skip to content
ინტერვიუ

ინტერვიუ | ალექსანდრე ვინიკოვი: საქართველოს ნებისმიერი პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით ასევე არის პროგრესი ნატოს საბოლოო წევრობისკენ

2023 წლის მიწურულს, “სამოქალაქო საქართველო” საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, ალესქანდრე ვინიკოვს გაესაუბრა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ნატო-საქართველოს ინტეგრაცია, მიღწევები და გამოწვევები, საქართველოს რეფორმები, ნატოს ხედვა შავ ზღვასთან დაკავშირებით და ალიანსის პრიორიტეტები ახლო მომავლისთვის.

ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი დატვირთული განრიგიდან გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ინტერვიუზე. ვფიქრობ, “სამოქალაქო საქართველო”-ს მკითხველისათვის ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ ვითარდება ნატო-საქართველოს ურთიერთობები. ახლა წლის ბოლოა და შესაბამისად კარგი მომენტია შეჯამებისთვის. ამრიგად, პირველი კითხვა, რომლითაც მინდა დავიწყო, არის…როგორ განვითარდა ნატო-საქართველოს ურთიერთობები 2023 წელს? და ამ კონტექსტში, სულ რაღაც გუშინ და გუშინწინ, საქართველომ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ ვიზიტის შესახებაც ოფიციალური ინფორმაციის მიღმა? როგორია თქვენი შეფასება და რა მთავარი შედეგები გამოიღო ამ ვიზიტმა?

პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო ყველა ჩვენგანის, საქართველოს, ნატოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მაგრამ ვფიქრობ მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო რჩება ნატოს ერთ-ერთ უახლოეს პარტნიორად, ხოლო ნატოსა და ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით, როგორც ყოველთვის, ახლაც ძლიერია და ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომის ფონზე, რომელიც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის ყველაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. წელს იყო ბევრი გამორჩეული მომენტი ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. განხორციელდა ბევრი მაღალი დონის ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინიდან. თქვენ ახსენეთ სულ ბოლო ვიზიტი, რომელიც ამ კვირაში იყო.  ასევე, წელს შედგა ნატო-საქართველოს კომისიის მნიშვნელოვანი შეხვედრები ბრიუსელში, სადაც მაღალი თანამდებობის ქართველი ოფიციალური პირები ჩამოვიდნენ. საქართველო ასევე წარმოდგენილი იყო ჩვენს სულ ბოლო სამიტზე ამ ზაფხულს, ვილნიუსში.

ასევე ვიტყოდი, რომ, დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა კვლავ ძალიან მაღალ დონეზეა. ჩვენ აღვნიშნეთ საკვანძო მოვლენა ჩვენს პრაქტიკულ თანამშრომლობაში მაშინ, როცა საქართველოს სანაპირო დაცვის ტაქტიკურმა ქვედანაყოფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში “ზღვის მცველი” მიიღო მონაწილეობა.

და ასევე, ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა შარშან მადრიდის სამიტზე შეთანხმებული, საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის ზომების განხორციელებაზე, კერძოდ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მეშვეობით.

რაც შეეხება სპეციალური წარმომადგენლის ბოლო ვიზიტს – ეს წელს მისი მეორე ჩამოსვლა იყო საქართველოში. ვფიქრობ, ბოლო ვიზიტი განსაკუთრებით პროდუქტიული იყო და ზუსტად საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების კვალდაკვალ განხორციელდა. ამრიგად, ვიტყოდი, რომ ვიზიტს ფონად ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობა გასდევდა. მას [სპეც. წარმომადგენელი კოლომინას] მაღალი რანგის ყველა თანამდებობის პირთან, მათ შორის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან და ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა ჰქონდა.

იგი სახალხო დიპლომატიის კუთხით გამართულ აქტივობებშიც ჩაერთო, შეხვდა სტუდენტებსა და მედიას, კონტაქტი ჰქონდა მაუწყებლობებთან. ამრიგად, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პოზიტიური ვიზიტი იყო. რაც შეეხება მთავარ გზავნილებსა და შედეგებს, ვფიქრობ აღსანიშნავია ის, რომ ნატო და ევროკავშირი ერთი მედლის ორი მხარეა.

