ახალი ამბები

TI საქართველო: პარლამენტი მოქალაქეებისთვის დახურული უწყება ხდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ პარლამენტი მოქალაქეებისთვის დახურული უწყება ხდება, და მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო უსაფრთხოების დაცვის განახლებულ წესებს მის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის შეზღუდვის მოტივად იყენებს.

პარლამენტმა 4 სექტემბერს საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების დაცვის განახლებული წესები დაამტკიცა და უსაფრთხოების მოტივით შეზღუდა საზოგადოების ჩართულობა მის საქმიანობაში. „ახალი წესები ასევე წინააღმდეგობაშია გამოხატვის თავისუფლებასთან და წარმოადგენს პარლამენტის დახურულ უწყებად ქცევის იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომელსაც უკანასკნელი წლებია ქვეყნის წარმომადგენლობითი ორგანო ატარებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

TI საქართველოს თქმით, განახლებული წესები, რომლის თანახმადაც, ვიზიტორს პარლამენტის აპარატის თანხმობის გარეშე ეკრძალება ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია და პარლამენტის შენობაში იკრძალება სადემონსტრაციო ბანერების და პოსტერების შეტანა, წინააღმდეგობაშია გამოხატვის თავისუფლებასთან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა განსაკუთრებით მაღალი სტანდარტით უნდა იყოს დაცული. დაუშვებელია გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკური შინაარსის გამოხატვა „პარლამენტის წევრებს უქმნის დისკომფორტს“.

ასევე გამკაცრდა პარლამენტის შენობაში შესვლის წესებიც. ახალი წესებით,  საშვის დამშვები ვალდებულია მიუთითოს ვიზიტორის პარლამენტში შესვლის კონკრეტული მიზანი. TI საქართველო აღნიშნავს, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა გადამწყვეტია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის და რომ პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს საზოგადოების ჩართულობას საპარლამენტო ცხოვრებაში. „აღნიშნული შეზღუდვა გაუმართლებელია, ვინაიდან შეზღუდვები მხოლოდ უსაფრთხოების მიზნით უნდა მოქმედებდეს და თუკი ამ მიზანს არ ემუქრება საფრთხე, მოქალაქეს თავისუფლად უნდა შეეძლოს კომიტეტის სხდომებსა და პარლამენტში გამართულ ღია ღონისძიებებზე დასწრება“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში წესად დამკვიდრა უსაფრთხოების რეჟიმის გამოცხადება და საშვების დაშვების შეზღუდვა, როდესაც პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი განიხილება და კრიტიკული შეფასებებია მოსალოდნელი.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ახალი წესები პარლამენტის დახურულ უწყებად გადაქცევას უწყობს ხელს, ვინაიდან გამკაცრებული წესები ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეეხო. 2022 წლიდან პარლამენტმა მათ მუდმივი საშვები გაუუქმა, რამაც მნიშვნელოვანი დაბრკოლება შეუქმნა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაზე დაკვირვების პროცესს. იმავე წელს, ხუთ ორგანიზაციას პარლამენტის შენობის დატოვება მოსთხოვეს.

2023 წელს ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა, რაც თავის მხრივ, „აისახება მოსახლეობის ინფორმირების ხარისხზე და საფრთხის შემცველია ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებისათვის“.

2023 წელს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, პარლამენტის ყოფილ წევრს საშვის გარეშე პარლამენტის შენობაში შესვლა აღარ შეუძლია.

5 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მომზადდა პარლამენტის შინაგანაწესის ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, პარლამენტის აპარატის თანამშრომელს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა დეპარტამენტის თანხმობის გარეშე ბრიფინგის ჩასატარებელ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალებათ.

TI საქართველოს თქმით, საკანონმდებლო ორგანოს დახურულ უწყებად ქცევა „განსაკუთრებით საგანგაშო და სამწუხაროა იმ მიღწევების ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტს ჰქონდა ღია მმართველობის სფეროში“. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ 2015 წელს საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც შეიმუშავა და მიიღო ღია პარლამენტის პირველი სამოქმედო გეგმა (2015-2016) და ასევე ხელი მოაწერა „დეკლარაციას ღია პარლამენტის შესახებ”. იმავე წელს „ღია მმართველობის პარტნიორობის ჩემპიონთა ჯილდოს“ (OGP Government Champions Award) გამარჯვებულად OGP-ის წევრ 65 ქვეყანას შორის საქართველო დასახელდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს პარლამენტს „უზრუნველყოს საქმიანობის გამჭვირვალობა, ამ პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა და დაიცვას დემოკრატიული მმართველობის პრინციპები“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button