ოპოზიციონერი დეპუტატები ოჩამჩირის პორტში რუსეთის საზღვაო ფლოტის ბაზირების გადაწყვეტილებაზე ნატოსა და ევროკავშირს მიმართავენ
50-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით 2 ნოემბერს ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საგანგებო განცხადებით მიმართა და რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დაკავება მოითხოვა. მანამდე მმართველმა პარტიამ ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, რამაც უბიძგა ოპოზიციას, რომ პარტნიორებისთვის ერთობლივი განცხადების ფორმით მიემართა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ „ერთხმად და მტკიცედ“ გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის − ოკუპაციას, მილიტარიზაციას და მათი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებებს. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის გახსნის გადაწყვეტილების, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში ინტეგრაციის მცდელობის გამო.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ საქართველოს უქმნის საფრთხეს, არამედ დამატებითი გამოწვევაა მთლიანად შავი ზღვის ფართო რეგიონისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მუდმივი სამხედრო ფლოტის ბაზირება ოჩამჩირის პორტში ასევე დამატებითი საფრთხეა ევროკავშირის მიერ ინიცირებული შუა დერეფნის პროექტის განხორციელებისთვის.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის გაგრძელებაა. „შესაბამისად, ცივილიზებულმა დასავლეთმა უნდა შეაკავოს რუსეთის რევიზიონისტული პოლიტიკის გამოვლინება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში“, – აცხადებენ დეპუტატები.
„მოვუწოდებთ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, „დაიმოწმოს და ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის აგვისტოს ომსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც საქართველოს რეგიონებში − ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ადმინისტრაციული პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი“.
„ვადასტურებთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ინტენსიური და პროაქტიური თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებსა და საპარლამენტო ასამბლეებთან, რათა მოვახდინოთ ძალისხმევის კოორდინაცია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დასაცავად“, – ნათქვამია განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/10/2023 – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ხელისუფლებას ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის მშენებლობაზე სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდებს
- 24/10/2023 – უკრაინის დაზვერვის სამსახური: რუსეთი შავი ზღვის ფლოტის გემების ყირიმიდან აფხაზეთში გადაყვანას გეგმავს
- 10/10/2023 – ნიკოლოზ სამხარაძე საქართველოსა და რუსეთში შვეიცარიის ელჩებს შეხვდა
- 29/09/2023 – რუსული სარაკეტო გემი „ციკლონი“ სოხუმის პორტში შევიდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)