სპეციალურმა წარმომადგენელმა ამ ფაქტს გაუსვა ხაზი. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ გამოიყენონ ამ ისტორიული გადაწყვეტილებით შექმნილი იმპულსი, რათა ევროატლანტიკურ გზაზეც ჰქონდეთ პროგრესი. ეს იმიტომ, რომ ნებისმიერი პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირის მიმართულებით აქვს, არის ასევე პროგრესი ნატოს საბოლოო წევრობისკენ.

დიდი მადლობა ამ შეჯამებისთვის. ამ კონტექსტში, მინდა გკითხოთ ზოგიერთი ექსპერტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებების შესახებ, რომელთა მიხედვითაც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით იმპულსი ბოლო წლებში გარკვეულწილად შემცირდა. ამ აღქმას იზიარებს ასევე საქართველოს ზოგიერთი დიდი ხნის პარტნიორიც. მაგალითად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ამ ზაფხულს თქვა, რომ მისი აზრით საქართველოს ხელმძღვანელობას ახლა “ნამდვილად არ სჯერა ნატოში გაწევრიანების და ამიტომ ამ დღის წესრიგს დიდად არ აძლევენ ბიძგს.” იმ ადამიანებს, ვინც ამ მოსაზრებას იზიარებს, არგუმენტად მოჰყავთ არაერთი კრიტერიუმი, მათ შორის მაღალი დონის ვიზიტების რაოდენობა, ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებული გზავნილები ან უფრო სწორად, მათი არ არსებობა, ან სულაც ამ საკითხის ხილვადობის ნაკლებობა ქართულ პოლიტიკურ დისკურსში.

ზოგჯერ სულაც საუბარია ნატოში ინტეგრაციის მიზნების დამაზიანებელ რიტორიკაზეც. საკმარისია წელს GLOBSEC-ის ფორუმზე პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გავიხსენოთ. როცა ჰკითხეს, თუ რატომ დაიწყო, მისი აზრით, რუსეთმა ომი უკრაინასთან, მან უპასუხა, ვციტირებ: “ვფიქრობ ყველამ იცის მიზეზი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ნატოს გაფართოება იყო.” ამგვარი რიტორიკა, რა თმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩენილა. რას ფიქრობთ ამგვარ შეფასებაზე ინტეგრაციის შემცირებულ იმპულსთან დაკავშირებით?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს – მას შემდეგ, რაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, საქართველოს აქვს წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც ნატოსთან დასაახლოებლად ნამდვილად არის მის ხელთ არსებული მთავარი ინსტრუმენტი. და წლიური ეროვნული პროგრამის პროცესის მეშვეობით, საქართველოს აქვს რეფორმების სტრატეგიული გზამკვლევი, რომელზე დაყრდნობითაც მოკავშირეები მას აწვდიან რეკომენდაციებს და აძლევენ მიმართულებებს, რათა ნატოს წევრობის მოთხოვნებთან მიახლოებაში დაეხმარონ. ამ წლების განმავლობაში, საქართველომ ბევრი მიმართულებით, განსაკუთრებით კი, რა თქმა უნდა, მისი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ტრანსფორმაციის კუთხით შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. თუმცა, მეტის გაკეთებაა საჭირო.

ბოლო წლებში ჩვენ როგორც საჯაროდ, ისე პირადად გამოვხატეთ წუხილი საკვანძო რეფორმების შენელებასთან დაკავშირებით ისეთ სფეროებში, როგორებიცაა სასამართლო და საარჩევნო რეფორმები, მედიის თავისუფლება, სხვა ფუნდამენტური თავისუფლებები, უსაფრთხოების სფეროს დემოკრატიული ზედამხედველობა. როცა საქმე ეხება ასპირანტ ქვეყანას, მოკავშირეებისთვის ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს არის ღირებულებები, რომლებსაც ველით, რომ ჩვენი ასპირანტი პარტნიორები და მომავალი მოკავშირეები გაიზიარებენ. ამიტომაც მოვუწოდებთ საქართველოს, და არამხოლოდ მთავრობას, არამედ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ შეასრულონ კონსტრუქციული როლი საქართველოსთვის ამ ძალიან რთული, მაგრამ აუცილებელი რეფორმების გატარებაში.

