გაფართოების ჩრდილქვეშ
გასულ კვირას, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ურჩია. საქართველოს გარდა, ევროპულ გზაზე წინ წაიწიეს უკრაინამ და მოლდოვამ – ევროკომისიამ ამ ქყევყნებთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი აუნთო. ჯერჯერობით, წინ ვერ წაიწია ბოსნია და ჰეცოგოვინამ – ევროკომისიამ გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას რეკომენდაცია არ გაუწია. აწი, ჯერი ევროპულ საბჭოზეა, რომელიც 14-15 დეკემებერს შეიკრიბება და ამ ქვეყნების ევროპულ პერსპექტივებზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. მოლოდინები ზომიერად დადებითია, თუმცა წინ რთული და თავგადასავლებით სავსე გზაა გასავლელი.
სერბეთის ბუნდოვანი მომავალი
ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები 17 დეკემბერს ჩანიშნა. საპარლამენტოსთან ერთად, 17 დეკემბერს სერბეთში ადგილობრივი არჩევნებიც ჩატარდება. ამ არჩევნებზე, ვუჩიჩის “პროგრესული პარტია” შერყეული ძალაუფლების გამყარებას და ნდობის განახლებული მანდატის მოპოვებას შეეცდება. ვუჩიჩი, უშანსოდ ნამდვილად არაა – ბოლო გამოკითხვებით, მისი პარტია 44%-იანი მხარდაჭერით სარგებლობს. ოპოზიციურ კოალიციას კი, რომელიც მწვანეებს, მემარცხენე და ცენტრისტულ ძალებს აერთიანებს 38%-იანი პოპულარობა აქვს. ამავე გამოკითხვებით, მკვეთრად პრო-რუსულად განწყობილი სერბული პოლიტიკური ძალები თურმე საერთო ჯამში დაახლოებით 11%-ს აგროვებენ.
მიტევებული სეპარატიზმი
ესპანეთის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და სოციალისტების ლიდერმა, პედრო სანჩესმა კატალონიელი სეპარატისტების ამნისტია შეათანხმა. სანჩესის სოციალისტური პარტია უკვე მოურიგდა ამნისტიის პირობებზე ორივე კატალონიურ პოლიტიკურ ძალას, რომელთაც ესპანეთის 350 მანდატიან პარლამენტში 7-7 წარმომადგენელი ჰყავთ. საიდუმლო არაა, რომ ეს წინააღმდეგობრივი ამნისტია პედრო სანჩესს მყარი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად, საჭირო ხმების მოპოვებაში დაეხმარება. მემარჯვენე პარტიები კატალონიელი სეპარატისტების ამნისტიას აპროტესტებენ და სანჩესს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ქვეყნის გაყიდვაში ადანაშაულებენ. სანჩესის მთავრობა ამნისტიის კანონპროექტს პარლამენტს ამ დღეებში წარუდგენს.
საფრანგეთის ახლოაღმოსავლური ჭოჭმანი
BBC-ისთან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ისრაელს ღაზაზე გაუმართლებელი თავდასხმების შეჩერებისა და ზოგადად, ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. “ფაქტიურად, დღეს ბომბავენ და კლავენ მშვიდობიან მოსახლეობას – ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. ამ დაბომბვებს არ გააჩნიათ არანაირი საფუძველი და ლეგიტიმურობა. ამიტომაც, ჩვენ ისრაელს შეჩერებისკენ მოვუწოდებთ” – უთხრა საფრანგეთის თავკაცმა ბრიტანულ მაუწყებელს. მაკრონის აზრით, ღაზას მასიური დაბომბვები მხოლოდ გაახანგრძლევებს კონფლიქტს და არა ისრაელის სასარგებლოდ. მაკრონის შეგონებებს თელ-ავივიდან უპასუხა ომში ჩაფლულმა ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ – ისრაელი კი არა, ჰამასის ქმედებები უნდა დაგმო და გვერდში ამომიდგე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ტერორისტულ აქტებს ხვალ პარიზში მოგიწყობენო. თუმცა, საფრანგეთის საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოზიცია ნიუანსირებულია: ასობით ათასი ფრანგი გამოვიდა ანტისემიამიტიზმის დასაგმობად პარიზის ქუჩებში და გამოსვლამ ფრიად მშვიდობიანად ჩაიარა.
ბერლინი ისრაელის გვერდით
ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს მხარს არ უჭერს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი. კანცლერი თვლის, რომ ეხლა ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერება მცდარი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ეს, ჰამასს ძალების აღდგენის საშუალებას მისცემდა. შოლცი არ მალავს, რომ ის უფრო ჰუმანიტარული პაუზების მომხრეა, რათა დახმარებამ მოსახლეობამდე მიაღწიოს და უცხოელ მოქალაქეებს კონფლიქტის ზონის დატოვების საშუალება მიეცეთ. ამასობაში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, კონფლიქტის დაწყებიდან უკვე მესამედ ჩავიდა ისრაელში.
ერდოღანის “ჩამოწერილი” ნეთანიაჰუ
ბოლო ხანებში, მეტად გაღრმავდა თურქეთ-ისრაელის უთანხმოება. თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ისრაელის თავკაცზე უთქვამს – ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარაა ის კაცი, ვისთანაც დალაპარაკება შეიძლებაო. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერი “ჩამოწერილად” მოიხსენია და მასთან ყოველგვარ კონტაქტზე უარი თქვა. ერდოღანის თურქეთი ისრაელის მთავრობას ომის დანაშაულებსა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში ღიად ადანაშაულებს. თურქეთის პროკურატურამ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრა და ისრაელის პრემიერის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოითხოვა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურქეთი ინარჩუნებს ფრიად შეზღუდულ დიპლომატიურ ურთიერთობებს ისრაელთან.
ბრიტანეთის შენჯღრეული კაბინეტი
ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა სტატიაში ლონდონის პოლიციის კრიტიკისა და ძლიერი ანტი-პალესტინური განწყობების გამო, სამეფოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრეივერმანი თანამდებობიდან გადააყენა. სუელა ბრეივერმანის გადადგომას, ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც მოჰყვა – საგარეო საქმეთა მდივანმა ჯეიმს ქლევერლიმ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაინაცვლა, ხოლო საგარეო საქმეთა მდივნის პრესტიჟული პორტფელი ყოფილმა პრემიერმა, დევიდ კამერონმა ჩაიბარა. დააქვეითეს ჯანდაცვის მინისტრი, სტივ ბარკლი, რომელიც გარემოს დაცვისა და სურსათის მინისტრის თანამდებობას დასჯერდა, ხოლო ჯანდაცვის მდივნის სავარძელი ვიქტორია ატკინსს ანდეს.
დაკანონებული პარტნიორობა
ლატვიის პარლამენტმა ბოლო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ლატვიაში დაკანონდება სამოქალაქო პარტნიორობები, მათ შორის, ერთსქესიან პარტნიორებს შორის. ეს საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს ზრდასრულ პარტნიორებს შორის კავშირის ნოტარიულად რეგისტრაციას, პარტნიორებზე იგივე საგადასახადო შეღვათების გავრცელებას, რაც გააჩნიათ დაოჯახებულებს, პარტნიორზე სამედიცინო ზრუნვის უფლებას, გარდაცვლილი პარტნიორის პენსიიდან წილის მიღებას და სხვა სიკეთეებს. ამ ეტაპზე, სამოქალაქო პარტნიორობის ლატვიური მოდელი შვილად აყვანას, მემკვიდრეობისა და საზიარო საკუთრების უფლებებს არ ითვალისწინებს.