-ის საბჭოს ორ ახალ წევრს მხარი დაუჭირა

დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების არჩევას.

პრეზიდენტმა ორივე კანდიდატურა გასულ კვირას დაასახელა. თუმცა, მისმა საპარლამენტო მდივანმა დღეს განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი უარს აცხადებს კანდიდატურების წარდგენაზე.

მიუხედავად ამისა, საპარლამენტო უმრავლესობამ მაინც დაუჭირა მხარი მათ არჩევას. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კენჭისყრამდე თქვა, რომ მათ ჰქონდათ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის წერილობითი თანხმობა.

უახლოესი ორი თვის განმავლობაში სულ ცოტა ერთი ახალი კანდიდატის დროულად აურჩევლობას შესაძლოა ეროვნული ბანკის უმოქმედობა მოყვეს. ეს შეშფოთება მას შემდეგ გაჩნდა, რაც ბანკის საბჭოს სამი წევრი გუშინ თანამდებობიდან გადადგა. კანონი მოითხოვს, რომ საბჭოს ფუნქციონირების შესანარჩუნებლად ცხრიდან მინიმუმ ხუთი აქტიური წევრი იყოს.

საბჭოს ახალი წევრები

ნანა ყეინიშვილი ხილ-ბოსტნეულის შენახვისა და პირველადი გადამუშავების ტექნოლოგია. მან განათლება 1981-1986 წლებში, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში მიიღო. 2005 წელს ყეინიშვილი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი გახდა, ასევე, 2022 წლიდან არის ფაზისის საერო-სამეცნიერო საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსი. ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წლებში, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით შევიდა პარლამენტში და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. მანამდე კი, 2001-2012 წლებში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი იყო.

თეიმურაზ ხომერიკი 1990-1995 წლებში მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთდროულად იურისპრუდენცია და ეკონომიკა-ფინანსები ისწავლა. 2004-2005 წლებში საჯარო ფინანსების მაგისტრის წოდება მიიღო ტოკიოში, პოლიტიკურ სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტში. ხომერიკმა 2015-2016 დაამთავრა საერთაშორისო განვითარების სწავლებათა უმაღლესი ინსტიტუტი ჟენევაში – სამაგისტრო პროგრამა აღმასრულებელთათვის, დიპლომი განვითარების პოლიტიკასა და პრაქტიკის საკითხებში. თეიმურაზ ხომერიკი სხვადასხვა წლებში იყო სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის ეროვნული პროგრამების კოორდინატორი,  ღირებულებათა ინსტიტუტის დირექტორი,  განყოფილების უფროსი საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისში.

განახლება: 22 სექტემბერს, ფაზისის აკადემიამ განაცხადა, რომ ნანა ყეინიშვილი ფაზისის აკადემიის წევრი არ არის და აკადემია არავის ანიჭებს აკადემიურ წოდებას „აკადემიკოსს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button