გასულ კვირას, როცა სპეციალური წარმომადგენელი კოლომინა იმყოფებოდა თბილისში, მან კოლეგებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შედეგად მიღებული იმპულსის გამოყენებისა და ამ რთული რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა იმიტომ, რომ ეს სარგებელს მოუტანს არამხოლოდ საკუთრივ საქართველოს, რაც აშკარაა – არამედ ევროპულ  და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც.

ის ცხრა ნაბიჯი, რომელთა განხორციელებასაც ევროკავშირი საქართველოსგან მომავალ წელს მოელის, დიდწილად ემთხვევა იმ რეფორმებს, რომელთა შესრულების რეკომენდაციაც ჩვენ გაცემული გვაქვს წლიური ეროვნული პროგრამის პროცესის ფარგლებში. ამრიგად, მომავალი თვეების განმავლობაში ჩვენ მოუთმენლად ველით მნიშვნელოვანი პროგრესის ხილვას და მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ამ გზაზე.

დიახ, ნამდვილად. ვფიქრობ, ზოგჯერ ავიწყდებათ, რომ ნატო არის არამხოლოდ სამხედრო, არამედ ასევე პოლიტიკური ორგანიზაცია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რეფორმები არამხოლოდ თავდაცვის, არამედ ასევე ინსტიტუციური აღმშენებლობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით.

აბსოლუტურად სწორია. იმიტომ, რომ, ცხადია ალიანსში წევრიანდება არამხოლოდ რომელიმე სახელმწიფოს თავდაცვის სამინისტრო ან თავდაცვის ძალები, არამედ მთლიანად სახელმწიფო. და სწორედ ამიტომ, ნატო, როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული და სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, დიდ ყურადღებას აქცევს ყველა იმ სფეროს, რასაც თქვენ გაუსვით ხაზი.

წელს ნატოს სამიტზე ვილნიუსში ძირითადად უკრაინაში რუსეთის ომზე გამახვილდა ყურადღება. სამიტამდე, საუბარი იყო, რომ ეს იქნებოდა სავარაუდო შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის, რომ მას მოეზიდა მეტი ყურადღება და წინ წამოეწია ნატოში გაწევრიანების საკითხი. თუმცა, ეს არ მომხდარა. კომუნიკეში საქართველოზე უფრო სუსტი ენით იყო საუბარი და სინამდვილეში მას არ მიუღია პოლიტიკური თუ პრაქტიკული შედეგები.  რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ასე? და მიგაჩნიათ თუ არა, რომ საქართველოს შეუძლია მეტს ელოდოს 2024 წლის ვაშინგტონის სამიტისგან? და ამ კონტექსტში, რას იტყვით, ამჟამად საქართველო და უკრაინა არიან თუ არა გაფართოების ერთსა და იმავე “კალათაში”?

ვფიქრობ, ვილნიუსში გამართული სამიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მასზე წინა სამიტზე, მადრიდში მიღებული ისტორიული გადაწყვეტილებების შესრულებაზე გამახვილდა ყურადღება. ასე, რომ, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნეთ, უკრაინას ძალიან დიდი ადგილი ეკავა დღის წესრიგში. კონკრეტულად, მოკავშირეები, უკრაინასთან პარტნიორობის წინ წაწევის მიზნით, სამი გადაწყვეტილების მიღებაზე შეთანხმდნენ. პირველ რიგში, ისინი უკრაინისთვის მხარდაჭერის იმ პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ალიანსთან სრული ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფისკენაა მიმართული. მეორე მხრივ, მათ დააარსეს ნატო-უკრაინის საბჭო, რომლის ფარგლებშიც უკრაინა და ყველა მოკავშირე მაგიდასთან სხედან, როგორც თანასწორი. ამ საბჭოს ფორმატი უკვე ფართოდ იქნა გამოყენებული. და მესამე, სამიტის დღის წესრიგის  ძალიან დიდი საკითხი იყო ჩინეთი და მისი, როგორც ალიანსის სტრატეგიული კონკურენტის განსაზღვრა.

