skip to content
ახალი ამბები

ინალ არძინბა: მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილების მასობრივ შემოდინებას არ ველით

ოკუპირებული აფხაზეთის მთავარმა დიპლომატმა, ინალ არძინბამ 25 სექტემბერს მთიანი ყარაბაღიდან სომეხი ლტოლვილების შესაძლო შემოდინების საკითხზე ისაუბრა და ასევე მიმოიხილა, თუ რა შედეგებს მოუტანს განვითარებული მოვლენები დანარჩენ კავკასიის რეგიონს.

არძინბამ განაცხადა, რომ „სიტუაცია სწრაფად ვითარდება“ და აღნიშნა, რომ „კაპიტულაციის“ შედეგად მთიანი ყარაბაღის სტატუსი ფაქტიურად გაუქმებულია. მან ხაზი გაუსვა, რომ „საერთაშორისო სისტემა გარდატეხის სტადიაშია“ და რომ ცვალებად სიტუაციაზე ადეკვატური რეაგირებაა საჭირო. „რა თქმა უნდა, შესაძლოა ამას პირდაპირი გავლენა არ აქვს, მაგრამ რბილად რომ ვთქვათ, ეს ხელს უწყობს რეგიონში, ამიერკავკასიაში, დაძაბულობის ზრდას. არ გვინდა, რომ რაღაც ასეთი ჩვენთანაც მოხდეს“, – განაცხადა არძინბამ.

მთიანი ყარაბაღიდან აფხაზეთში ლტოლვილების შესაძლო შემოდინების შესახებ საუბრისას, არძინბამ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს გარკვეული სავიზო ელემენტები სომხეთის მოქალაქეებთან მიმართებით. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ შესაძლოა იყოს ლტოლვილების შემოდინება, თუმცა პირველ რიგში, თავად სომხეთის რესპუბლიკაში. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ისტორიული კავშირები გვაქვს, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში დიდი სომხური დიასპორაა, ეს სავსებით შესაძლებელია. ეს საკითხი განვიხილეთ. ვვარაუდობთ, რომ ეს არ იქნება მასობრივი მოვლენა და შევეცდებით, რომ სიტუაცია მაქსიმალურად დავაბალანსოთ“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ქმედებებზე საუბრისას, არძინბამ განაცხადა, რომ მან „ფაქტიურად, აღიარა აზერბაიჯანის სახელმწიფო სუვერენიტეტი ამ ტერიტორიაზე, რაც ეწინააღმდეგება თავად სომხეთის ზოგიერთ ნორმატიულ-საკანონმდებლო აქტს და შესაბამის დადგენილებებს. ამიტომ, სიტუაცია, რა თქმა უნდა, რთულია“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button