ევროპელი პარტნიორები ეხმაურებიან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაანონსებას
ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება წამოიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, ევროპელი პარტნიორებისგან რეაქციები მოჰყვა. მმართველმა გუნდმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეზიდენტმა მთავრობის უარის მიუხედავად მთელი რიგი საერთაშორისო ვიზიტები დაგეგმა, რათა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას .
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, აბსურდულ ნაბიჯად აფასებს. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ იგი არ არის დაინტერსებული არც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებით და არც საქართველოს ევროპული მომავლით,“ – წერს ევროპარლამენტარი.
“შოკირებული ვარ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო” წერს ტვიტერზე მარკეტა გრეგოროვა. მისი თქმით, თუ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი სურს, იგი უნდა მიესალმებოდეს ამ მოლაპარაკებების და არ ეშინოდეს მათი შედეგის.
ევროპარლამენტარმა თიის როიტენმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის „სასაცილო და ამავდროულად სამწუხარო“. „მთავრობა პრეზიდენტს ადანაშაულებს კონსტიტუციის დარღვევაში, რადგან მას სურს იმუშაოს ქვეყნის ევროპულ მომავალზე, რომელიც ასახულია… კონსტიტუციაში!“ აცხადებს ის.
„ქართული ოცნება” ქართველი ხალხის ევროპულ ოცნებას ემუქრება. სოლიდარობას ვუცხადებ სახელმწიფოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ნამდვილ ევროპელ ლიდერს”, – წერს ტვიტერზე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როტი. როტმა დასძინა რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას არა პრეზიდენტი არამედ მისი იმპიჩმენტის მცდელობა და ქართული ოცნების მიერ “საქართველოს ორბანიზაცია” ემუქრება.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/08/2023 – მთავრობამ პრეზიდენტს საერთაშორისო ვიზიტებზე ოფიციალური უარი უთხრა
- 14/04/2023 – პრეზიდენტმა ევროპარლამენტში გამოსვლისთვის სტრასბურგში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)