skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები ევროკომისიას კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაციის გაცემისკენ მოუწოდებენ

დაახლოებით 170 ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებენ ევროკომისიას ურჩიოს ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. „მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და, კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში არასამთავრობოები საერთო მისიაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რომლის მიზანიცაა „დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები“. მათი თქმით, „ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად – მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად აცნობიერებენ 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობას, ისევე როგორც იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება. მათი თქმით, ისინი ითხოვდნენ საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ევროპული არჩევანი „საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს“.

ორგანიზაციების თქმით, ისინი აგრძელებენ ბრძოლას საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის. მათ 7-9 მარტის საპროტესტო აქციები გაიხსენეს, როდესაც „ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი“.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, „გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button