დაწვრილებით

IDFI: 49 მოსამართლემ 2020-2022 წლებში 5 მლნ ლარის საჩუქრები მიიღო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების სხვადასხვა შტოში საჯარო მოხელეების მიერ მიღებული საჩუქრების მონიტორინგსა და შეფასებაში. მისი უახლესი კვლევა, რომელიც 2023 წლის 27 ოქტომბერს გამოქვეყნდა, მოსამართლეთა მიერ 2020-2022 წლებში მიღებულ საჩუქრებს შეისწავლის, მაღალი ღირებულების საჩუქრების მიმღებებს ავლენს და არსებული კანონების შესაძლო დარღვევას იძიებს. 2023 წლის 25 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევა სახელწოდებით „თანამდებობების პირების მიერ მიღებული საჩუქრები 2020-2022 წლებში“ მიმოიხილავდა აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ მიღებული საჩუქრების შესახებ დეკლარირებულ ინფორმაციას.

კანონმდებლობა

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები არ წარმოადგენენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საჯარო მოსამსახურეებს, მათზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის მოქმედება, მათ შორის საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებული რეგულაციები. შესაბამისად, მოსამართლეების შემთხვევაშიც საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით არსებობს იდენტური შეზღუდვები, რაც სხვა საჯარო მოსამსახურეებზე. კერძოდ, მოსამართლეებს ეკრძალება ნებისმიერი საჩუქრის ან მომსახურების მიღება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მისი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე. წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს მისი თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 15%-ს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 5%-ს. ოჯახის თითოეული წევრის მიერ წლის განმავლობაში მიღებული საჩუქრების ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 1,000 ლარს, ხოლო ერთჯერადად მიღებული საჩუქრის ღირებულება 500 ლარს. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი, საჯარო მოსამსახურის მიერ საჩუქრის მიღებასთან დაკავშირებით აწესებს გამონაკლისებს. მათ შორის, კანონის მიზნებისთვის საჩუქრად არ ითვლება ოჯახის წევრისგან და ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქარი. საჯარო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობით რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ არის გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის ოჯახის წევრისთვის, რომელიც მიიღებს კანონით აკრძალულ საჩუქარს.

კვლევაში წარმოდგენილია მოსამართლეების მიერ 2020-2022 წლებზე შევსებული დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები, რომელიც ერთი მხრივ, ავლენს ყველაზე ძვირადღირებული საჩუქრების მიმღებ პირებს, ხოლო მეორე მხრივ, მიმოიხილავს მიღებული საჩუქრების კანონთან შესაბამისობის საეჭვო შემთხვევებს. ამ ფინანსურ ანგარიშგებაში საჩუქარი პრობლემურად ითვლება, თუ იგი გადაეცემა თანამდებობის პირს ან თანამდებობის პირის ოჯახის წევრს ვინმეს მიერ, ვინც კანონით ახლო ნათესავად არ არის განსაზღვრული (მაგ., დეიდა, ბიძაშვილი). კვლევა ავლენს შემთხვევებს, როდესაც ასეთი საჩუქრები შეიძლება აღემატებოდეს კანონიერ ლიმიტს და პოტენციურად არღვევდეს კანონს.

