skip to content
ახალი ამბები

დასაქმების საგანგაში პრაქტიკა კვაზი-სამთავრობო სტრუქტურებში

რადიო „თავისუფლების“ საგამოძიებო მასალაში, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა (სსიპ)და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (ა(ა)იპ) დასაქმების პრაქტიკას შეისწავლის, ორმაგი დასაქმების შემთხვევები და დასაქმებულთა გაურკვეველი მოვალეობები გამოვლინდა.   

საგამოძიებო სტატია აღწერს გავრცელებულ პრაქტიკას იმ პირების მიმართ, რომლებიც ერთდროულად იკავებენ თანამდებობებს ამ დაწესებულებებში და იმავდროულად სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებშიც მუშაობენ, რაც საჯარო რესურსების ეფექტურად გამოყენებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს.

ხულოს მუნიციპალიტეტი

საგამოძიებო სტატიაში აღწერილია ისეთი შემთხვევები, როდესაც ხულოს საკრებულოს (აჭარის რეგიონი) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე მუზემშიც მუშაობს, ხოლო ფოლკლორული საარქივო მასალების ჩაწერა-დამუშავების ტექნიკური მუშაკი ამავდროულად წყალკანალის თანამშრომელია.   

ხულოში მერიის შიდა აუდიტმა 2021 წელს მნიშვნელოვან დარღვევად მიიჩნია, რომ მერიის მიერ შექმნილ ა(ა)იპ “ხულოს კულტურის ცენტრში”, სულ მცირე, 18 ისეთი ადამიანი მუშაობდა, ვინც პარალელურად სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებშიც სრული განაკვეთით იყვნენ დასაქმებულები. ეს სიტუაცია მნიშვნელოვან დარღვევად შეფასდა.

ხულოს კულტურის ცენტრი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაარსებული ორგანიზაციებიდან ყველაზე მეტ თანამშრომელს ითვლის, საბავშვო ბაღების გაერთიანების შემდეგ.

ხულოს კულტურის ცენტრში, საანგარიშო პერიოდში მომუშავე 169 ადამიანის ხელფასებს საერთო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ხმარდებოდა. აუდიტის თანახმად, ამ ცენტრის ბიბლიოთეკებში, თანამშრომლები არ დადიოდნენ.

ხულოს მუნიციპალიტეტში, სადაც 27 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მერიის მიერ დაფუძნებულ 10 ა(ა)იპ-ში ჯამში 800 ადამიანია დასაქმებული და ხულოს ბიუჯეტის თითქმის 30% აიპებში დასაქმებულების ხელფასებს ხმარდება. 2015 წელთან შედარებით ხულოში აიპების შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგებულია, რაც ავტომატურად გაზრდილ სახელფასო ფონდს ნიშნავს.

ხულოს მუნიციპალიტეტი ერთადერთი არ არის, სადაც მერიის მიერ შექმნილ ორგანიზაციებში თანამშრომელთა მატება თვალშისაცემია. ხულოს მუნიციპალიტეტი გამონაკლისია მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ მან უარი არ თქვა შიდა აუდიტის დასკვნის საჯარო ინფორმაციის წესით გაცემაზე. მუნიციპალიტეტები აუდიტის დასკვნების გაცემაზე ძირითადად უარს ამბობენ იმ არგუმენტით, რომ ეს არის „სამუშაო დოკუმენტი“. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2015-2017 წლებში სასამართლო დავაც კი აწარმოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რომლის შედეგადაც, სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადგინა, რომ “ანგარიშგება და კონტროლი საბიუჯეტო პროცესის განუყოფელი ნაწილია და ყველას აქვს უფლება, იცოდეს საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები”.

ახალციხის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები

რადიო „თავისუფლებამ“ შეძლო ასევე მოეპოვებინა ტყიბულის და ახალციხის მუნიციპალიტეტების ანგარიშებიც, სადაც მნიშვნელოვანი პრობლემები გამოვლინდა. მაგალითად, ახალციხეში დამლაგებელი და პიანინოს ამწყობი მონაწილეობას იღებენ სასწავლო გეგმების შემუშავებაში.

ახალციხეში, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი სამუსიკო სკოლის დასაქმებულების შრომით ხელშეკრულებებში არ არის მითითებული არც შრომის ანაზღაურება და არც სამუშაოს აღწერა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებაში, რომელიც ორასამდე თანამშრომელს ითვლის, აუდიტის თანახმად, „ზოგიერთი დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაო (განსაკუთრებით ადმინისტრაციაში) გაურკვეველია, ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად საერთოდ არ არის დატვირთული“. 

არასამთავრობოების კრიტიკა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მიმართ

კორუფციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ეფექტურობისა და მათი საჭიროების შესახებ.

მათ არაერთხელ მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ ნეპოტიზმისა და კორუფციის რისკების შესამცირებლად, სამინისტროებსა და სსიპ-ებში არსებულ დასაქმების პრაქტიკას გადახედოს.

უფრო მეტიც, არასამთავრობოები ამტკიცებდნენ, რომ მმართველი პარტია ა(ა)იპ-ების მართვაში გამჭვირვალობის ნაკლებობას ადმინისტრაციული რესურსების გასაზრდელად იყენებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button