ნატოს ძალიან ახლო და გაღრმავების პროცესში მყოფ ურთიერთობებს ინდო-წყნარი ოკეანის პარტნიორებთან სამიტზე მათი ყოფნით გაესვა ხაზი. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს ერთგულება ღია კარის პოლიტიკის მიმართ, განსაკუთრებით ახლახან ფინეთის გაწევრიანების, და იმედია, სულ მალე 32-ე მოკავშირედ შვედეთის გაწევრიანების კონტექსტში.

რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი იმყოფებოდა სამიტზე. საქართველო დაესწრო სპეციალურ ფორმატს, როგორც მას ვუწოდებთ, “რისკის ქვეშ მყოფ პარტნიორებთან” ერთად. ესენია საქართველო, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა – პარტნიორები, ვისაც გასულ წელს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის ზომები მიენიჭათ. ხოლო კომუნიკეში, საქართველოს მისწრაფებები სრულად დადასტურდა, ისევე, როგორც ყველა წინა სამიტის დროს, კიდევ ერთხელ იქნა გამეორებული ერთგულება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი მომავალში. და ასევე, კომუნიკეში საუბარია პროგრესის საჭიროებაზე  რეფორმების, მათ შორის საკვანძო დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით და ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია რადგან, როგორც უკვე განვიხილეთ, მოკავშირეები ახლოდან აკვირდებიან საქართველოს პროგრესს ნატოში საბოლოო გაწევრიანების მოთხოვნების მიმართულებით.

ახლა ველით შემდეგ სამიტს, რომელიც ასევე იქნება ისტორიული, რადგან ჩატარდება ვაშინგტონში, იქ, სადაც ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულებას 75 წლის წინ მოეწერა ხელი.  ეს იქნება დაარსების წლისთავის აღმნიშვნელი, მაგრამ ამავდროულად შორსმჭვრეტელი სამიტი, რათა ახლო და შედარებით შორეული მომავლისათვის მოამზადოს ალიანსი. ისევ და ისევ, ჩვენ ვსაუბრობთ შეკავებისა და თავდაცვის ვალდებულებების გაძლიერებაზე.

რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით ფორმატებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერჯერობით დისკუსიები არ დაწყებულა იმის შესახებ, თუ რომელ ფორმატებში ჩაერთვებიან პარტნიორები. ცხადია, პარტნიორობები ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება, რაზეც სამიტი გაამახვილებს ყურადღებას, და ვფიქრობ, ყველა ჩვენი საკვანძო პარტნიორი იქნება წარმოდგენილი რაიმე ფორმით.

მნიშვნელოვანია, საქართველომ გამოიყენოს სამიტამდე დარჩენილი დრო და აჩვენოს პროგრესი წლიური ეროვნული პროგრამის პროცესის შემადგენელი ზოგიერთი საკვანძო რეფორმის მიმართულებით. წლიური ეროვნული პროგრამის შემდეგ შეფასებას მოკავშირეები საქართველოს ხელისუფლებას მომავალი წლის დასაწყისში გაუზიარებენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილების იმპულსი გადატანილი იქნება ევროატლანტიკური რეფორმების დღის წესრიგშიც.

როგორ ფიქრობთ, რითი იყო 2023 წელი გამორჩეული, NATO-საქართველოს ურთიერთობებზე თუ ვსაუბრობთ?

მე ვფიქრობ, რომ ეს წელი კვლავ ძალზედ დატვირთული იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, ამაზე კი მიუთითებს ნატო-ს ოფიციალური პირების მიერ საქართველოში განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები. შედგა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩვენი სპეციალური წარმომადგენლის, ხავიერ კოლომინას, ორი ვიზიტი, რომლებიც ჩვენ უკვე განვიხილეთ. შედგა ასევე ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ირენ ფელინის ორი ვიზიტი, რომელიც საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის შესრულებისა და ხელშეწყობის განსახილველად ჩამოვიდა. ასევე შედგა გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილის, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი, რომელიც ჩამოვიდა, რათა განეხილა უსაფრთხოების საკითხში მომდინარე გამოწვევები და ჩვენ შორის თანამშრომლობის გაძლიერება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა, მაგალითად, კიბერ, ჰიბრიდული და ენერგოუსაფრთხოება, ასევე სამეცნიერო თანამშრომლობა. 

