პაველ ჰერჩინსკი: „გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება“
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა 26 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. საუბარი შეეხო აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად დაწესებული ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილ ცვლილებას. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ „ცვლილების განხორციელების მიზანი საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესის სრულყოფა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა“.
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუდმივ კომუნიკაციაშია კომერციულ ბანკებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დროებით შეჩერებული პროგრამის განახლების აუცილებლობას.
შეხვედრის შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა: „ჩემი მხრიდან ხაზი გაესვა სებ-ის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ზოგადად, ძლიერი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის საჭიროებას, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც ერთ თვეში ევროკომისია საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს გამოაქვეყნებს… 12 პრიორიტეტიდან მეორე პრიორიტეტში კონკრეტულად საუბარია ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებზე“.
მისივე თქმით, „მიკრო-საფინანსო სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის დახმარების ყველა მიმღებისთვის“. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სსფ-ის პროგრამა განახლდება და რომ ეს დაეხმარება ევროკავშირს, განაგრძოს სტაბილური თანამშრომლობა და პირდაპირი, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება საქართველოსთვის.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/09/2023 – სსფ იმსჯელებს, თუ რა პოტენციურ შედეგებს მოუტანს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება საქართველოს
- 20/09/2023 – სალომე ზურაბიშვილი ნათია თურნავას გადადგომისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)