skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 20 სახელმწიფო უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებს.

ორგანიზაციის თქმით, მათ შორის არიან ისეთი მნიშვნელოვანი უწყებები, როგორებიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და სხვა.

მაგალითისთვის, 2020-2023 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 338 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება. მთავრობის ადმინისტრაციამ 26 შესყიდვაზე მოითხოვა გამარტივებული გზით განხორციელების უფლება, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11-ზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი 41-ზე.

გასულ წლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არაერთხელ აღნიშნავდა, რომ გარკვეული სახელმწიფო უწყებების მიერ გამარტივებული შესყიდვის გზით დადებული კონტრაქტები სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში არ ქვეყნდება, რასაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ტექნიკური ხარვეზით ხსნიდა. სააგენტოს თქმით, ის ამჟამადაც ახორციელებს ქმედებებს ტექნიკური ხარვეზების სრულად აღმოფხვრის მიზნით. ამასთან ერთად, სააგენტო აღნიშნავს, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის ახალი კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რაც კანონში ასახული სიახლეების დანერგვისთვის შესყიდვების ელექტრონული სისტემის სრულ მოდიფიცირებას ისახავს მიზნად.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ განხორციელებული კვლევები ადასტურებს, რომ გამოუქვეყნებელი კონტრაქტების პრობლემა ნაწილობრივ აღმოიფხვრა. 2017 წელს 50-მდე უწყების კონტრაქტები არ ქვეყნდებოდა, ახლა კი ასეთ უწყებების რიცხვი 20-ია. „თუმცა, ეს არ ამართლებს იმას, რომ ჩვენს მიერ ამ პრობლემაზე პირველად დაწერიდან 6 წლის შემდეგაც 20 უწყების, მათ შორის მსხვილი უწყებების კონტრაქტები ისევ არ ქვეყნდება. 6 წელი საკმარისზე მეტი დროა ტექნიკური ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. კონტრაქტების გაუმჭვირვალობა კორუფციული რისკების მონიტორინგს შეუძლებელს ხდის“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და შემსყიდველ ორგანიზაციებს, „მეტი ყურადღება მიაქციონ გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს“.

ორგანიზაციის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება, რის შედეგადაც სახელმწიფო შესყიდვების პროცესში შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი საჯაროობის სტანდარტების დარღვევა სამართალდარღვევად უნდა იქნეს მიჩნეული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button