და, რა თქმა უნდა, სულ რაღაც გასულ თვეს შედგა ძალიან მაღალი დონის ვიზიტი სრულიად ნატოს სამხედრო კომიტეტისა, რომელსაც ამავე კომიტეტის თავჯდომარე, ალიანსის ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო პირი ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ სამხედრო კომიტეტის ვიზიტი იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ შეგვეჯამებინა ის სამხედრო თანამშრომლობა, რომელიც ნატოსა და საქართველოს შორის კვლავ გრძელდება. ასევე, ვესტუმრეთ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) – ეს უნიკალური ინსტიტუტია, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. დავესწარით უწყებათაშორის წვრთნებს, “დიდგორი 23”-ს, რომელმაც კომიტეტის წევრებზე შთაბეჭდილება მოახდინა.

ამასთან, ქართულ მხარესთან განვიხილეთ თავდაცვის რეფორმების შესრულების საკითხი და საქართველოს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია, ასევე მათი [ნატოსთან] თავსებადობის ხარისხი, რომელიც ცხადია, კვლავ მაღალია; და ამაში მრავალწლიანი ერთობლივი ოპერაციებიც მოიაზრება, როგორიცაა მაგალითად ავღანეთში ნატოს ოპერაციები, სადაც საქართველოს წვლილი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მოკავშირეების მიერ უდიდესად დაფასებული. და ეს ახლა “ზღვის მცველის” ფორმატშიც გრძელდება, რომლისთვისაც საქართველოს ტაქტიკური ქვედანაყოფი ჰყავს გამოყოფილი; ასევე ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები, რომელსაც საქართველო საკუთარი შესაძლებლობებით უჭერს მხარს. ამრიგად, ვფიქრობ, რომ წლევანდელ წელს საკმაოდ ბევრი რამ გამოარჩევდა. 

როდესაც საქმე ეხება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებას, ჩვენ რამდენიმე ინიციატივის კუთხით პროგრესს მივაღწიეთ, მათ შორის იყო კიბერუსაფრთხოების კომუნიკაციები და სამხედრო ინჟინერია. ჩვენ ორი ახალი ინიციატივა დავამატეთ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ატომური (CBRN) თავდაცვისა და წვრთნების თაობაზე და მათი შესრულება იწყება. ამრიგად, იყო ბევრი როგორც პრაქტიკული, ისე პოლიტიკური მოვლენა. ვფიქრობ, რომ ერთიანობაში პროდუქტიული წელი იყო და ჩვენ მოუთმენლად ველით მომდევნო წელს, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი წელი იქნება საქართველოსთვის, მოახლოებული არჩევნების, ასევე რეფორმების დღის წესრიგისა და ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის გათვალისწინებით; ასევე აღინიშნება ნატოს დაარსებიდან 75-ე წლისთავი და საქართველოში SNGP-ის დაარსებიდან მე-10 წლისთავი. ვგეგმავთ, რომ ეს სათანადოდ აღვნიშნოთ. 

თქვენ ახსენეთ მტკიცე მხარდაჭერის მისია ავღანეთში და მართლაც, ეს იყო მისია, რომელშიც ერთ სულ მოსახლეზე საქართველო იყო ლიდერი და საერთო ჯამში, სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი. ამასთან ეს იყო ნატოში საქართველოს ინტეგრაციის ძალზედ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. ახლა, როცა მისია დასრულებულია, ფიქრობთ, რომ საქართველოს შეუძლია აინაზღაუროს ის ხილვადობა, რაც მას ადრე, მისიაში მონაწილეობის წყალობით ჰქონდა?

