skip to content
ევროპამთავარი თემა

ესპანეთი: იმედიანი არჩევნები გამარჯვებულის გარეშე

რა მოხდა?

23 ივლისს ესპანეთში ვადამდელი არჩევნები ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, მთავრობის დამოუკიდებლად დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა პარტიამ მიიღო.

მომდევნო კვირებში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისათვის მოქმედი მემარცხენე პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტია (PSOE) და კონსერვატორ ალბერტო ნუნეს ფეიხოს სახალხო პარტია (PP) იბრძოლებენ. თუმცა, ამ ორი მსხვილი პარტიის უმცროსი მოკავშირეების სავალალო შედეგების გამო, სავარაუდოა, რომ ესპანეთს უახლოეს მომავალში ახალი მთავრობა ვერ ეყოლება და ქვეყანაში ხელახალი არჩევნები გაიმართება.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

  • იტალიის, შვედეთისა და ფინეთის მსგავსად, პირველად ფრანსისკო ფრანკოს გარდაცვალების შემდეგ, ულტრამემარჯვენეებს ესპანეთშიც ჰქონდათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების რეალური შანსი, თუმცა ამ არჩევნებმა ეს საფრთხე გააქარწყლა.
  • კონსერვატორების შედეგი ესპანეთში მნიშვნელოვანია 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების კონტექსტშიც. ევროპულ დონეზე მემარჯვენეების კიდევ უფრო გაძლიერებას გავლენა ექნება ევროკავშირის პოლიტიკაზე, მათ შორის კლიმატის ცვლილებისა და მიგრაციის მიმართულებით.
  • 2023 წლის 1-ლი ივლისიდან, ექვსი თვის ვადით, ესპანეთის ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი სახელმწიფოა. ხელისუფლების ცვლილების პროცესში გართულმა ოფიციალურმა მადრიდმა, შესაძლოა ყურადღება მოაკლოს საერთო ევროპულ პოლიტიკას, მათ შორის უკრაინაში ომის საკითხს.
  • ესპანეთი ეკონომიკის სიდიდით ევროკავშირში მეოთხე ადგილზეა. მემარჯვენეების და მემარცხენეების დაპირისპირების შედეგი გადამწყვეტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მოდელისათვის, რაც სავარაუდოდ ევროკავშირში პოლიტიკურ დინამიკაზეც იქონიებს გავლენას.

არჩევნების შედეგები: ანალიზი

მას შემდეგ, რაც 2023 წლის მაისის რეგიონულ არჩევნებში მისმა პარტიამ სავალალო შედეგები აჩვენა და მემარჯვენეებთან დამარცხდა, სოციალისტმა პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა, ყველასათვის მოულოდნელად, ივლისის თვეში ესპანეთის პარლამენტის, იგივე გენერალური კორტესების არჩევნები დანიშნა.

გაუსაძლისი სიცხისა და პოლიტიკურად პასიური პერიოდის მიუხედავად, ესპანელებმა მაინც იაქტიურეს. თუმცა, მომავალი მთავრობის ბედი და ვინაობა ისევ გაურკვეველი რჩება.

