რა ხდება?
კატალონიელ სეპარატისტებთან სერიოზული დათმობების ფასად და მასობრივი სახალხო პროტესტის ფონზე, სოციალისტმა პედრო სანჩესმა ესპანეთის პრემიერობა შეინარჩუნა. მან კატალონიელ სეპარატისტებს, სხვა უკანონო აქტივობებთან ერთად, 2017 წლის არალეგალური რეფერენდუმის ჩატარების პატიება აღუთქვა და დამნაშავეთა „ამნისტიის კანონის“ მიღებას დათანხმდა.
სანაცვლოდ, 11 ნოემბერს ესპანეთის პარლამენტის, იგივე გენერალური კორტესების ქვედა პალატამ იგი, სეპარატისტების გადამწყვეტი მხარდაჭერით, 179 ხმით 171-ის წინააღმდეგ, პრემიერად დაამტკიცა. სანჩესისა და სეპარატისტების გარიგების წინააღმდეგ ესპანეთში ხალხმრავალი პროტესტი არ წყდება.
ევროკავშირი შიშობს, რომ შეთანხმების განხორციელება კანონის უზენაესობაზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
- ესპანელების მნიშვნელოვანი ნაწილი ფიქრობს, რომ სანჩესმა საკუთარი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფოს ერთიანობა და კანონის უზენაესობა საფრთხის ქვეშ დააყენა. ქვეყანაში ასობით ათასი მოქალაქე პროტესტს არ წყვეტს. წინააღმდეგობის სათავეში არიან ულტრამემარჯვენე პარტია VOX და ივლისის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული მემარჯვენე „სახალხო პარტია (PP).“ სანჩესს აქტიურად ერჩიან “ფრანკისტები,” იგივე ნეონაცისტური ჯგუფებიც. პროტესტი მასშტაბურია, და არავინ იცის როგორ გაგრძელდება ესპანეთის პოლიტიკური ცხოვრება.
- სანჩესს გადაწყვეტილებას ევროკავშირიც უწუნებს. ბრიუსელი თავს არიდებს ხოლმე კანონპროექტების ეროვნულ განხილვებში ჩარევას. თუმცა, დიდიე რეინდერსი, ევროკომისარი მართლმსაჯულების საკითხებში, დაჰყვა “დიდი რაოდენობის მოქალაქეების” მოთხოვნას და მადრიდს ახსნა-განმარტება მოსთხოვა კანონპროექტის შესახებ. ოფიციალურმა მადრიდმა კი, მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი არ წარადგენს კანონპროექტს, მასზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პარტიები არიან და კანონი რომ იარსებებს, მერე ვისაუბროთო. ჩანს, ევროპელებს ეს მშრალი პასუხი არ აკმაყოფილებთ და მომავალ კვირას, ევროპარლამენტი ესპანური დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ბედზე დებატების გამართვას აპირებს. ევროპარლამენტარმა ესპანეთის ოპოზიციური სახალხო პარტიიდან (PP), ესტებან გონსალეს პონსმა მსგავსი დებატების გამართვას უკვე უწოდა ესპანეთის “ტრაგედია.”
- „ამნისტიის კანონი“ და ესპანეთში მიმდინარე პროტესტი საინტერესოა 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების კონტექსტშიც. ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ლიდერმა, მანფრედ ვებერმა „ამნისტიის კანონი“ უკვე გააკრიტიკა. „სახალხო პარტიის“ ოჯახის წევრის მიერ მთავრობის ვერდაკომპლექტება ნამდვილად არასასიამოვნო მოვლენა იყო მათთვის და, შესაძლოა, სანჩესზე ზეწოლა გააძლიერონ.
როგორ მოვედით “ამნისტიის კანონამდე?”
მიმდინარე წლის ივლისში, ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმები ვერცერთმა პარტიამ მოაგროვა და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილას PP გავიდა, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის (PSOE) ლიდერი და სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, პედრო სანჩესი არ დანებდა და სეპარატისტებთან მოლაპარაკებებს შეუდგა.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე პრემიერი სანჩესი სეპარატისტებისთვის ამნისტიის გამოცხადებას გამორიცხავდა, გაჭირვების ჟამს მაინც გადაუხვია სიტყვას – თანაც, დაუფარავად. ახლა ასეა საჭიროო, განაცხადა პრემიერმა და მსოფლიოში ცნობილი კატალონიელი სეპარატისტის, ბელგიაში 2017 წლის „რეფერენდუმის“ შემდეგ გახიზნული კარლეს პუჩდემონის Junts Per Catalunya-ის (ერთად კატალონიისთვის) საპარლამენტო მხარდაჭერის სანაცვლოდ „ამნისტიის კანონს“ დათანხმდა. ამ კანონის შედეგად, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლდება 300-მდე სეპარატისტი, რომლებიც ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის შებღალვისათვის 2012 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში იღვწოდნენ.
რას გულისხმობს “ამნისტიის კანონი?”