საქართველო აგრძელებს ძალიან ძლიერ სამხედრო თანამშრომლობას ნატოსთან. იგი აგრძელებს მუშაობას საკუთარი თავდაცვის ძალებისა და ნატოს შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობაზე. ამიტომ, მე ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის სანდო კონტრიბუტორია. და ეს მართლაც ის გამოცდილებაა, რომელიც მან წლების განმავლობაში ნატოს მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით დააგროვა. ჩვენ ყოველთვის გვახსოვს, რომ საქართველომ მაღალი საფასური გადაიხადა საერთო უსაფრთხოებისთვის ავღანეთში, რისთვისაც 30-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ უმაღლესი ფასი გაიღო. 

ვფიქრობ, რომ ნატოში მოკავშირეებს ეს ძალიან კარგად ახსოვთ და ამას ძალიან აფასებენ. მაგრამ მაღალი დონის ინტეგრაცია, რომელიც გრძელდება, ვფიქრობ, ცხადს ხდის იმას, რომ ურთიერთთავსებადობა, რომელიც საქართველოსა და ნატოს შორის ვითარდებოდა, კვლავ ნარჩუნდება და იგი მომავალში კიდევ უფრო მეტად გასაზრდელია. და ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ.

შემდეგი კითხვა ეხება შავ ზღვას, შავი ზღვის რეგიონს, რომელიც სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება როგორც ევროკავშირისთვის, ისე ნატოსთვის. ეს ცხადია არა მხოლოდ სამხედრო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაც უკრაინაში ომმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, არამედ ასევე ევროპასა და აზიას შორის ენერგრესურსების, ვაჭრობის და ციფრული დაკავშირების ასპექტებშიც. ევროკავშირის შემთხვევაში, შავ ზღვასთან მიმართებით დამოკიდებულების ცვლილება გაფართოების პოლიტიკის გადახალისებაში გამოიხატა. ნატოს შემთხვევაში, ეს გამოიხატება ალიანსის მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად მიღებულ მრავალ ზომაში. ახალი სტრატეგიული კონცეფცია ასევე ახსენებს შავი ზღვის მნიშვნელობას. აკეთებს თუ არა ნატო ამ მიმართულებით საკმარისს?

დიახ, ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც გასულ წლის მადრიდის სამიტზე მივიღეთ, ისტორიაში პირველად ახსენებს შავ ზღვას. და იგი შავ ზღვას ახასიათებს, როგორც ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის არეალს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა, რადგან, შავი ზღვის სამი სახელმწიფო ნატოს წევრია: თურქეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ხოლო ორი მათგანი ნატოს ძალიან ახლო პარტნიორია: უკრაინა და საქართველო. ამრიგად, ნატოს რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტში – სტრატეგიულ კონცეფციაში – შავი ზღვის ხსენება უკვე მნიშვნელოვანი ევოლუციაა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა აგრესია დაიწყო, და ამაში მე ვგულისხმობ 2014 წლიდან ყირიმის უსამართლო და არალეგიტიმურ ანექსიას, ნატომ გაზარდა ყოფნა შავ ზღვასა და მის შემოგარენში. 

და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩვენ კიდევ უფრო გავამახვილეთ ყურადღება ამ სტრატეგიულ რეგიონზე. როგორც მოგეხსენებათ, არსებობს ორი ახალი საბრძოლო ჯგუფი, რომლებიც რუმინეთსა და ბულგარეთში შეიქმნა. შავი ზღვის თავზე უფრო მეტი ფრენები ფიქსირდება. აშშ-მა რუმინეთში დამატებით F-16-ები განათავსა, რათა რეგიონის საჰაერო პატრულირებას შეუწყოს ხელი. ეს აჩვენებს, რომ ნატოს გადაწყვეტილი აქვს დაიცვას თითოეული მოკავშირე და მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეული დუიმი. მადრიდში შავი ზღვის რეგიონის ქვეყანათა ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვიმსჯელეთ და ავიღეთ ვალდებულება, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ მათი მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. ამრიგად, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერება ამაღლდა, ამასთან უფრო და უფრო მეტს ვაკეთებთ როგორც ალიანსის შიგნით, ისე ჩვენს პარტიორებთან, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონიდან.