350-კაციან ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად 176 ხმაა საჭირო, ვერც მემარჯვენე და ვერც მემარცხენე კოალიცია ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს, თუმცა შეიძლება გასაღები კატალონიელ და ბასკ სეპარატისტებს ეპყრათ ხელთ.
  • ესპანეთის ოპოზიციურმა მემარჯვენე-ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ (PP) გააუმჯობესა 2019 წლის შედეგები, ყველაზე მეტი ხმა მიიღო და ამჯერად კორტესების ქვედა პალატაში 47-ით მეტი დეპუტატი, სულ 136 წარმომადგენელი ეყოლება. ამის მიუხედავად, აღნიშნული წარმატებად ვერ ჩაითვლება პარტიის ახალი ლიდერის, ალბერტო ნუნეს ფეიხოსთვის. ჩანს, მას არ ეყოფა საპარლამენტო ხმები მთავარი მიზნების, სანჩესის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისა და თავად გაპრემიერების მისაღწევად. ამბობენ, ფეიხოს ამომრჩეველმა კონკურენტთან ერთადერთ პირდაპირ ტელედებატზე მოუსვლელობა და არჩევნებისას როყიო ლაპარაკი არ აპატიაო.
  • სახალხო პარტიისაგან განსხვავებით, ერთმნიშვნელოვანი მარცხი იგემა ულტრამემარჯვენე, ანტიფემინისტრუმა და ანტი-ლგბტქ “ვოქსმა.”  მას მხოლოდ 33 დეპუტატი ეყოლება, რაც 19-ით ნაკლებია წინა არჩევნებში მიღებულ შედეგზე. როგორც ჩანს, ესპანეთის მოქალაქეები სახალხო პარტიისა და “ვოქსის” სავარაუდო კოალიციურმა მთავრობამ შეაშფოთა, ადამიანის უფლებებზე ამგვარი კავშირის უარყოფითი გავლენის გამო. წინასაარჩევნო პერიოდში სოციალისტების მთავარი იარაღი მემარჯვენეების წინააღმდეგ სწორედ მათი ფაშისტობაში დადანაშაულება იყო და ამაში მას “ვოქსის” ტოქსიკური კამპანიაც წაეხმარა.
  • სამაგიეროდ, ნაწინასწარმეტყველებზე მეტად წარმატებული აღმოჩნდა ეს არჩევნები პრემიერ სანჩესისა და მისი პარტიისათვის. მართალია სოციალისტური მუშათა პარტიის მიერ მიღებული 122 ხმა საკმარისი არ არის მთავრობის დასაკომპლექტებლად, თუმცა ულტრამემარცხენე გაერთიანება “სუმართან,” ასევე ბასკურ და კატალონიურ სეპარატისტულ პარტიებთან კოლაბორაციით სანჩესს პრემიერობის შენარჩუნების შანსი მაინც აქვს.  აღსანიშნავია, რომ სეპარატისტებთან თანამშრომლობა სანჩესისათვის უცხო არ არის. მან სწორედ ამ გზით შეინარჩუნა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2019 წელს. სანჩესის პარტიას ესპანეთის ეკონომიკის მართვაში დიდი წარმატებები აქვს, თუმცა თავად ლიდერს ქარიზმა აკლია და სატელევიზიო გამოსვლები არ ეხერხება. ამ ხარვეზის გამოსასწორებლად თურმე კამპანიაში აქტიურად ჩაერთო ყოფილი პრემიერი ხოსე ლუის როდრიგეს ზაპატერო, რომლის წერილები პრესაში და გამოსვლები ტელევიზიით ფრიად შთამბეჭდავი იყოო, ამბობენ მიმომხილველები.
  • პარტია “სუმარი”, რომელიც წინა არჩევნებში წარმატებული “პოდემოსის” და სხვა მკვეთრად მემარცხენე და მწვანე პარტიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ფარად აღიმართა “ვოქსის” წინააღმდეგ. მისი ლიდერის, იოლანდა გომესის შთამბეჭდავი კამპანია სანჩესის ნელთბილი გამოსვლების ფონზე ბევრად მომგებიანად მოჩანდა და იმედგაცრუებული თუ პასიური მემარცხენე ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან მიიყვანა.
  • როგორც უკვე ვახსენეთ, პედრო სანჩესს სასიცოცხლოდ სჭირდება სეპარატისტების დახმარება. მოქმედი პრემიერისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტია Junts per Catalunya-ს (ერთად კატალონიისთვის) მხარდაჭერა. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, უკვე განაცხადა, რომ სანჩესს კატალონიის “ვალი” აქვს და მის გვერდში დადგომას თავისი საფასური ექნება. შეგახსენებთ, რომ Junts per Catalunya-ს დე ფაქტო ლიდერი კარლეს პუჩდემონია, რომელიც 2017 წლის კატალონიის არალეგალური რეფერენდუმის შემდეგ ბელგიაშია გაქცეული. სანჩესს ბევრი აკრიტიკებდა მარჯვნიდანაც და მარცხნიდანაც, რომ კატალონიელი სეპარატისტები შეიწყალა. თუმცა მისმა გათვლამ, ჩანს, გაამართლა – რადიკალი სეპარატისტები კატალონიაში მესამე-მეოთხე ადგილებზე გავიდნენ და პროვინცია ახლა უფრო წყნარადაა, ვიდრე რამდენიმე წლის წინათ.

