ახალი ამბები

სამთავრობო თვითმფრინავით პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტს შეერთებულ შტატებში მწვავე კრიტიკა მოყვა  

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენებას ოჯახის წევრებთან ერთად შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად სკანდალი მოყვა. სკანდალი იმით დაიწყო, რომ მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა 7 სექტემბერს „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „კონკრეტული მედიასაშუალებები ცდილობენ სკანდალის აგორებას იმასთან დაკავშირებით, რომ  აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ში  გაემგზავრა  საკუთარ შვილთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა“. გიორგობიანი წერს, რომ ამ ფაქტში სკანდალური არაფერია, მით უმეტეს „არც კანონი დარღვეულა და  არც სახელმწიფო ხარჯები გაწეულა“.

მან განმარტა, რომ „პრემიერ-მინისტრი კერძო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და მისი მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი ყოველწლიურად ავსებს ქონებრივ დეკლარაციას, სადაც ასახულია ყველა გაწეული ხარჯი, შესაბამისად, „დაელოდეთ შემდეგი დეკლარაციის გამოქვეყნებას“. გიორგობიანს პოსტის გამოქვეყნებისკენ მიმდინარე ჟურნალისტურმა გამოძიებამ უბიძგა.

მას შემდეგ, რაც გაჩნდა კითხვები აშშ-ში პრემიერ-მინისტრ ჩარტერულ ფრენასთან დაკავშირებით, მთავრობის „სტრატკომმა“ განმარტა, რომ ღარიბაშვილის ჩარტერული ფრენა განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტებმა სამთავრობო თვითმფრინავის სრული ფრენის მარშრუტი მოიპოვეს, რომელიც ადასტურებს, რომ თვითმფრინავი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა 19 აგვისტოს შვებულების დროს პირადი მიზნებისთვის გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის და მას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ მართავს. პილოტიც და ბორტგამცილებლებიც „ჯორჯიან ეარვეისის“  ხელმძღვანელის, თამაზ გაიაშვილის თანამშრომლები არიან. გაიაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილი მიუნხენში „ჯორჯია ეარვეისის“ თვითმფრინავით გაემგზავრა. მან ტელეკომპანია „პირველის“ საგამოძიებო ჯგუფს ასევე განუცხადა, რომ მას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ დაავალა პრემიერ-მინისტრის მიუნხენში წაყვანა და უკან ჩამოყვანა.

9 სექტემბერს ტელეკომპანია „იმედმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადება გაავრცელა, სადაც ის აცხადებს, რომ პრემიერის ვიზიტი აშშ-ში კომერციული იყო და შესაბამისად, ხარჯები ბიუჯეტიდან არ ანაზღაურებულა.

„ჩვენი თვითმფრინავი იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. ამ სააგენტოს აქვს სრული უფლება მიიღოს როგორც სამთავრობო სტრუქტურებიდან და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან სხვადასხვა ფორმით შემოსავლები. ეს ვიზიტი იყო კომერციული ხასიათის, რომელიც თავიდანვე დავალებაში იყო მოცემული და რა თქმა უნდა, ანაზღაურება მოხდებოდა არასაბიუჯეტო ორგანიზაციის ან კერძო პირის მიერ“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, „საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ვალდებულია და მათ შორის არა მარტო პრემიერის, არამედ ყველა მისი დასაცავის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოახდინოს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის გარეთ“.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 10-მდე მგზავრი იმყოფებოდა: პრემიერ ღარიბაშვილი, მისი ოჯახის რამდენიმე წევრი და პირადი დაცვა.

უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრი არამარტო, სავარაუდოდ, სამთავრობო თვითმფრინავით გაფრინდა დასასვენებლად, არამედ ტვ „პირველის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, თვითმფრინავი, რომელმაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში წაიყვანა, გერმანიის აეროპორტში მთელი კვირა იდგა, სანამ ის აშშ-ის იმყოფებოდა. გაიაშვილის მტკიცებით, თვითმფრინავი იქ იყო „ტექნიკური მომსახურებისთვის“ იდგა.

პრემიერ-მინისტრი თბილისში 28 აგვისტოს შუადღისას დაბრუნდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა დაუჯდა პრემიერ-მინისტრს შვილთან ერთად აშშ-ში მოგზაურობა. 2022 წლის ოქტომბერში წარდგენილი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური ხელფასი დაახლოებით 45 000 ლარი იყო. დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ მან მშობლებისგან „საჩუქრად“ 150 000 ლარი მიიღო.

ტვ „პირველის“ ჟურნალისტური გამოძიების ეთერში გასვლის შემდეგ, სამთავრობო სტრატკომმა კიდევ ერთი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ არხის სიუჟეტი არის „დეზინფორმაცია“, რომელსაც ტელეკომპანიამ „მიზანმიმართულად“ გაავრცელა და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სტრატკომმა გაიმეორა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, კომერციული იყო და რომ „კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button