ჩემი შემდეგი კითხვა სახალხო დიპლომატიასა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება, რადგან ეს არის ნატოს სამეკავშირეო ოფისის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და აქტუალური გამოწვევა. ჩვენ მომსწრე ვართ ტენდენციისა, რომ იმ გზავნილებს, რასაც ადრე რუსულ პროპაგანდას ვუწოდებდით, ხშირად თავად ხელისუფლების წარმომადგნელები აჟღერებენ და იმეორებენ. მაგალითად, ქართული ოცნების თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამ ზაფხულს თქვა, რომ საქართველოს უკრაინის არ უნდა შეშურდეს, თუ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე შევა. მისივე თქმით, ვციტირებ, “როდესაც დიფერენციაციის საფუძველი არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი ითხოვდა ჩვენგან ამას, მაგრამ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით.” ამგვარად ის იმეორებს ნარატივს, რომ “უცხოელი ძალები” საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობენ. როგორ უმკლავდებით რუსულ პროპაგანდას, თუ მას ქვეყნის ოფიციალური პირები იმეორებენ? რამდენად ართულებს ეს პროპაგანდასთან დაპირისპირებას,, როდესაც ამ ტიპის ნარატივებთან გამკლავება გიწევთ? 

როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის მანდატი მოიცავს სახალხო დიპლომატიას. ეს ჩვენი საქმიანობის სამი მთავარი მიმართულებიდან ერთ-ერთია; ასევე ვაწარმოებთ ფართო სპექტრის დიალოგს დაინტერესებულ მხარეებთან და ვახორციელებთ შესაძლებლობების განვითარების პროგრამებს. სახალხო დიპლომატია, რაც ჩვენი საქმიანობის მესამე მიმართულებაა, ბოლო პერიოდში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომისა და მისი თანმდევი დეზინფორმაციის გათვალისწინებით. 

პროპაგანდა ახალი ფენომენი არ არის. იგი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა. მაგრამ ცხადია, ციფრული კომუნიკაციის საშუალებების სწრაფად განვითარებასთან ერთად, იგი უფრო მძლავრი ხდება, შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, გავუმკლავდეთ მას. ნატოს ძირითადი მიდგომა დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არის არა კონტრპროპაგანდა, არამედ პროპაგანდასთან ფაქტების მეშვეობით ბრძოლა. 

სწორედ ამას ვაკეთებთ ცენტრალურ დონეზე ნატოს შტაბ-ბინის მეშვეობით, რომელიც დიდ ძალისხმევას ეწევა ნატოს ვებგვერდის მეშვეობით, სადაც ალიანსის შესახებ ბევრ რუსულ პროპაგანდისტულ მითს ვაქარწყლებთ. იგივეს ვაკეთებთ ადგილობრივ დონეზე საქართველოში, პირდაპირ ვერთვებით სამიზნე აუდიტორიებთან, ახალგაზრდებთან, რელიგიურ ლიდერებთან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს რეგიონებს, რადგანაც თბილისში ინფორმაცია ხელმისაწვდომია, თუმცა ზოგიერთი რეგიონში ეს დიდ გამოწვევად რჩება, განსაკუთრებით იქ, სადაც უფრო მეტად რუსულენოვან საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობიან. ამრიგად, ჩვენ ვცდილობთ, რომ ძალისხმევა რეგიონებისკენ მივმართოთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მრავალ პარტნიორთან, როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებიდან, რათა ავამაღლოთ ცნობიერება ნატოს შესახებ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სარგებლის შესახებ, და ცხადია, ვებრძოლოთ ყალბ ნარატივებს, მათ შორის ანტიდასავლურ ნარატივებს, რაც პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ჩვენსავე ქვეყნებში. სწორედ ამიტომ არის ეს ერთობლივი გამოწვევა, რომელსაც ასევე ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. 

