skip to content
დაწვრილებით

პრემიერი და პრეზიდენტი: იმპიჩმენტის პროცედურები

მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების სათავეში ორი შესაძლო იმპიჩმენტის პროცესია: ერთი პრეზიდენტის, ხოლო მეორე პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ. ამ მოვლენებმა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა აწია და კიდევ უფრო გააღრმავა პოლარიზაცია.

საკონსტიტუციო ჩარჩო: საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციის დარღვევის ან ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძვლით საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს (50 დეპუტატი). საკითხი გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელიც მას განიხილავს და პარლამენტს დასკვნას წარუდგენს ერთი თვის ვადაში. პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის ბარიერი უფრო დაბალია და 76 დეპუტატის მხარდაჭერას მოითხოვს, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი: 1 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ. იმპიჩმენტის პროცედურა კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებებს ეფუძნება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ვიზიტებით საკუთარ კონსტიტუციურ უფლებამოსილებას გადააჭარბა, რაც, მათი თქმით, არღვევს კონსტიტუციის 52-ე მუხლს, რომელიც განმარტავს: „პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს…“. „ქართულმა ოცნებამ“ უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების თაობაზე საკონსტიტუციო შუამდგომლობით, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს. კონსტიტუციის თანახმად, ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში რეგისტრაციის პროცესი დაიწყება.

პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი: 10 სექტემბერს, ოპოზიციამ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცესის დაწყების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც Georgian Airways-ის დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ აშშ-ში მიმავალმა ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი გამოიყენა ევროპაში პირადი მოგზაურობისთვის. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სისხლის სამართლის დანაშაულია.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე პრემიერ-მინისტრის მსგავსი მაღალჩინოსნებისთვის საქართველოს იმპიჩმენტის პროცედურას განმარტავს:  

  • იმპიჩმენტის პროცესში ოპოზიციამ უნდა მოამზადოს დოკუმენტი, სადაც დაასაბუთებს საკუთარ პოზიციას, უნდა ჩამოწეროს არგუმენტები და წარმოადგინოს მტკიცებულებები, თუმცა ეს არ არის ის სტანდარტი, რაც, მაგალითად, პროკურორს მოეთხოვება, ვინაიდან დეპუტატებს არ შეუძლიათ იმ დონის გამოძიების ჩატარება და შესაბამისი ბრალდების მომზადება, რაც სამართალდამცავ სისტემას.
  • საკონსტიტუციო სასამართლო არ ადგენს იმას პრემიერმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული. ის მხოლოდ ამ კითხვას პასუხობს: არის თუ არა პრემიერის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
  • საკონსტიტუციომ შეიძლება დადებითი დასკვნა გასცეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პირმა მართლა ჩაიდინა დანაშაული. საკონსტიტუციოს ამ დასკვნის შემდეგ შეიძლება სისხლის სამართლის პროცესის მიზნებისთვის პირი გამართლდეს და ამაში არაბუნებრივი არაფერია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button