რა მოხდება ახლა?

როგორც კი ახალი პარლამენტი შეიკრიბება, ეს კი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში მოხდება, ესპანეთის მეფე პოლიტიკურ პარტიებს შეხვდება და იმ ლიდერს შესთავაზებს მთავრობის ფორმირებას, ვისაც ყველაზე მეტი მხარდამჭერი ეყოლება.

კენჭისყრა სექტემბრის ბოლოს შედგება. პირველ ჯერზე კაბინეტს 176 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. თუ ეს მხარდაჭერა ვერ მიიღო, მაშინ 48 საათის შემდეგ მეორე კენჭისყრა ჩატარდება, სადაც ხმის მიმცემთა უბრალო უმრავლესობა იქნება საკმარისი.

თუკი კაბინეტმა პირველი კენჭისყრით ვერ დაიბევა პარლამენტის მხარდაჭერა, წამმზომი წიკწიკს იწყებს: ორი თვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მეფემ უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ახალი არჩევნები დანიშნოს.

დღეისათვის შემდეგი სცენარებია შესაძლებელი:

  • სახალხო და სოციალისტური პარტიების “დიდი კოალიცია” – ეს ვარიანტი თავად ფეიხოოს არ გამოურიცხავს, თუმცა სოციალისტები და, განსაკუთრებით, “სუმარი” ამ იდეას ჯერჯერობით ეწინააღმდეგებიან.
  • მემარცხენე კოალიცია – სოციალისტები და სუმარი, რეგიონული პარტიების მხარდაჭერით და სეპარატისტების “ჩუმი მხარდაჭერით” (ანუ ისინი წინააღმდეგ არ მისცემენ ხმას). ეს ვარიანტი ამჟამად ყველაზე რეალისტურად მოჩანს, თუმცა კატალონიელები სავაჭროდ არიან განწყობილი.
  • ახალი არჩევნები – თუკი ვერცერთი ზემოაღნიშნული ვარიანტი ვერ განხორციელდა, ამ წლის ბოლოს ან 2024 წლის იანვარში ახალი არჩევნები დაინიშნება, მანამდე კი სანჩესის კაბინეტი მოვალეობის შემსრულებლის როლში განაგრძობს მუშაობას. ესპანეთს ამგვარად ფუნქციონირების გამოცილება აქვს და ამისთვის ხშირად “სამხრეთის ბელგიასაც” კი უხმობენ ხოლმე, თუმცა ამგვარ პირობებში პოლიტიკური მმართველობა შეზღუდულია – პარლამენტი დათხოვნილია და მთავრობას კანონების მიღება მხოლოდ საგანგებო შემთხვევაში შეუძლია, დეკრეტით.

არჩევნები და ესპანეთის საგარეო პოლიტიკა

მიუხედავად შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ცხარე წინასაარჩევნო დაპირისპირებისა და პოლარიზაციისა, საერთაშორისო ურთიერთობები ნამდვილად არ ყოფილა ესპანური არჩევნების მთავარი თემა და შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის კუთხით ფუნდამენტური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

2018 წლიდან დღემდე, პრემიერ პედრო სანჩესის მმართველობის პირობებში, ესპანეთი ევროპულ ასპარეზზე აქტიურობით გამოირჩეოდა და ჩანს, რომ ამ კურსის გაგრძელებას მემარჯვენეებიც გეგმავდნენ. მართალია ალბერტო ნუნეს ფეიხოს საგარეო ურთიერთობებში სანიმუშო გამოცდილება არ აქვს, თუმცა მისმა პარტიამ მაინც დაიკავა პრინციპული პოზიციები და მაგალითისათვის, გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის დახმარების გაგრძელებისა და რუსეთთან სანქციების რეჟიმის შენარჩუნების პირობა დადო.


სტატია მოამზადა გიორგი ქელბაქიანმა, რეიტერის, ეკონომისტის, პოლიტიკოს, ეურაქტივისა და ფრანს 24-ის მასალებზე და საკუთარ ცოდნაზე დაყრდნობით.

მსგავსი/Related

Back to top button