ვილნიუსის სამიტამდე გენერალურმა მდივანმა, ისევე როგორც, მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, თბილისში ამ წლის მაისში ვიზიტის დროს მკაფიოდ თქვეს, რომ როგორც ალიანსის წევრები, ისე პარტნიორები მხარს უნდა უჭერდნენ უკრაინას, და გაატარონ სანქციები აგრესორი რუსეთის წინააღმდეგ, რათა არ გაუმარტივონ რუსეთს უკრაინაში ომის დაფინანსება და წარმოება. როგორ აფასებთ საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით? 

მართლაც, ნატოს მოკავშირეები სრულად არიან მოწოდებულნი, მხარი დაუჭირონ უკრაინას მანამ, სანამ არ იქნება უზრუნველყოფილი უკრაინის გამარჯვება რუსეთზე ამ სასტიკ და არაპროვოცირებულ აგრესიულ ომში. და ველით, რომ პარტნიორებიც მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას ამ ძალისხმევაში.

ვიცით იმ სხვადასხვა მიმართულების შესახებ, სადაც საქართველო მხარს უჭერს უკრაინას, პოლიტიკურად თუ ჰუმანიტარულად. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს გააგრძელოს და მეტად გაზარდოს ეს მხარდაჭერა. საქართველო ასევე არის უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის (ე.წ. რამშტაინის ფორმატი) წევრი. ჩვენ მოვუწოდებთ ამ ჯგუფის ყველა წევრს, ყველაფერი გააკეთონ უკრაინის დასახმარებლად, რადგან, როგორც ყველამ ვიცით, ეს გადამწყვეტი მომენტია, ეს ჩვენი დროის გადამწყვეტი კონფლიქტია. და ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ მომენტში ისტორიის სწორ მხარეს ვიყოთ. 

არ შემიძლია, არ დაგეთანხმოთ. და ჩემი ბოლო შეკითხვა უფრო პირადი ხასიათის იქნება. საქართველოში ორი წელი გაატარეთ. რა მოლოდინები გქონდათ და რამდენად გამართლდა ისინი? იყო თუ არა სიურპრიზები?

მე საქართველოზე მაღალი მოლოდინები მქონდა, თქვენს კულტურას, გასტრონომიასა და საამაყო კულტურულ ისტორიას უკვე ვიცნობდი, ამასთან, საქართველოში მანამდეც ვყოფილვარ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ის მოლოდინი, რაც მქონდა, სრულიად გამართლდა და ზოგიერთ შემთხვევაში გადააჭარბა კიდეც, რადგან ახლა საშუალება მომეცა, მთელი ქვეყნის გარშემო მემოგზაურა, არა იმდენი, რამდენიც მე მინდოდა, მაგრამ მაინც, რამდენადაც მოვახერხე. 

და ნამდვილად გამაოცა საქართველოს იმ შესანიშნავმა მხარეებმა, რომლებიც ვნახე, ხალხმა, რომელსაც შევხვდი და რომელთანაც ურთიერთობა მქონდა. განსაკუთრებით შთამაგონა ახალგაზრდა თაობამ და მათმა მონდომებამ, რომ ააშენონ საქართველო, რომელიც კიდე უფრო თანამედროვე, დასავლურ ღირებულებებთან უფრო თავსებადი და ნამდვილად ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი იქნება. ამრიგად, ჩემთვის დიდი პატივი იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, წვლილი შემეტანა საქართველოს ინტეგრაციაში იმ ოჯახში, რომელსაც ის მიეკუთვნება. მოუთმენლად ველი, რომ გავაგრძელო იგივე მომდევნო თვეებსა და წლებში. 

ძალიან დიდი მადლობა და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ! კიდევ ერთხელ მადლობა ინტერვიუსთვის!

ძალიან დიდი მადლობა და საუკეთესო და ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ თქვენ და თქვენს ყველა მკითხველს. სხვათა შორის, მე “სამოქალაქო საქართველოს” ერთ-ერთი მკითხველი ვარ და ძალიან ვაფასებ თქვენი გუნდის პროფესიონალიზმს და იმ უდიდეს სამუშაოს, რომელსაც ახორციელებთ. ამიტომ, მომდევნო წელს თქვენს საქმიანობაში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)