ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით, ინალ არძინბა მოსკოვში დაბრუნებას გეგმავს

„ტელეგრამის“ არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის მთავარი დიპლომატი, ინალ არძინბა „კოლექტიული დასავლეთის იდეოლოგიურ პროპაგანდასთან“ ბრძოლის მიზნით  მოსკოვში ბრუნდება. სულ ცოტა ერთი აფხაზური საინფორმაციო სააგენტო იტყობინება ანონიმურ „წყაროებზე“ დაყრდნობით, რომ არძინბამ უკვე აცნობა თანამშრომლებს წასვლის გეგმების შესახებ.  

არძინბამ მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლა 2012 წელს დაამთავრა. 2014 წლიდან იგი კრემლში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ, იგი დსთ-სთან, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობებში პრეზიდენტ პუტინის მაშინდელი თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის, თანაშემწე იყო. ამ რანგში, არძინბა უკრაინასთან, მათ შორის, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებთან ურთიერთობების მიმართულებით მუშაობდა.

2021 წლის 17 ნოემბერს, 31 წლის ინალ არძინბამ აფხაზეთის მთავარი დიპლომატის პოსტზე დაურ კოვე ჩაანაცვლა.

კრემლის წესების კვალდაკვალ, არძინბა აქტიურად მუშაობდა საერთაშორისო პროგრამებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობების შეზღუდვის მიმართულებით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და შემდგომი დასავლური სანქციების კონტექსტში, სოხუმს სულ უფრო აშფოთებდა რეგიონული უსაფრთხოების მდგომარეობა. რუსეთის მიერ აფხაზური საკუთრების, მათ შორის კურორტ ბიჭვინთის მიტაცების შესახებ ხმების სამიზნე სწორედ არძინბა იყო, რადგანაც ის ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ყოფნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად ითვლებოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება სწორედ მისი აქტიური მონაწილეობით გაფორმდა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button