საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო: მაღალი დონის კორუფციის პრობლემა მწვავეა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევევის განახლებადი სია გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენელები და მათი ნათესავები ფიგურირებენ. სია მუდმივად განახლებადია და ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის კუთხით არსებულ ვითარებას ასახავს.
სიაში შედის მაღალი დონის კორუფციის 144 სავარაუდო შემთხვევა, სადაც მინიმუმ 160 მაღალი თანამდებობის პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, მათ შორის: 13 მოსამართლე, 27 პარლამენტის წევრი, 27 პრემიერ-მინისტრი, მინისტრი და მათი მოადგილეები, 53 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი.
ორგანიზაციის შეფასებით, კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით, ხოლო ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის – თითქმის სრული დაუსჯელობით ხასიათდება და „სამწუხაროდ… უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსზე (CPI) დაყრდნობით, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე „სახელმწიფოს მიტაცების“ განმარტებაში ჯდება.
ამასთან ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იმის აღნიშვნის საფუძველს იძლევა, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები პოლიტიკურ ძალაუფლებას ქვეყნის სიმდიდრის მითვისების მიზნით იყენებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე არაერთი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო შეფასებები და ჟურნალისტური გამოძიებები მიუთითებენ, ამას საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ, „განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ“.
„რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ“, – აცხადებს ორგანიზაცია.
მისი ინფორმაციით, მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს გადაეცეს, როგორც ამას ევროპარლამენტი, ევროკომისია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელი (OECD/ACN) ითხოვენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განახლებული სია მოიცავს:
- სავარაუდო კორუფციულ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია აშშ-ის მიერ ცოტა ხნის წინ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან;
- პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებისთვის გამოყენებას;
- პრემიერ-მინისტრის საგვარეულო მამულის გაფართოებას და დაუსაბუთებელ ქონებას;
- პრემიერ-მინისტრის მეუღლის ძვირადღირებულ წვეულებას;
- საგარეჯოს მერიის საეჭვო ტენდერებს;
- ქუთაისის მერიის მიერ ახალ კომპანიასთან მსხვილი კონტრაქტის გაფორმებას;
- ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს საეჭვო შესყიდვებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 10/07/2023 – „TI საქართველო“ აქვეყნებს კვლევას აჭარაში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ
- 12/06/2023 – TI საქართველო: 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს
- 12/04/2023 – „TI-ის“ ვარაუდით რუსეთის მოქალაქეები ბათუმთან საცხოვრებელი უბნის აშენებას კორუფციული გზებით ცდილობენ
- 25/03/2023 – „TI საქართველო“: თანამდებობის პირების ყოველი მე-2 დეკლარაცია დარღვევეითაა შევსებული
- 17/03/2023 – „TI საქართველო“: საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე რეჟიმში იღებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)