ახალი ამბები

საქართველოში ვიზიტის წინ ბორელი გაფართოების ვადების დადგენას ემხრობა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეპ ბორელმა მხარი დაუჭირა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივას ევროკავშირის გაფართოებისთვის ვადების დადგენის თაობაზე. ესპანეთში ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში საუბრისას, ბორელმა განაცხადა, რომ პოლიტიკური პროცესისთვის ბიძგის მისაცემად პოლიტიკური მიზნისა და ჰორიზონტის დაფიქსირებაა საჭირო.

მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი ვადები საშუალებას მისცემს ევროკავშირს მზად იყოს გაფართოებისთვის, რაც შესაძლოა ევროკავშირის კიდევ ათ პოტენციურ წევრს შეეხოს. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტმა უკრაინაში დააჩქარა ევროკავშირის გაფართოება, თუმცა დასძინა, რომ ეს კვლავაც დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია.  

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში 7-8 სექტემბერს იგეგმება. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-რელიზის თანახმად, ბორელის ვიზიტის ფარგლებში საუბარი შეეხება საქართველოს პროგრესს ევროინტეგრაციის გზაზე და მოხდება აზრების გაცვლა უფრო ფართო საგარეო პოლიტიკურ და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში, ბორელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდება. ასევე დაგეგმილი ერთობლივი პრეს-კონფერენციის გამართვა პრემიერ-მინისტრთან. ბორელი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც შეხვდება.  

ვიზიტის ფარგლებში აღინიშნება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მე-15 წლისთავი, სადაც ხაზი გაესმევა ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მონაწილეობას მიიღებს მისიის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button