„ამნისტიის კანონი” ორი ნაწილისაგან შედგება და მთლიანობაში ოც გვერდზე დიდია. ესპანური ოპოზიცია ფიქრობს, რომ ტექსტი კატალონიური, სეპარატისტული ნარატივებითაა გაჯერებული და ზუსტად არის მორგებული მათ ინტერესებზე. ამნისტია შეეხება მათ, ვინც 2014 წლის “საკონსულტაციო” რეფერენდუმთან ან 2017 წლის არალეგალურ რეფერენდუმთან არის დაკავშირებული. ნაპატიებ დანაშაულებს შორისაა კატალონიის სეცესიის ხელშეწყობა, საჯარო ფუნქციების ბოროტად გამოყენება, დაუმორჩილებლობა, სახელმწიფოს წარმომადგენლებზე თავდასხმა და ა.შ.
ასევე, სეპარატისტების მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს მადრიდის სავარაუდო მზაობა, მოსამართლეების მიერ სეპარატისტების “პოლიტიკურად მოტივირებული” დევნა გამოიძიოს. შეთანხმების ეს ნაწილი, რომელიც წარსულში გამოტანილ განაჩენებს ეხება, ესპანური მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაზე თავდასხმად აღიქმება და სახელმწიფოს მოქალაქეების გაღიზიანებას იწვევს. ნიშანდობლივია შეთანხმების ის ნაწილიც, რომელიც სეცესიური აქტივობების გამო, საჯარო თანამდებობის დაკავებაზე აკრძალვას უხსნის ისეთ სეპარატისტებს, როგორიცაა მაგალითად კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის (ERC) ლიდერი ორიოლ ხუნკერასი.
ERC პარტია Junts-ზე მეტად პრაგმატულია, თუმცა მაინც სეპარატისტული მიდრეკილებებით. არსებობს წუხილი, რომ შესაძლოა ისტორიულ ვატერლოოში მოკალათებული პუჩდემონიც დაბრუნდეს ესპანეთში, თუმცა ამ მხრივ საქმე არც ისე მარტივია და ჯერჯერობით არაა ცხადი, რამდენად გარისკავს იგი. ნიშანდობლივია ისიც, რომ საკუთრიც „ამნისტიის კანონი“ არ გულისხმობს სეპარტისტული აქტივობების ლეგალიზებას. ნებისმიერ შემთხვევაში, სეპარატისტებს გული მოეცათ, და ნაკლებად სავარაუდოა, რომ სანჩესის სურვილი შიდასახელმწიფოებრივი ჰარმონიის შესახებ ნამდვილად ახდეს.
სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ სეპარატისტებსაც მოუწიათ დათმობებზე წასვლა. მაგალითად, შეთანხმება არ ახსენებს “კატალონიელ ერს,” რაც პუჩდემონისნაირი ლიდერებისათვის მნიშვნელოვანი იარაღი იქნებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის გაგრძელების გზაზე. რადიკალი კატალონიელები ამას ღალატად მიიჩნევენ და შეიძლება პუჩდემონის პარტია განხეთქილების წინაშე დადგეს.
ასევე, კატალონიის დამოუკიდებლობის მომავალ რეფერენდუმზე არსებული მითითება ნათლად ამბობს, რომ თუკი ის შედგება, მხოლოდ პრემიერის თანხმობით და თანაც ესპანეთის მთელი მოსახლეობის მონაწილეობით, რაც სეპარატისტებისათვის ამგვარი რეფერენდუმის წარუმატებლობას ნიშნავს.
მართალია, საერთაშორისო მედია ძირითადად კატალონიელ სეპარატისტებზე საუბრობს, თუმცა ამნისტიის კანონზე მზაობის შედეგად, სანჩესმა ბასკური, გალიციური და კანარის კუნძულების ნაციონალისტური ჯგუფების მხარდაჭერაც მიიღო. ასევე, უსამართლობა იქნება სრული პასუხისმგებლობის მხოლოდ სოციალისტურ PSOE-ზე დაკისრება. სეპარატისტებთან გარიგებაზე უარი არ თქვა არც ულტრამემარცხენე Sumar-მა, რომელიც სანჩესის კოალიციურ მთავრობაში იქნება წარმოდგენილი.
რას უნდა ველოდეთ?
„ამნისტიის კანონპროექტის“ კანონად ქცევა მარტივი საქმე არ იქნება და სავარაუდოდ მის დამტკიცებას რამდენიმე თვე მაინც დასჭირდება. გენერალური კორტესების ქვედა პალატის მიერ დამტკიცების შემდეგ, კანონპროექტი ზედა პალატას, ანუ სენატს გადაეგზავნება, სადაც უმრავლესობა სანჩესის ოპოზიციას, „სახალხო პარტიას“ აქვს. მართალია, ეს უკანასკნელი დიდი ალბათობით მხოლოდ „ამნისტიის კანონის“ შეყოვნებას შეძლებს, მაგრამ სანჩესისათვის ესეც შეიძლება პრობლემად იქცეს.
ამასთანავე, შესაძლოა სადავო გახდეს დოკუმენტის კონსტიტუციურობის საკითხიც და შესაბამისად, დიდი ალბათობით ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოც იმსჯელებს, რასაც თავისმხრივ დრო დასჭირდება.
ამნისტიის კანონპროექტის საწინააღმდეგო პროცესი დაძრულია ევროკავშირშიც. არც ესპანეთში წყდება მასობრივი პროტესტი. შესაბამისად, ჩანს, რისკიან პედრო სანჩესს კიდევ ბევრი ქარტეხილის გადატანა მოუწევს და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრობა მისთვის სულაც არ იქნება არც გარანტირებული და მით უმეტეს, არც მშვიდი და კომფორტული.