skip to content
ახალი ამბები

ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა

ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე საერთაშორისო გამოხმაურება მოყვა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თავის ვიდეომიმართვაში ხაზი გაუსვა, რომ ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ. მისი თქმით, ამან საქართველოს სვლა ევროპულ გზაზე კიდევ უფრო გაამყარა. ბორელის თქმით, მან ეს საქართველოში ვიზიტის დროს იგრძნო, როდესაც თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ამდენი დროშა იხილა.

„ევროკომისიამ დღეს რეკომენდაცია გაუწია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. შემდგომი ნაბიჯები იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევა გაგრძელდება. საქართველოს აქვს მყარი სახელმწიფო მმართველობა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. და ეს არის ძლიერი აქტივი, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლაში“, – აღნიშნა ბორელმა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ღირებულებებს და განაცხადა, რომ ევროკავშირის კარი ღიაა და ის გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ გზაზე.

ევროპარლამენტის რვა წევრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველო ევროპაა, ქართველები კი ევროპელები არიან“ და ეს ფაქტი ევროკომისიამ კიდევ ერთხელ აღიარა გაფართოების ყოველწლიურ მოხსენებაში.

„ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში, მტკიცედ ვუჭერთ მხარს კომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარკვეული პირობებით მინიჭების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს იკავებდა კომისიის თორმეტი რეკომენდაციის შესრულებისა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოებისგან, ქართველი ხალხის, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის და ბევრი ქართველი საჯარო მოხელის ნება უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო მათი ევროპელობა უფრო მდგრადი. ეს ისტორიული მიღწევაც მხოლოდ და მხოლოდ მათი დამსახურებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი და ისინი გააგრძელებენ სიტუაციის მონიტორინგს და ბევრს იმუშავებენ, რათა ევროკომისიისა და ევროპარლამენტის მიერ გამოხატული მხარდაჭერა 2023 წლის დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში აისახოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბრისას ერთმანეთს მიულოცეს, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა ორი ქვეყნის ძალისხმევა ევროპულ გზაზე.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მალტაში უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ შეხვედრაზე წარმომადგენლის გაგზავნისთვის და მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობაზე წვდომის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარში მან ქართველ ხალხს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპი მიულოცა. „ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ ევროკავშირის ოჯახის შემადგენლობაში”, – დასძინა მან.

გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. „ერთად წავიდეთ წინ, დეკემბერში ევროპული საბჭოს დადებითი გადაწყვეტილებისა და სათანადო დროს გაწევრიანებისკენ“, – დაწერა ელჩმა Twitter-ზე.

საქართველოს წარმატება ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადმაც მიულოცა.

აშშ-ის საელჩომ საქართველოში მიულოცა ყველა ქართველს და განაცხადა: „დღევანდელი რეკომენდაცია არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოსთან ახლო მუშაობას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ გვჯერა თქვენი ევროპული მომავლის“.

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, შერაზ გასრიმ აღნიშნა, რომ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატოს მკაფიო და მტკიცე გადაწყვეტილება ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის. „ქართველი ხალხი იმსახურებს ერთიანობას და დარჩენილ ძალისხმევას, რომელიც საჭიროა ევროკავშირის მისწრაფებების განსახორციელებლად“.

საქართველოში პოლონეთის საელჩომ დაწერა Twitter-ზე: „ვულოცავ საქართველოს ევროკომისიის დღევანდელ გადაწყვეტილებას, ეს არის უზარმაზარი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“.  

ნიდერლანდების ელჩმა, მელინე არაკელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და დასძინა: „ბევრი ელოდა ამ მომენტს. საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები 14-15 დეკემბერს ევროპულის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ“.

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებსა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინამ მიულოცა საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს და განაცხადა: „ევროკომისიის რეკომენდაცია ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე არის ქვეყნის მიერ შესრულებული სამუშაოსა და საერთო ღირებულებებისადმი მისი ერთგულების აღიარება“.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღიარა, რომ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევრო-ატლანტიკურ ოჯახს ეკუთვნიან.

ამერიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა: „კომისიის რეკომენდაცია, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად დასახელდეს, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს შეასრულებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა საკუთარი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მისმა ხელისუფლებამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები, მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ პოზიციასთან თანხვედრა – კერძოდ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან მიმართებით. როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ განსაზღვრულ პირობებს, მოხარული ვიქნები ვიხილო მათი პოზიტიური სვლა ევროკავშირის წევრობისკენ“.

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი მიხაელ როთი ამბობს: „საქართველოს მთავრობამ ძალიან ცოტა გააკეთა კანდიდატის სტატუსის დასამსახურებლად – იგი ევროკავშირის ღირებულებებს დაშორდა“. მისი თქმით, რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ არის საჩუქარი ევროკავშირის მხარდამჭერი სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობისთვის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button