ესპანეთი: სანჩესმა კატალონიელები მოთაფლა
რა ხდება?
ხუთშაბათს, 9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი სოციალისტური პარტიიდან, პედრო სანჩესი, სეპარატისტულ Junts Per Catalunya (ერთად კატალონიისთვის) პარტიას საბოლოოდ შეეკრა და “ამნისტიის კანონის” მიღებას დათანხმდა.
მანამდე დადებული პირობის მიუხედავად, სანჩესი, პრემიერად დარჩენაში დახმარების სანაცვლოდ, სეპარატისტებს 2017 წელს კატალონიაში უკანონოდ მოწყობილ დამოუკიდებლობის რეფერენდუმს აპატიებს. ესპანელები შიშობენ, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობას საფრთხე ექმნება. მოსახლეობის ნაწილს სეპარატისტების კიდევ უფრო გაძლიერებისა ეშინია.
როგორ მოვედით აქამდე?
წელს, ივლისში, ესპანეთში გენერალური კორტესების არჩევნები ჩატარდა და როგორც მანამდე ვარაუდობდნენ, პირველ ადგილზე სანჩესის ოპონენტის, მემარჯვენე ალბერტო ნუნეს ფეიხოს სახალხო პარტია (PP) გავიდა. ამის მიუხედავად, სანჩესმა ნუნესს მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება არ მისცა, შედარებით მცირე პარტიებთან, მათ შორის სეპარატისტებთან დაიწო მოლაპარაკებები და მათი მხარდაჭერით, კვლავაც პრემიერად რჩება.
რატომაა ეს მნიშვნელოვანი?
- სანჩესისა და სეპარატისტების გარიგებით, ესპანეთი ვადამდელი არჩევნების თავისტკივილს აირიდებს თავიდან, რაც უამისოდ ალბათ გარდაუვალი იყო..
- სახელმწიფოში მაინც რჩება მღელვარების საფრთხე, რადგან ესპანეთის ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა პრემიერს კანონის უზენაესობის შებღალვაში ადანაშაულებს;
- “ამნისტიის კანონით” კმაყოფილი არც ევროკავშირია. მან უკვე გამოხატა “სერიოზული წუხილი” კანონპროექტის შესახებ და ესპანეთს დამატებითი ინფორმაცია მოსთხოვა;
- კარლეს პუჩდემონი, 2017 წლის შემდეგ ბელგიაში გახიზნული სეპარატისტი ლიდერი, არ ჰგავს გარიგების სანაცვლოდ კომპრომისზე წამსვლელს. ის აცხადებს, რომ გააგრძელებს კატალონიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. თუმცა ამბობს, რომ კმაყოფილია, რადგანაც კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში გადაინაცვლებს.
რას უნდა ველოდეთ?
სავარაუდოდ, ესპანეთის საკანონმდებლო ორგანო “ამნისტიის კანონს” მომავალ კვირას მიიღებს და მომავალ კვირასვე დაკანონდება პედრო სანჩესის ხელახალი პრემიერობაც. სეპარატისტების შეწყალების რა მასშტაბებზეა საუბარი, ეს ჯერჯერობით ბოლომდე გასაგები არ არის და შესაბამისად, ამ კანონისა და ესპანეთზე მისი გავლენის შესახებ მეტ ინფორმაციას რამდენიმე დღეში მივიღებთ, როცა ესპანეთის მთავრობა იძულებული გახდება, ევროკავშირსა და საკუთარ მოქალაქეებს სრული ინფორმაცია მიაწოდოს გადაწყვეტილების შესახებ.