ახალი ამბები

პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. სხდომაზე რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სხდომის გახსნისას განაცხადა, რომ ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია, რის გამოც მას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის უფლება აღარ აქვს. მან აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის მცდელობის ჩავარდნის შემთხვევაში, ზურაბიშვილი მომავალი წლისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი გახდება, თუმცა ოფიციალურად ისევ საქართველოს პრეზიდენტი ერქმევა.

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ადრე სალომე ზურაბიშვილს აგენტად, რეზიდენტად და ჯაშუშად მოიხსენიებდა. მან აღნიშნა, რომ ასეთი იარლიყები ადამიანებს არ შორდებათ და თუკი ვინმეს ერთხელ მაინც უწოდებენ ჯაშუშს, აგენტს ან რეზიდენტს, ის მომავალშიც ამ იარლიყს ატარებს. თუმცა, მისივე თქმით, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა სალომე ზურაბიშვილს ქართული პოლიტიკის პროევროპულ ლიდერად მოიხსენიებს.

კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს განსახვავებული აზრის მქონე მოსამართლეებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ისინი მარტივ საქმესაც ვერ გაუმკლავდნენ და მათ განსხვავებულ მოსაზრებებს „აბსურდული“ უწოდა.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიმართა: „თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს“. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ის პრეზიდენტი გამხდარიყო.

თავის გამოსვლაში, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითხვით მიმართა: „მაინტერესებს თუ, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში, როგორ აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი?“.  

პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება ისტორიაში შევა „არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე“.

„როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო?“, – განაგრძო პრეზიდენტმა.

„ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გაასაღებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ. მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ პარტნიორებს მიმართა და მოუწოდა მათ, რომ „ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად საქართველო არ მიატოვონ, რამეთუ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს“.

პრეზიდენტის თქმით, მისი ერთდაერთი მიზანია, რომ საქართველომ წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მან ხაზი გაუსვა ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანის მიმართ და აღნიშნა, რომ „არავინ არ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე და ვინმე უარს ათქმევინებს მის უალტერნატივო მომავალზე“.

„დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ. ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები  ერთი-ერთში ემთხვევა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის დროს ირაკლი კობახიძემ და „ქართული ოცნების“ კიდევ რამდენიმე დეპუტატმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა დეპუტატების კითხვებს არ უპასუხა.  

სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ, რა დროსაც მან მმართველი პარტია გააკრიტიკა, ლოჟაში მჯდომმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ტაში დაუკრეს. ამის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მათ მიმართა: „მივმართავ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ლოჟაში არიან განთავსებული. თქვენ ხართ აქ დაკვირვებისთვის და არა მონაწილეობისთვის, მათ შორის, რაც შეეხება ტაშს და სხვა გამოხატულებას. ძალიან გთხოვთ, პატივი სცეთ საქართველოს პარლამენტს. ვფიქრობ, საკითხი, რომელსაც დღეს ჩვენ განვიხილავთ, სწორედ ამას ეხება. პატივი უნდა სცეთ კონსტიტუციას, კონსტიტუციურ ორგანოებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ნამდვილად მოეთხოვებათ, რომ უპირველეს ყოვლისა, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს. ამიტომ, მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ. დააკვირდით პროცესს. თქვენ არ ხართ ამ პროცესის მონაწილენი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button