skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის  სამოქმედო გეგმა მიიღო

14 სექტემბერს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა, ახლად შემუშავებული დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა მიიღეს, რომელიც ვენეციის კომისიისა და ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე მომზადდა.

პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის მიხედვით, დოკუმენტი  საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს მოიცავს და ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად, კონკრეტულ ვადებს ადგენს. ამავე ინფორმაციით, დოკუმენტი შვიდ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

პრეს-რელიზის თანახმად, დოკუმენტის მიღების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, დამატებითი კონსულტაციები გააგრძელოს ევროპელ პარტნიორებთან. მთავრობის მიერ დოკუმენტის მიღების შემდეგ, სამუშაო პროცესი საქართველოს პარლამენტში გადაინაცვლებს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავების შესახებ ინფორმაცია 8 სექტემბერს, საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გამჟღავნდა. კანონპროექტი მას შემდეგ მომზადდა, რაც 12 ივნისს ვენეციის კომისიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა არ მიეღო დეოლიგარქიზაციის შესახებ  უკვე შემუშავებული კანონპროექტი და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პოტენციური საფრთხე დაასახელა. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მმართველმა გუნდმა გასულ წელს შეიმუშავა, რომელიც პოლიტიკაზე არასათანადო გავლენის შემცირებას ისახავდა მიზნად და ასევე მათივე განმარტებით, იგი არსებითად უკრაინაში 2021 წლის 23 სექტემბერს მიღებული დე-ოლიგარქიზაციის კანონის ასლი იყო, თუმცა მცირედი ცვლილებით, როგორიცაა პოტენციურ ოლიგარქთა რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებლობის პრეზიდენტის ნაცვლად მთავრობაზე დაკისრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button