რიკარდ იოზვიაკი: საქართველო კანდიდატის სტატუსს, სავარაუდოდ, გარკვეული პირობით მიიღებს
„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა, რომ საქართველო „საბოლოო ჯამში“ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუმცა ეს გარკვეული პირობით მოხდება – თბილისს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს შემდგომ, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპზე გადასასვლელად. 3 ნოემბერს და 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ წერილებში, იოზვიაკი გაფართოების შესახებ ევროკომისიის მოახლოებულ მოხსენებებზე საუბრობს და საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივებს აფასებს.
8 ნოემბერს, ევროკომისია გაფართოების შესახებ ყოველწლიურ მოხსენებას გამოაქვეყნებს, რომელიც 10 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს შეაფასებს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაციას გასცემს. 12 დეკემბერს, წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის გენერალურ საქმეთა საბჭოზე გაფართოების საკითხებს უყრიან კენჭს.
იოზვიაკის თქმით, „ყველაზე რთული გადაწყვეტილება ევროკომისიისათვის“ იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. იგი წერს, რომ შეიძლება ევროკომისიამ მკაფიო რეკომენდაციები არც კი გასცეს, არამედ სანაცვლოდ შედეგები წარადგინოს და „შემდეგი ნაბიჯები ბუნდოვნად დატოვოს“.
იოზვიაკი ასევე აღნიშნავს, რომ „საბოლოოდ ევროკომისია არ წყვეტს, თუ ვის მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს… არამედ ამას 27-ვე წევრი ქვეყნა აკეთებს“ და რომ ისეც მომხდარა, რომ საბჭოს კომისიის რეკომენდაციაზე უარყოფითი პასუხი გაუცია. „ამის ყველაზე ცხადი მაგალითი ჩრდილოეთი მაკედონიაა“, – აცხადებს იოზვიაკი.
მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით არსებობს კითხვის ნიშნები, რომლებიც ქვეყნის პოლიტიკურ ვექტორს შეეხება და ხაზი გაუსვა, რომ ბრიუსელში აშფოთებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია, უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიღების მცდელობა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის მცდელობა ევროკავშირში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტების გამო. თუმცა, იოზვიაკი მიიჩნევს, რომ საბოლოო ჯამში საქართველო კანდიდატის სტატუსს მაინც მიიღებს.
საქმეში ჩახედულ დიპლომატებზე დაყრდნობით, იოზვიაკი ამბობს, რომ ამჟამად ბლოკში „დიდი იმპულსია“ გაფართოებისთვის, ხოლო ევროპარლამენტის არჩევნებთან და ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიაში 2024 წელს დაგეგმილ ცვლილებებთან მიმართებით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბრიუსელს სურს, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველებს მაქსიმალურად შეაშველოს ხელი.
იოზვიაკი აღნიშნავს, რომ არსებობს წუხილები მოლდოვისა და უკრაინისგან საქართველოს დაშორების თაობაზე, ვინაიდან ეს ორი სავარაუდოდ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს მალე დაიწყებს. „საქართველომ კანდიდატის სტატუსი რომც მიიღოს, ის მაინც უკან იქნება“, – განაცხადა მან.
რაც შეეხება მოლდოვას და უკრაინას, იოზვიაკს მიაჩნია, რომ „ქვეყნების უმეტესობა მზადაა მათთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი აუნთოს“. რაც შეეხება საქართველოს, იოზვიაკი თვლის, რომ უნგრეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს კიევს მხარს, თუ კანდიდატის სტატუსს საქართველოც მიიღებს. ამ უკანასკნელს ბოლო დროს უნგრეთთან „ძლიერი კავშირები“ აქვს.
6 ნოემბერს ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას, იოზვიაკმა განაცხადა, რომ მისი აზრით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის დაწესებულ ახალ პირობებს შორის იქნება. მისი თქმით, არჩევნები იქნება ტესტი მომწიფდა თუ არა დემოკრატია საქართველოში. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი პირობები შესაძლოა მოიცავდეს პირობას, რომ საქართველომ შეასრულოს საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
მასალა განახლდა 18:40 საათზე და მასში ტვ პირველთან იოზვიაკის ინტერვიუ აისახა.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/11/2023 – არასამთავრობოები ევროკომისიას კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის გაცემისკენ მოუწოდებენ
- 06/09/2023 – იოზვიაკი საქართველოში ბორელის ვიზიტის შესახებ: ეს ბოლო მცდელობაა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)