ძირითადი მიგნებები

  1. 2020-2022 წლებში 49 მოსამართლემ ან მისმა ოჯახის წევრმა მიიღო საჩუქარი, რომლის ჯამური ღირებულება შეადგენდა 5 მილიონ ლარს;
  2. ამავე პერიოდში 3 მილიონი ლარის ღირებულების საჩუქარი მიღებული აქვს უშუალოდ დეკლარანტ მოსამართლეებს, ხოლო 2 მილიონი ლარის საჩუქარი – მათი ოჯახის რომელიმე წევრს;
  3. მოსამართლეებმა საჩუქრების 91% (4.5 მლნ. ლარი) მიიღეს ოჯახის წევრებისგან/ახლო ნათესავებისგან, 8% (430 ათასი ლარი) ისეთი ნათესავებისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება შეზღუდულია კანონმდებლობით, ხოლო 1% (33.4 ათასი ლარი) სხვა წყაროდან;
  4. მოსამართლეებს 2.3 მილიონი ლარის ღირებულის საჩუქარი მიღებული აქვთ ფულადი ფორმით, 2.6 მილიონი ლარის საჩუქარი – უძრავი ქონების სახით, ხოლო დანარჩენი 129.5 ათასი ლარის ღირებულების საჩუქრები ავტომობილების ან სხვადასხვა ფასიანი ნივთების სახით;
  5. საკონსტიტუციო სასამართლო წევრებიდან, 2020-2022 წლებში საჩუქარი მიღებული აქვს მხოლოდ ევა გოცირიძეს – ოჯახის წევრისგან ფულადი თანხა 19.6 ათასი ევრო.
  6. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან მშობლებისგან ძვირადღირებული საჩუქრები მიიღეს ალექსანდრე წულაძემ (მიწის ნაკვეთი, 200 000 USD) და გიორგი მიქაუტაძემ (ფულადი თანხა, 100 000 USD);
  7. 2020-2022 წლებში 18 მოსამართლის მიერ მიღებული საჩუქრების ღირებულება აღემატება 100 ათას ლარს;
  8. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული (მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის გამო) მიხეილ ჩინჩალაძის ოჯახის წევრებს (მეუღლეს და შვილს) 2020-2022 წლებში მეუღლის დედამ უცხოეთიდან საჩუქრის სახით გამოუგზავნა 68,8 ათასი აშშ დოლარი და 2.3 ათასი ლარი;
  9. მონიტორინგის ფარგლებში მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიერ საჩუქრების სავარაუდოდ კანონის დარღვევით მიღების 7 შემთხვევა გამოვლინდა;
  10. მოსამართლეების ცალკეული დეკლარაციები, არ იძლევა ზუსტ ინფორმაციას, საჩუქრის მიმღებსა და გამცემს შორის კავშირის შესახებ.

დასკვნა

მოსამართლეების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირების მსგავსად ხშირია შემთხვევები, როდესაც ისინი იღებდნენ სოლიდური ღირებულების საჩუქრებს. ერთეული შემთხვევის გარდა, მოსამართლეებზე საჩუქრები გაცემულია იმ პირთა წრისგან რომელთაგან საჩუქრის მიღება არ ექვემდებარება საკანონმდებლო შეზღუდვებს. თუმცა, ასეთ შემთხვევებშიც კითხვებს აჩენს საჩუქრისთვის საჭირო ფინანსების წარმომავლობა, რისი სრულფასოვანი შესწავლაც დამატებითი მოკვლევის ჩატარებას საჭიროებს. შედეგად, „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის“ რისკი, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განსაზღვრავს, საკმაოდ მაღალია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსამართლეების დეკლარაციების მაგალითზეც, საჯარო სამსახურში საჩუქრის პოლიტიკის მოწესრიგების და აღსრულების კუთხით, მნიშვნელოვან პრობლემად შესაძლებელია შეფასდეს საქართველოს კანონმდებლობის რეგულაციები და ბუნდოვანი ჩანაწერები. მაგალითად, საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს საჯარო მოსამსახურეების ოჯახის წევრების მიერ გარკვეული საჩუქრების მიღებას, თუმცა ამ ნორმის დარღვევისთვის, შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები არ არის დადგენილი.

IDFI მიიჩნევს, რომ ბოლო წლებში თანამდებობის პირების, მათ შორის მოსამართლეების მიერ საჩუქრების მიღების მასშტაბი, წარმოშობს საჯარო მოსამსახურეებზე საჩუქრის გაცემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო შეზღუდვების მონიტორინგის და მისი აღსრულების ეფექტურობის ზრდის აუცილებლობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button