არასამთავრობოები: მოსამართლეების სანქცირებას ხელისუფლების მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისა და ყოფილი მთავარი პროკურორის სანქცირებას „ხელისუფლების მხრიდან ქმედითი შემხვედრი ნაბიჯები არ მოჰყოლია“. 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ხელმოწერილი განცხადება ხელისუფლებას იმის გამო აკრიტიკებს, რომ ის „აქტიურად იცავს სანქცირებულთა ინტერესებს, უგულებელყოფს კანონმდებლობას და ანტი-დასავლური პროპაგანდის წარმოებით ცდილობს გააუფერულოს სანქცირებით გამოწვეული ნეგატიური შედეგები“.
განცხადებაში საუბარია აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძისა და ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლის, ვალერიან ცერცვაძისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შემთხვევებზე. „მიგვაჩნია, რომ სანქცირების ორივე შემთხვევა საგანგაშო მიზეზებით მოხდა“, – ნათქვამია განცხადებაში. „მრავალი წელია ქართული საზოგადოება საქართველოს სასამართლოს სისტემაში კორუფციის და პოლიტიკური ინტერესების არსებობაზე საუბრობს… ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო ოთარ ფარცხალაძის არაფორმალური გავლენების შესახებ საქართველოს პოლიტიკურ თუ ბიზნეს სფეროებზე“. განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 აპრილს კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის მოსამართლეების დასანქცირება „ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა“. არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ფარცხალაძის მიმართ სამართალდამცავების „ლოიალური დამოკიდებულება გამაოგნებელი იყო“. უფრო მეტიც, მათ ოთარ ფარცხალაძეს საშუალება მისცეს ქვეყანა დაეტოვებინა.
„აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს არამხოლოდ რეაგირება არ მოჰყოლია, არამედ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ბრალდებულ ყოფილ მთავარ პროკურორს მოარგო, რაც სახელმწიფოს მიტაცების, ქმედებაში გამოხატული, კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება „აშკარად აფარებს ხელს აშშ-ს მიერ დასანქცირებულ პირებს. ბუნებრივია, ასეთი მიდგომა ქვეყნის რეპუტაციას და საქართველოს ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო პარტნიორების ნდობას კიდევ უფრო მეტად აზიანებს“.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს სანქცირებული პირების ინტერესების დაცვა და ამით ქვეყნის დასავლური სივრცისგან დაშორება, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას სანქცირების ფაქტით ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამოსასწორებლად“.
ასევე წაიკითხეთ:
- 27/10/2023 – IDFI: 49 მოსამართლემ 2020-2022 წლებში 5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო
- 17/10/2023 – TI საქართველო: პარლამენტი მოქალაქეებისთვის დახურული უწყება ხდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)