ახალი ამბები

თბილისი ათენის „გაფართოების“ სამიტს არ დაესწრო

ათენის სამიტზე ევროკავშირის სხვა ასპირანტ ქვეყნებთან ერთად თბილისის არყოფნამ მედიაში აჟიოტაჟი გამოიწვია. დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, რომელთაც „სამოქალაქო საქართველო“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა, 23 აგვისტოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ახსნა-განმარტებისთვის საბერძნეთის ელჩის დაბარება იგეგმება.   

სამიტი, რომელიც საბერძნეთის მთავრობის ინიციატივით გაიმართა, თესალონიკში 20 წლის წინ გამართული ევროკავშირი-ბალკანეთის ქვეყნების სამიტის გაგრძელებაა. ამჯერად, სამიტს ასევე ესწრებოდნენ მოლდოვისა და უკრაინის ლიდერები. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, რომელთაც მას „ევროკავშირის გაფართოების შესახებ არაფორმალური შეხვედრა“ უწოდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრაზე თბილისის დაუსწრებლობის შეფასებისას განაცხადა, რომ ეს არ იყო ევროკავშირის ღონისძიება და დასძინა, რომ მისი მთავარი თემა არა ევროკავშირის გაფართოება, არამედ უკრაინაში ომი იყო. მისი თქმით, სწორედ ამით აიხსნება სამიტზე კიევისა და კიშინიოვის მიწვევა.

ბრიუსელში ანონიმურ დიპლომატებზე დაყრდნობით, რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტი იტყობინება, რომ სამიტზე საქართველოსა და ევროკავშირის კიდევ ერთი ასპირანტი ქვეყნის, თურქეთის არმიწვევამ დაბნეულობა გამოიწვია. მაშინ როცა ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ საბერძნეთმა მოსაწვევი ანკარასაც გაუგზავნა და თბილისსაც, სხვებმა თქვეს, რომ ისინი არ იყვნენ მიწვეული, რადგან უკრაინა და მოლდოვა „უფრო წინ არიან წაწეულნი გაწევრიანების გზაზე“.

თბილისში მიმომხილველები ასევე გააღიზიანა ფრაზამ ათენის დეკლარაციიდან, რომელშიც ნათქვამია: „დასავლეთ ბალკანეთს, უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას, რომელთაც გეოგრაფიული სიახლოვე აკავშირებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, აქვთ საერთო ევროპული მემკვიდრეობა, ისტორია და მომავალი, რომელთაც საერთო შესაძლებლობები და გამოწვევები განსაზღვრავს“.  „გეოგრაფიულად მომიჯნავე“ ქვეყნების პრიორიტეტულად ხსენება აღქმული იქნა როგორც საყვედური საქართველოს მიმართ, რომელსაც ევროკავშირთან მხოლოდ საზღვაო საზღვარი აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button