ახალი ამბები

პოლიტიკოსთა შეფასებები ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებაზე

14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 150-ზე მეტ კომპანიასა და კერძო პირს სანქციები დაუწესა. მათ შორის მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული პირი, ოთარ ფარცხალაძე. საქნციების მიზანია აღკვეთოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება, ხელი შეუშალოს რუსეთის წვდომას ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ რესურსებზე, რომლებიც პუტინს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარება, და, ზოგადად, აღკვეთოს რუსეთის მავნებლური საქმიანობა.

ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას მმართველი პარტიისა და ოპოზიციის გამოხმაურება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ხელისფულების გადაწყვეტილებით მოცემული საკითხის შესწავლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკვე მიმდინარეობს. „სამოქალაქო საქართველო“ ფარცხალაძის დასანქცირებაზე მხარეთა შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე:   „ოთარ ფარცხალაძეს უკვე ათი წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე, ის, როგორც კერძო პირი არის მოხვედრილი ამ სანქციებში. ამავე დროს, ეს არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც ამ სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში… შესაბამისი უწყებები ამ საკითხს, რა თქმა უნდა, შეისწავლიან და საზოგადოებას ექნება ამაზე ინფორმაცია… ერთადერთი სუბიექტი, ვინც გავლენას ახდენს ხელისუფლებაზე, ეს არის ქართველი ხალხი და ამას ხედავს ქართველი ხალხი. რა თქმა უნდა, არის ბევრი აქტორი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მოახდინოს გავლენა, ეს არ არის მხოლოდ რუსეთი, და ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით არის საქართველოზე გავლენის მოხდენის მცდელობა, ზეწოლა… იცით, რომ [ფარცხალაძე] წინა ხელისუფლების დროს დიდი ხნის განმავლობაში საჯარო სექტორში მუშაობდა, 2013 წლის შემდეგ მას ხელისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს…“.

კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისი მერი: „პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა… დღეს მოვისმინეთ განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და იმ შეხვედრებზე, რომლებიც შემდგარა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მადლობებიც კი მიგვიღია… ოთარ ფარცხალაძე სისტემაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. მგონი, ის უკვე 9-10 წელია საჯარო სამსახურში არ საქმიანობს, დაკავებულია კერძო საქმეებითა და ბიზნესებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ყველა შემთხვევაში“.

გიორგი ვოლსკი, „ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „თუ რამე ჩადენილი აქვს, ისე როგორც სხვა შემთხვევაში სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. საქართველო არ არის ის ტერიტორია, სადაც სანქციებს არიდებს თავს რუსეთი ან რუსეთში მოღვაწე ნებისმიერი ბიზნესმენი. 2013 წლის შემდეგ იგი [ოთარ ფარცხალაძე] სახელმწიფო სტრუქტურების სიახლოვეს საერთოდ არ გამოჩენილა…  ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გადაუხვევს იმ კანონს, იმ წესრიგს, რომელიც საქართველოში მკაცრად მოქმედებს, რა საკვირველია, შესაბამისი სტრუქტურის ინტერესის საგანი გახდება. ამის შემდეგ რა მოხდება, შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა იმსჯელონ“.  

ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნება“: „ჩვენ, ყოველთვის გვჭირდება კონკრეტიკა. გავლენა ვიღაცას ვიღაცაზე ყოველთვის აქვს, მაგრამ აქ, რა შუაშია მთავრობა, „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია. ადამიანი 11 წლის წინ რამდენიმე თვის განმავლობაში გენერალური პროკურორი იყო, მის მერე აღარ არის საჯარო სამსახურში, პოლიტიკაში და არის კერძო პირი“.

გურამ მაჭარაშვილი, მოძრაობა „ხალხის ძალა“: „უცნაური ის არის, რომ ამერიკელები რუს ბიზნესმენებს უხსნიან სანქციებს, მათივე ინფორმაციით, რუსეთის სამ მოქალაქეს მოუხსნეს სანქციები და დაასანქცირეს საქართველოს მოქალაქე… ფარცხალაძე უკვე ათი წელია აღარ არის საჯარო სამსახურში, ის არის რიგითი მოქალაქე და რიგით მოქალაქეს როცა ასანქცირებ, აქ რაღაც საფუძვლები და არგუმენტები უნდა გქონდეს. შესაბამისი უწყებები ამას შეისწავლიან და საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას რამდენად იყო ეს შესაბამისობაში“.

