„TI საქართველო“: საქართველოს მთავრობა გადაწყვეტილებებს გაუმჭვირვალე რეჟიმში იღებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) 17 მარტს, გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს მთავრობას გაუმჭვირვალე რეჟიმში გადაწყვეტილებების მიღების გამო აკრიტიკებს. ორგანიზაციის განცხადებით მთავრობამ 2022 წელს 47 სხდომაზე 372 განკარგულების პროექტი განიხილა, „რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა“. ამავდროულად, მთავრობამ არ უპასუხა ინფორმაციის გამოთხოვაზე მათ მიერ წარდგენილ 47 საჯარო წერილს.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ განკარგულებების მნიშვნელოვანი ნაწილი (150) „კონკრეტული პირებისთვის სახელმწიფო ქონების სხვადასხვა ფორმით გადაცემას ეხებოდა, რაც კორუფციული რისკის შემცველია“. „ამ რისკს ამყარებს სახელმწიფო ქონების სავარაუდო უკანონო გადაცემასთან დაკავშირებით გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ წარსულში გამოვლენილი შემთხვევების არსებობაც“, – განმარტავს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და ხაზს უსვამს, რომ „ამ მიდგომით, მთავრობა, არამხოლოდ ამცირებს მისდამი ნდობას, არამედ აჩენს ეჭვს, რომ მიზანი პრობლემური გადაწყვეტილებების დამალვა შეიძლება იყოს“.
უფრო მეტიც, ორგანიზაციის შეფასებით, გაუმჭვირვალეობით მთავრობა სხვა საჯარო დაწესებულებებს ცუდ მაგალითს აძლევს და რამდენიმე სამართლებრივ აქტსაც არღვევს. ესენია: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მუხლები საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე; მთავრობის რეგლამენტი, განკარგულებების მაქსიმუმ 3 დღეში ვებგვერდზე ატვირთვასთან დაკავშირებით; მთავრობის დადგენილება, ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას: უარი თქვას განკარგულებების დამალვის მავნე პრაქტიკაზე; შეასრულოს კანონის მოთხოვნა და გამოაქვეყნოს ყველა დოკუმენტი როგორც მის ოფიციალურ ვებგვერდზე, ისე საკანონმდებლო მაცნეზე; დაიცვას საჯარო ინფორმაციის გაცემის კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.
ასევე წაიკითხეთ:
- 14/03/2023 – საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ IDFI-ის 2022 წლის ანგარიში
- 28/02/2023 – „TI საქართველო“: პოლიტიკური შემოწირულებების 50% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო
- 22/02/2023 – „TI საქართველო“: 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა
- 16/01/2023 – IDFI საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ნაკლოვანებებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)