აღსანიშნავია, რომ მოძრაობა „ხალხის ძალა“ დღეს წერილითაც გამოეხმაურა ფარცხალაძეს დასანქცირებას. წერილში ვკითხულობთ: „სანქციის მიზეზის განმარტება იმდენად არასერიოზულია, რომ გადაწყვეტილების უკან აშკარად სრულიად სხვა პოლიტიკური მოტივი  იკითხება. გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე, მით უმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არცერთხელ არ გამოჩენილა. დავით კეზერაშვილისგან განსხვავებით, არც პარტიებს, „ენჯეოებს“ აფინანსებს და არც მედიასაშუალებებს ფლობს. ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა ბუნებაში არ არსებობს და აშკარაა, რომ ვიღაცას ამ ყველაფრის გამოგონება კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დასჭირდა“.

ოპოზიციის შეფასება

პეტრე ცისკარიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „გატარდეს ანალოგიური, იდენტური ეკონომიკური და კომერციული სანქციები ფარცხალაძის შემთხვევაში, დაყადაღდეს ქონება, შეეზღუდოს საბანკო ანგარიშებზე წვდომა, ეს არის ჩვენი მოთხოვნა“.

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ქართული ოცნება ცდილობს ფარცხალაძე წარმოაჩინოს უკვე გადამდგარ, პენსიონერ ჩინოვნიკად, რომელსაც არანაირი გავლენა პროცესზე არ აქვს, მაშინ როცა ის დასანქცირებულია რუსეთის ფედერალური სამსახური მაღალი რანგის ოფიცერ ონიშენკოსთან ერთად… უნდა მოხდეს გამოძიება, ვინ იყო, რა ჯგუფთან ერთად მოქმედებდა ფარცხალაძე და რა საშუალებებით და ფორმებით ახდენდნენ გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუსეთის სასარგებლოდ“.

რომან გოცირიძე, საპარლამენტო ჯგუფი „ევროოპტიმისტები“:  „გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის კატასტროფული ინფორმაცია, ვინაიდან ქვეყნის მთავარი პროკურორი ყოფილა რუსეთის აგენტი… სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება, ვინ არის რეკომენდატორი, ივანიშვილს ვინ გააცნო ფარცხალაძე… ასეთ სკანდალურ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თუ გამოძიება არ დაიწყო, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში, აი, ამ შენობაშიც [პარლამენტი] არიან რუსეთის აგენტები“.

სალომე სამადაშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „ბიძინა ივანიშვილის კლანის ერთერთი წევრი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან პირდაპირ ბრალდებულია რუსეთის შეიარაღების ხელშეწყობაში… ჩვენ მრავალი წელია ვამბობთ რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა ყველაფერი, რათა ქვეყანაში შეუფერხებლად აძლიერებდეს საკუთარ გავლენას რუსეთი და ამ სანქცირების მიღების გადაწყვეტილებით ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა“.

ხათუნა სამნიძე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“: „ფარცხალაძე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ფილტრი გაიარა და სუს-მა ვერ ან არ აღმოაჩინა, რომ ის პირდაპირ კავშირში იყო რუსეთთან  და რუსეთის გავლენების გასატარებლად საქართველოში მუშაობდა. რა თქმა უნდა, ის ამ პროცესში მარტო არ იქნებოდა… დღეს იმაზე ხაზგასმა, რომ ის არის კერძო პირი, სახიფათო მგონია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებისთვის. კერძო პირია ბიძინა ივანიშვილიც“.

ცოტნე კობერიძე, „გირჩი – მეტი თავისუფლება“: „კაცი ბოტასის ქურდობისთვის ასე დაწინაურდეს და ამ მასშტაბის კრიმინალი გახდეს „ქართული ოცნების“ გარეშე შეუძლებელია… ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ცხადია, ფარცხალაძე „ქართული ოცნების“ დასაყრდენია… ფაქტიურად ბიძინა ივანიშვილის ერთი ხელი დასანქცირდა, რასაც ჩემი აზრით მოჰყვება, ის, რომ ბიძინაც დასანქცირდეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button